Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატებთან თამაშით „ალაბუგაში“ - როგორ იტყუებენ მოზარდებს დრონების ასაწყობად ცენტრალური აზიიდან რუსეთში


უკრაინელი ოფიცერი მიუთითებს თერმობარიულ მუხტზე, რომელიც ჩამოგდებული „შაჰედის“ დრონიდან ამოიღეს, დრონი რუსეთიდან მოფრინდა. 2024 წლის 14 ნოემბერი
უკრაინელი ოფიცერი მიუთითებს თერმობარიულ მუხტზე, რომელიც ჩამოგდებული „შაჰედის“ დრონიდან ამოიღეს, დრონი რუსეთიდან მოფრინდა. 2024 წლის 14 ნოემბერი

გოგონებსა და ბიჭებს ცენტრალური აზიიდან რუსეთის თათრეთის ეკონომიკურ ზონა „ალაბუგაში“ ნათელი მომავლის დაპირებით სასწავლებლად და სამუშაოდ იწვევენ. 16-17 წლის ახალგაზრდებს რუსეთში უფასო გადაფრენით, დღისით კოლეჯში უფასო სწავლებით, საღამოობით საწარმოში მუშაობითა და კარგი ხელფასით იზიდავენ.

მათ არავინ ეუბნება, რომ „ალაბუგაში“ სამხედრო უპილოტო აპარატები უნდა ააწყონ, უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად.

„ალაბუგის პოლიტექნიკური“ სარეკლამო ბუკლეტებს ყაზახეთის სკოლებსა და კოლეჯებში არიგებს. ყირგიზეთში „ალაბუგის“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული. „ალაბუგის“ კოლეჯის რეკლამას უკვე აკეთებენ ტაჯიკი გოგონებიც.

რადიო თავისუფლების ყაზახური და ყირგიზული სამსახურები ახალგაზრდების გადაბირების კვალს გაჰყვნენ. მშობლებთან დალაპარაკების შემდეგ ჟურნალისტებმა გადაბირების კამპანიის შთამბეჭდავი მასშტაბი და უცნაური დეტალებიც აღმოაჩინეს, მათ შორის, ვირტუალური კატების გამრავლება, ყიდვა-გაყიდვა - კოლეჯში შესარჩევი კონკურსის ნაწილი.

სამირა (სახელი შეცვლილია), რომელიც ყირგიზეთში, ჩუის ოლქში ცხოვრობს, ქალიშვილის რუსეთში, „ალაბუგაში“ სასწავლებლად გაშვებას აპირებდა. თავიდან საფრთხე არ უეჭვია, „ალაბუგის“ ბუკლეტებს ხომ სკოლებში არიგებდნენ, მაგრამ მაინც გადაწყვიტა მეტი გაეგო.

„მოვძებნე ინფორმაცია თათრეთში ამ დაწესებულების შესახებ. წაკითხულმა შოკში ჩამაგდო“, - ჰყვება სამირა, ვერ წარმოვიდგენდი თუ კოლეჯი დრონების მწარმოებელ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან მუშაობს და სტუდენტებს საბრძოლო მასალების ასაწყობად აგზავნისო. დრონებს რუსეთი უკრაინაში ყოველდღიურად იყენებს, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.

2025 წელს ყირგიზეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ხელი მოაწერა „ალაბუგასთან“ თანამშრომლობის მემორანდუმს. როგორც რუსული ეკონომიკური ზონის წარმომადგენლებმა ახსნეს, მიზანი „ყირგიზეთის მოქალაქეების დასაქმების ხელის შეწყობაა“. ჯერ კიდევ დოკუმენტზე ხელის მოწერამდე „ალაბუგის“ წარმომადგენლები ხშირად სტუმრობდნენ ყირგიზეთის სკოლებსა და კოლეჯებს და 14 წლის და უფროს ახალგაზრდებს რუსეთში სასწავლებლად იწვევდნენ. ჰპირდებოდნენ არა მხოლოდ ტექნიკურ სფეროში განათლებას, არამედ კარიერული ზრდის შესაძლებლობასაც, კარგ სტიპენდიას, ხელფასს 70 ათასი რუბლის (დაახლოებით 900 დოლარი) ოდენობით. მათი დაპირების თანახმად, ბავშვებს კოლეჯში დილით უნდა ესწავლათ, სადილის შემდეგ კი საღამომდე ემუშავათ.

რუსი გამომძიებელი ჟურნალისტები ხალხს ჯერ კიდევ მაშინ მოუწოდებდნენ, ამ დაპირებებს არ წამოგებულიყვნენ. ისინი წერდნენ, რომ „ალაბუგის“ წარმომადგენლები სინამდვილეში ნაკლებს იხდიან, თან ხალხს შრომით მონობასთან გათანაბრებულ პირობებში ამუშავებენ.

მაგრამ ყირგიზეთის ხელისუფლებისთვის ეს გამოძიებები საკმარისი არ აღმოჩნდა. დინარა ბექთაშევა, საშუალო, პროფესიული და უმაღლესის შემდგომი განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ადასტურებს, რომ „ალაბუგის პოლიტექნიკურის“ წარმომადგენლები ყირგიზეთის სკოლებში 2023 წლიდან დადიან (სწორედ ამ დროს გახსნეს თათრეთში დრონების წარმოება). „თვითონ აკეთებდნენ", - ამბობს ის, - "სკოლებში ვიზიტებში ჩვენ არ ვმონაწილეობდით“.

მირლან თოქთბექოვი, ქალაქ ტოკმოკის (ჩუის ოლქი) სკოლის დირექტორი ჰყვება, რომ აპრილში მასთან „ალაბუგის“ სამი წარმომადგენელი მივიდა. სკოლაში ისინი სწორედ ზემდგომი ორგანოების ბრძანებით შეუშვა. თოქთბექოვი ამბობს, რომ კოლეჯში ჩასაბარებლად განცხადება სკოლის ორმა მოსწავლემ დაწერა. ერთმა კონკურსი გაიარა და ჩარიცხვაზე განცხადება დაწერა.

ყირგიზი მოსწავლეების მშობლები ჰყვებიან, რომ ბავშვებს „ალაბუგაში“ არჩევდნენ ონლაინ-თამაშის მეშვეობით - Business Cats. ამ თამაშის ბმულს „მესინჯერით“, „ვოტს აპით“ ან „ტელეგრამით“ უგზავნიდნენ. თამაში მონაწილეები ვირტუალურ კატებს ამრავლებენ და ვაჭრობენ.

ონლაინ თამაში Business Cats

როგორც „ალაბუგაში“ ირწმუნებიან, თამაში „სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ფინანსური წიგნიერებისა და მეწარმეობის პროგრამის ნაწილია და ხელმისაწვდომია არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც“.

ჩუის ოლქში მცხოვრებმა ქალმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, განაცხადა, რომ მისი 16 წლის ქალიშვილი უკვე გაემგზავრა რუსეთში, კატებთან თამაში კი მას სწორედ მასწავლებლებმა ურჩიეს.

ონლაინ-თამაში Business Cats
ონლაინ-თამაში Business Cats

„გასული წლის 1 სექტემბრიდან მასწავლებლები ბავშვებს WhatsApp-ზე „ალაბუგის“ ვებსაიტის ბმულს უგზავნიდნენ თხოვნით ეთამაშათ. ჩემს ქალიშვილს თავიდან არ აინტერესებდა, მაგრამ მასწავლებლები რომ არ მოეშვნენ, თამაში დაიწყო“, - თქვა დედამ. - „ისინი იქ კატებს ყიდულობენ, ზრდიან, კვებავენ და ისევ ყიდიან. მთავარია, ფული არ გამოელიოთ“.

„როდესაც პირველი ტური უპრობლემოდ გაიარა, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა მას Telegram-ზე მისწერეს და მეორე ტურისთვის ფაილი გაუგზავნეს. მეორე თამაშიც პირველის მსგავსია, მაგრამ უფრო რთული. მისი გავლის შემდეგ, მაისში „ალაბუგის“ წარმომადგენლები ყირგიზეთში ჩამოვიდნენ, მესამე ტურისთვის. შეკრიბეს, ვინც მეორე ტური გადალახა და ინტერნეტ-კლუბში შესაჯიბრებლად მიიწვიეს“, - ამბობს ის.

კიდევ ერთი მშობელი, რომელმაც თავის გოგონას „ალაბუგის“ პოლიტექნიკუმში ჩააბარებინა, ამბობს, რომ რუსეთში გამგზავრებისკენ სკოლის მასწავლებლები მოუწოდებდნენ.

„ჯერ არ წასულა, მაგრამ ვურთიერთობთ იმათთან, ვინც უკვე გაემგზავრა. ინფორმაციას ვაგროვებთ. მისმა მეგობრებმაც შეიტანეს განცხადება. სკოლაში ჩარიცხვა რთული არ იყო. ჩემი გოგო შევიდა, ითამაშა და გამოცდაც ჩაბარებული იყო. სკოლის შესახებ მასწავლებლებისგან გავიგეთ“, - ჰყვება დედა, რომელმაც სახელის გამჟღავნებაზე უარი თქვა.

თამაშში შერჩევის შემდეგ კოლეჯის წარმომადგენლები ახალგაზრდებს „ტელეგრამით“ უკავშირდებოდნენ. ტელეგრამში ყველა ქვეყნის სტუდენტებისთვის იყო „ჯგუფები შექმნილი: იქ დავალებებს აძლევდნენ და ონლაინკონსულტაციებს უწევდნენ.

ყირგიზები ჰყვებიან, რომ გადაბირებულ ახალგაზრდებს რუსული მხარე უფასო ფრენას სთავაზობდა, ოღონდ მხოლოდ ბავშვებს, მათი მშობლებისთვის ბილეთები გათვალისწინებული არ იყო, არც უფროსები მიჰყვებოდნენ, მიუხედავად კოლეჯში ჩარიცხულების ასაკისა. ამან მშობლები ააფორიაქა.

„ტელეგრამზე“ ყირგიზი სტუდენტების ჯგუფს სამირას ქალიშვილიც (სახელი შეცვლილია) შეუერთდა. ჯგუფში 14 ადამიანი იყო. ჯგუფის ორგანიზატორებმა სასწავლებლად აუცილებელი საბუთების სია გამოაქვეყნეს და განაცხადეს, რომ მოზარდები რუსეთში 15 ივლისამდე უნდა გაემგზავრებინათ. სამირას ქალიშვილს კოლეჯში ჩარიცხვა უხაროდა, მაგრამ საბუთების შეგროვებისას დაეჭვდა.

„მეგონა 15 ივლისამდე სასწავლებლის წარმომადგენელი მოვიდოდა, სპეციალურ ხელშეკრულებას ხელს მოაწერდა და ჩვენს არასრულწლოვან ბავშვებს წაიყვანდა. მაგრამ ასე არ მოხდა. მშობლები წერდნენ: „ვინ წაიყვანს ბავშვებს?“, „მარტოები როგორ წავლენ?“, „ვინ გაჰყვება?“ ისინი კი პასუხობდნენ: „არავინ გაჰყვება, ბილეთები ვუყიდეთ, თვითონ ჩამოფრინდებიან და დავხვდებით“, - ჰყვება სამირა, - „ამის შემდეგ დავფიქრდი, როგორ ვენდოთ, თუ არავინ ჩამოვა. თუ ვერავის დავინახავთ, ვერავის გავიცნობთ?“.

„თუ ჩვენმა განათლების სამინისტრომ ხელშეკრულება დადო. ვინმემ სამინისტროდან ჯგუფი უნდა შეკრიბოს და იქ ჩაიყვანოს“, - მსჯელობს რუსეთში გამგზავრებული მოზარდებიდან ერთ-ერთის მამა - „რადგან ბავშვები 18 წლის არ არიან, სწორი არ არის გავუშვათ იმის იმედად, რომ იქ დახვდებიან. მაშინაც კი, როცა სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობენ, სახელმწიფოს წარმომადგენელი ყოველთვის მიჰყვება!“

სამხედრო დრონების აწყობის პროცესი „ალაბუგის“ ქარხანაში.
სამხედრო დრონების აწყობის პროცესი „ალაბუგის“ ქარხანაში.

სამირამ გადაწყვიტა ქალიშვილი რუსეთში არ გაეშვა. თუმცა ერთ-ერთი გადამბირებელი მაინც ურეკავდა და სწერდა.

„მოვიგონე, საბუთების შეგროვებას ვერ ვახერხებ-მეთქი. მითხრეს, რა საბუთს ვერ შოულობთ, გავითვალისწინებთ თქვენს მდგომარეობას და წავიყვანთ თქვენს შვილსო. რაც გაქვთ ის დოკუმენტები მოიტანეთო,“ - ჰყვება სამირა. - "ყურადღებას არ ვაქცევდით, მაგრამ განუწყვეტლივ რეკავდნენ“.

ზოგმა მშობელმა თავისი შვილი უკვე გააცილა თათრეთში. ჩუის ოლქის მცხოვრები ქაზიბექი, რომელმაც გვთხოვა მისი ნამდვილი სახელი არ გაგვემჟღავნებინა, ჰყვება, რომ მისი ვაჟი 15 ივლისს გაემგზავრა. ბილეთის ფული რუსულმა მხარემ გაიღო.

„შვილი მიყვებოდა, რომ სულ 21 ბავშვი ჩავიდა ყირგიზეთიდან. უთხრეს, სამხედრო-პატრიოტული თამაშები უნდა ჩავატაროთო“, - თქვა მან.

ქაზიბექის თქმით, ხელი მოაწერა საბუთს, რომ პრეტენზია არ ექნება, თუკი მისი ვაჟი პეინტბოლის დროს ტრავმას მიიღებს. „ალაბუგის“ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულია პეინტბოლის მატჩის ვიდეო. ჩანს დროშა ნატოს სიმბოლოთი - მას „მტრის დროშა“ ჰქვია.

დინარა ბექთაშევა ყირგიზეთის განათლების სამინისტროდან გვატყობინებს, რომ ახლა „ალაბუგის პოლიტექნიკუმში“ ყირგიზეთიდან 58 ადამიანი სწავლობს. მან უარყო, რომ ეს დაწესებულება დრონებს აწარმოებს, თქვა, ამ კოლეჯზე ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდებაო.

„გოგონებს კვალიფიკაციის მიღება სრულიად უფასოდ შეუძლიათ!“

სტუდენტების კოლეჯში მიზიდვის გარდა ეკონომიკურმა ზონამ წამოიწყო კიდევ ერთი პროგრამა „ალაბუგა სტარტი“. პროგრამა გათვლილია მეზობელი ქვეყნების ახალგაზრდობის მოზიდვაზე, უშუალოდ სამხედრო ქარხანაში სამუშაოდ. ზოგი რეკლამის სამიზნე გოგოები არიან.

„ვსწავლობთ თანამედროვე სამრეწველო აღჭურვილობაზე და პროფესიულ გამოცდილებას ვიღებთ. ყველას ვურჩევთ პროგრამას შემოუერთდნენ. აქ გოგონებს კვალიფიკაციის მიღება სრულიად უფასოდ შეუძლიათ!“ - ამბობს რეკლამაში გოგო ნიკით „ამინა ყაზახეთიდან“.

საიტის მთავარი გვერდის გამხსნელ ფოტოზეც აღმოსავლური გარეგნობის გოგონაა გამოსახული. სტატია ხალხს მაღალანაზღაურებად სამუშაოზე იწვევს „მაღალტექნოლოგიურ კომპოზიტურ წარმოებაში“. კერძოდ რას აწარმოებენ, მითითებული არ არის.

დარია ბუბლიკმა, ყაზახმა პიარ-სპეციალისტმა პროფესიის განსაზღვრის მიმართულებით, ივლისში ფეისბუკზე დაწერა, რომ მას „ალაბუგის“ წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და თანამშრომლობა შესთავაზეს, მიზანი ყაზახეთიდან 16-22 წლის გოგონების მიზიდვა იყო.

„ყველა დასაქმებულ ყაზახ გოგოზე ცალკე იხდიდნენ. უარი ვუთხარი“, - თქვა ბუბლიკმა, - „რა პერსპექტივას სთავაზობენ ყაზახ გოგოებს თათრეთში? მითხრეს, რომ სამზარეულოში და მომსახურების სფეროში იმუშავებენო, თან ეგრევე კარგი ანაზღაურებით. მაგრამ „ალაბუგა“ უკვე არაერთხელ მოხვდა გამოძიებებში, რომელიც თაღლითურ სქემებთან და სამუშაო ძალის მობილიზებასთან იყო დაკავშირებული. მედია წერდა, რომ ახალგაზრდობა რეკლამირებულ რეგიონში კარიერისთვის მიდის, რეალურად კი ხვდება საწარმოში, სადაც სამხედრო დრონებს აწყობენ“.

„ალაბუგა სტარტის“ საიტზე ნათქვამია, რომ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მუშაობს 40 გოგონა უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან, ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან და ბელარუსიდან. ივლისში გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ სულ ახლახან დელეგაცია უზბეკეთიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ოლიმჟონ აბდულაევის ხელმძღვანელობით შეხვდა თანამემამულეებს. თუმცა, როგორც ჩანს, ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ცენტრალური აზიის უფრო მეტი მკვიდრი მუშაობს, რადგან ბევრი არა მხოლოდ ქარხანაში კოლეჯშიც მიდის.

იმავე საიტზე, მოკლე შეტყობინებებში „ალაბუგა სტარტის“ პროგრამას ორი ტაჯიკი გოგონა უკეთებს რეკლამას. მათ გვაცნობენ როგორც „სოფიას“ და „საბრინას“. საიტზე მოყვანილია ტაჯიკეთის შრომის მინისტრის მოადგილის შარიფ ნორზოდას ციტატა: „ამ ასაკის გოგონებისთვის ეს შესანიშნავი პროგრამააო“.

2024 წელს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი აფრიკიდან მოტყუებით იბირებს ქალებს „შაჰედების“ ასაწყობ საწარმოში სამუშაოდ. ისინი ჰყვებოდნენ, რომ დაჰპირდნენ მონაწილეობას პროგრამაში „სწავლა-მუშაობა“ - სასტუმრო ბიზნესისა და კვების სფეროში. სანაცვლოდ დრონების ასაწყობად გაუშვეს. სამუშაო ცვლა 12 საათი გრძელდებოდა. დამცავი კოსტიუმების არარსებობის გამო კანი ლაქებით დაეფარათ და ექავებოდათ. ქალები ერთხმად ჩიოდნენ, რომ „ვირებივით ექცეოდნენ“ და დაპირებულზე ნაკლებს უხდიდნენ.

„ასობით ჩარხია, ათასობით მუშა, საითაც არ გაიხედავ, ყველგან ახალგაზრდებია“

რუსეთში არც მალავენ, რომ ეკონომიკურ ზონა „ალაბუგაში“ სწორედ სამხედრო მასალებს ამზადებენ. კოლეჯისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კავშირი დიდი ხანია დამტკიცებულია.

ივლისში, რუსული ტელეარხის „ზვეზდას“ გადაცემაში მოჰყვნენ, რომ „ალაბუგას“ აკისრია უპილოტო აპარატ „გერანის“ სერიული წარმოება. ეს აპარატები ირანული „Shahed“-ის მოდელით შეიქმნა. ტელეარხმა აჩვენა, თუ რამდენად მასშტაბურია სამუშაოები და ისიც, რომ მასში კოლეჯის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

„ზვეზდას“ რეპორტაჟში ეკონომიკური ზონის დირექტორმა თემურ შაგივალეევმა თქვა, რომ ქარხანაში ათასობით უპილოტო აპარატს აწარმოებენ. ისიც მოჰყვა, რომ აქ „ალაბუგა სტარტის“ სტუდენტებიც შრომობენ. კადრებში მოხვედრილი მუშებიდან, რომლებიც ნაწილებს აწყობენ, ბევრს ეტყობა, რომ მოზარდია.

„ასობით ჩარხია, ათასობით მუშა და სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ახალგაზრდები არიან. ბიჭები და გოგონები მუშაობენ და აქვე კოლეჯში სწავლობენ“, - ამბობს რეპორტაჟის ავტორი.

უკრაინელი მეომრები სამხედრო წარმოების გამო „ალაბუგას“ კანონიერ სამხედრო მიზნად მიიჩნევენ: უკრაინული დრონები მას რამდენჯერმე დაესხნენ თავს.

2024 წლის 2 აპრილს უკრაინული უპილოტო აპარატიდან თავდასხმის გამო ეკონომიკურ ზონაში შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვანები. თავდასხმა ასევე მოხდა 23 აპრილს და 15 ივნისს, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაიჭრა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG