Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ ეშინია ფინეთს რუსეთის? რუსეთი ფინეთის საზღვართან ჯარს აგროვებს


ანალიტიკოსების გათვლით, ფინეთისთვის საზღვართან მყოფი რუსი ჯარისკაცების რაოდენობა „საფრთხედ“ იქცევა დაახლოებით ხუთ წელიწადში.
ანალიტიკოსების გათვლით, ფინეთისთვის საზღვართან მყოფი რუსი ჯარისკაცების რაოდენობა „საფრთხედ“ იქცევა დაახლოებით ხუთ წელიწადში.

რუსეთის არმია რუსეთ-ფინეთის საზღვართან აფართოებს კარვების სამხედრო ქალაქებს, აშენებს ავიაგამანადგურებლების თავშესაფრებსა და სამხედრო საწყობებს. გარდა ამისა საზღვრის მიმდებარე რაიონებში გადააქვს დიდი რაოდენობით საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის ვერტმფრენები.

რუსეთის-ფინეთის საზღვრის მახლობლად რუსეთის შეიარაღებული ძალების გააქტიურების შესახებ გამოცემა New York Times-ი წერს. ფინეთის, ნორვეგიისა და ესტონეთის საზღვრებთან რუსული არმიის გაზრდილი აქტივობის შესახებ The Wall Street Journal-მაც დაწერა 2025 წლის აპრილში. გაზეთმა მაშინ გამოაქვეყნა ორი სამხედრო ნაწილის თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები: კამენკაში (ლენინგრადის ოლქი, ფინეთის საზღვარი) და დაბა სპუტნიკში (მურმანსკის ოლქი, ნორვეგიის საზღვარი). გამოცემა მიიჩნევს, რომ რუსეთი გეგმავს ახალი ყაზარმების აშენებას, სამხედრო აღჭურვილობის მოდერნიზებას და საზღვრის გასწვრივ რკინიგზის ახალი ხაზის (ნორვეგიიდან ესტონეთამდე) გაყვანას. WSJ-ის თქმით, რუსეთის ამ ქმედებებს გამოკითხული ანალიტიკოსების ნაწილი ომის სამზადისად აღიქვამს.

NYT-ის ჟურნალისტები, თანამგზავრული ფოტოების გაანალიზებისა და ნატოს წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, იმ დასკვნამდე მიდიან, რომ სასაზღვრო რაიონებში რუსეთის გაძლიერებული სამხედრო სამზადისი ჯერ არ წარმოადგენს საფრთხეს ფინეთისთვის, რადგან რუსული არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი ამჟამად უკრაინაშია დაკავებული.

ამასთან, ფინელი სამხედროები, რომლებსაც გამოცემა ესაუბრა, მიიჩნევენ, რომ ფინეთის საზღვარზე რუსი ჯარისკაცების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ. ანალიტიკოსების გათვლით, ფინეთისთვის საზღვართან მყოფი რუსი ჯარისკაცების რაოდენობა „საფრთხედ“ იქცევა დაახლოებით ხუთ წელიწადში.

იმაზე თუ რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის ქმედებები ნატოს წევრ ქვეყნებთან ყველაზე გრძელ საზღვარზე (1,271 კმ) და რამდენად სავარაუდოა რუსეთის თავდასხმა ფინეთზე, რადიო თავისუფლების რედაქცია ესაუბრა ჯონ ჰელინს, ფინური OSINT პროექტის Black Bird Group-ის ანალიტიკოსს და მაიკლ კოფმანს, სამხედრო ანალიტიკოსსა და კარნეგის ფონდის მკვლევარს.

მზადება გაფართოებისთვის თუ შეჭრისთვის? რატომ გააქტიურდა რუსეთი საზღვრისპირა რაიონებში?

ფინელი ანალიტიკოსი ჯონ ჰელინი Black Bird Group-დან აღნიშნავს, რომ რუსეთის ჩრდილოეთ გარნიზონებში შესამჩნევი ცვლილებების მიუხედავად, დღეს ფინეთის მოსაზღვრე რაიონებში რუსული არმიის ქმედებები ნატოს წევრი ამ ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს.

ანალიტიკოსი იხსენებს, რომ ადრე რუსეთის ხელმძღვანელობამ დასავლეთის სამხედრო ოლქი ორ ნაწილად - მოსკოვის და ლენინგრადის ოლქებად - გაყო, რის გამოც, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსული ჯარის რიცხოვნობა 1,5 მლნ-მდე უნდა გაიზარდოს (ახალი სამხედრო მოსამსახურეების მნიშვნელოვანი ნაწილი, WSJ-ის ცნობით, ფინეთის მოსაზღვრე ლენინგრადის სამხედრო ოლქში გაიგზავნება). რუსეთმა ასევე გამოაცხადა, რომ აპირებს ფინეთის საზღვართან დისლოცირებული ბრიგადების (საშუალოდ 4 ათასი ჯარისკაცი) გაფართოებას დივიზიებამდე (საშუალოდ 10-დან 13 ათას ჯარისკაცამდე).

სასაზღვრო ბაზებზე მიმდინარე პროცესები იმდენად უღიმღამოდ გამოიყურება, რომ ფინეთის დასაშინებლად არ გამოდგება

ჰელინის თქმით, მთელი ეს პროცესი გამოწვეულია რუსეთის არმიის ბუნებრივი საჭიროებით, მოამზადოს და გააფართოოს არსებული ბაზები როგორც ახალი, ასევე გარკვეული დროის შემდეგ უკრაინიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეების განსათავსებლად. ექსპერტი არ მიიჩნევს ფინეთთან საზღვარზე რუსეთის შეიარაღებული ძალების გაზრდას „დემონსტრაციულ გაძლიერებად“ ან ნატოს დაშინების მცდელობად. მისი თქმით, ეს უფრო ჰგავს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ორგანიზაციული ცვლილებებისა და დივიზიების სტრუქტურის აღდგენის პროცესის ნაწილს.

„მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში ორგანიზაციული ცვლილებები მნიშვნელოვანია, სასაზღვრო ბაზებზე მიმდინარე პროცესები იმდენად უღიმღამოდ გამოიყურება, რომ ფინეთის დასაშინებლად არ გამოდგება. ყოველ შემთხვევაში, ახლა", - ამბობს ჰელინი, - "ეს პროცესები, უფრო მეტად ნატოსთან (რომლის ახალი წევრიც ფინეთია) დაძაბულობის ზრდის მაჩვენებელია. დარწმუნებული ვარ, რომ სარკისებური ცვლილებები შეინიშნება რუსეთის საზღვართან მდებარე ნატოს ბაზებზეც. თუმცა მოდუნება არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ბაზებზე მიმდინარე ცვლილებები ჯერ კიდევ არ გამოიყურება სახიფათოდ და თავისთავად არ წარმოადგენს მოახლოებული შემოჭრის ნიშანს, რუსეთმა უკვე აჩვენა მეზობლებთან ფართომასშტაბიანი ომების წარმოების შესაძლებლობა. რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობა, ცხადია, მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარს შეიმუშავებს - ეს მათი სამუშაოა - მაგრამ ამ გეგმების განხორციელება მომდევნო 10 წლის განმავლობაში დამოკიდებული იქნება რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებსა და მისი მთავრობის პოლიტიკურ ნებაზე“.

ჰელინი ფინეთს რუსეთისთვის „კერკეტ კაკალს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ მაშინაც კი, თუ რუსეთი უკრაინის შემდეგ ვინმეზე თავდასხმას გადაწყვეტს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფინეთი მის სამიზნეებს შორის პირველი იქნება. მით უფრო, რომ მაშინაც კი, თუ უკრაინაში ომი უახლოეს მომავალში დასრულდება, ეს ასევე არ ნიშნავს, რომ რუსეთი შეძლებს უკრაინის საზღვრიდან მთელი თავისი ძალების გაყვანას ახალი ომის დასაწყებად.

სამხედრო ანალიტიკოსი მაიკლ კოფმანიც მიიჩნევს, რომ ფინეთთან საზღვარზე მიმდინარე პროცესები ერთგვარი სამზადისია, რომელიც წინ უსწრებს რუსეთის სახმელეთო ჯარების გარდაუვალ გაფართოებას. კოფმანი დარწმუნებულია, რომ უკრაინასთან ომის დასრულების შემდეგ რუსეთის ჯარი მნიშვნელოვნად გაიზრდება ომამდელ პერიოდთან შედარებით, ხოლო განაწილებისას პრიორიტეტი მიენიჭება ნატოს ქვეყნების მოსაზღვრე ტერიტორიებს.

„ამ ეტაპზე, შეუძლებელია ფინეთში რუსეთის მოსალოდნელი შეჭრის ნიშნების დანახვა, რადგან რუსეთის შეიარაღებული ძალების აბსოლუტური უმრავლესობა უკრაინასთან ომშია ჩართული. სხვა ძალები რუსეთს უბრალოდ არ ჰყავს“, - მიაჩნია მას.

გარდა ამისა, როგორც კოფმანი შენიშნავს, ფინეთსა და რუსეთს შორის ბევრად უკეთესი ურთიერთობაა, ვიდრე რუსეთსა და სხვა დასავლურ ქვეყნებს შორის, და ეს მიუხედავად იმისა, რომ ფინეთის ნატოში გაწევრიანების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უდავოდ გაუარესდა.

ფინეთის შეიარაღებული ძალების კარელიის ბრიგადის ჯარისკაცი
ფინეთის შეიარაღებული ძალების კარელიის ბრიგადის ჯარისკაცი

ფსონის დადება მე-5 მუხლზე?

შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე თვეში შეიტანეს. არასრულ ერთ წელში ფინეთი გახდა კიდეც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. შესაბამისად ამ მომენტიდან ფინეთზე ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში, უნდა ამოქმედდეს ნატოს კოლექტიური თავდაცვის V მუხლი, რომელიც აცხადებს, რომ „თუ ნატოს ერთი წევრი სახელმწიფო შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლი გახდება, ალიანსის ყველა სხვა წევრი ძალადობის ამ აქტს მიიჩნევს ნატოს ყველა ქვეყნის წინააღმდეგ შეიარაღებულ თავდასხმად და მიიღებს ისეთ ზომებს, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის პარტნიორი ქვეყნის დასახმარებლად“.

პრაქტიკაში, ნატოს V მუხლის პირველ და ერთადერთ გამოყენებას ადგილი ჰქონდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, როცა შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში დაიწყო ოპერაცია „შეუზღუდავი თავისუფლება“, რომელსაც ნატოს მრავალი წევრი სახელმწიფო შეუერთდა. ორი წლის შემდეგ, ნატომ თავის თავზე აიღო ავღანეთში საერთაშორისო კონტინგენტის სარდლობაც.

უცნობია, როგორი რეაქცია ექნება ნატოს რუსეთის ფინეთზე თავდასხმის შემთხვევაში. თავად ნატოს კოდექსი არ ითვალისწინებს ალიანსის ყველა წევრის პირდაპირ მონაწილეობას საბრძოლო ოპერაციებში. ორგანიზაციის კოდექსი ამბობს, რომ „ნატოს ქვეყნებს შეუძლიათ დახმარების გაწევა ნებისმიერი ფორმით, რომელსაც ისინი საჭიროდ მიიჩნევენ შექმნილ ვითარებაზე რეაგირებისთვის. ეს არის ნატოს თითოეული წევრი სახელმწიფოს ინდივიდუალური ვალდებულება და, შესაბამისად, თითოეული წევრი სახელმწიფო პასუხისმგებელია იმის განსაზღვრაზე, თუ რას მიიჩნევს საჭიროდ კონკრეტულ გარემოებებში“. გარდა ამისა, ნატოს დოკუმენტების თანახმად, დახმარება არ უნდა იყოს აუცილებლად სამხედრო ხასიათის და მის (დახმარების) ბუნებასა და მასშტაბებს თავად მონაწილე ქვეყნები განსაზღვრავენ.

ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი შიშობდა, რომ შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აშშ - ნატოს მთავარი და უდიდესი წევრი - დატოვებდა ალიანსს, რაც საფრთხეს შეუქმნიდა ევროპის უსაფრთხოებას. ევროკავშირი ხომ მრავალი წლის განმავლობაში ეყრდნობოდა აშშ-ს დახმარებას რუსეთთან პოტენციური კონფლიქტის შემთხვევაში.

თუმცა, 2025 წლის აპრილში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გამოაცხადა, რომ აშშ დარჩებოდა ნატოში. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებმა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდონ სამხედრო ხარჯები და თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მინიმუმ 5% გამოყონ: ამჟამად ხარჯები საშუალოდ 1,5-2,5%-ის ფარგლებში მერყეობს. რუბიოს მიერ მითითებულ ნიშნულთან ყველაზე ახლოს პოლონეთია, რომლის ხარჯებმა 2024 წელს 4%-ს გადააჭარბა. შემდეგ მოდიან ბალტიის ქვეყნები, აშშ და საბერძნეთი.

ამ ქვეყნებს მოსდევს ფინეთი, რომელიც თავდაცვაზე მშპ-ს დაახლოებით 2,4%-ს ხარჯავს. Black Bird Group-ის წარმომადგენელი ჯონ ჰელინი მიიჩნევს, რომ აშშ-ს ორაზროვანი რიტორიკის მიუხედავად, ფინეთის ხელისუფლება, როგორც ჩანს, კვლავ ენდობა ამერიკის ადმინისტრაციას ვალდებულებების (მათ შორის სამხედრო სფეროში) შესრულების თვალსაზრისით.

თავად ჰელინი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების სფეროში ფინეთ-ამერიკის ურთიერთობების მომავალი უფრო ფართო ევროპულ ტენდენციებზეა დამოკიდებული. ტრამპი ნატოსგან თავდაცვის ხარჯების გაზრდას მოითხოვს და ევროპამაც, ჰელინის თქმით, უნდა აჩვენოს, რომ ამისთვის მზადაა. ზოგადად, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული, ნატოს თითოეული წევრი წლიდან წლამდე ამა თუ იმ სახით ზრდის სამხედრო ხარჯებს. მაგალითად, გერმანიის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა მოუწოდა ახალ მთავრობას, თავდაცვაზე ყოველწლიურად გამოყოს მშპ-ის 5%.

ექსპერტის თქმით, შეერთებული შტატები კვლავ მზადაა ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაწილი იყოს, მაგრამ ვაშინგტონს არ სურს საკუთარ თავზე აიღოს ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ პოტენციური აგრესიის შეკავების მთავარი ტვირთი. პარადოქსულია, მაგრამ ანალიტიკოსის აზრით, თუ ევროპას სურს შეერთებული შტატებისგან მნიშვნელოვანი დახმარების მიღება, მაშინ მან ამისთვის თავდაცვის საკითხებში მეტი დამოუკიდებლობა უნდა გამოავლინოს. ევროპელი ლიდერებიც სულ უფრო ხშირად საუბრობენ საკუთარი სამხედრო პოტენციალისა და ევროპული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარების აუცილებლობაზე.

ჰელინის თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით ფინეთისათვის უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორებია ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები, ვიდრე აშშ. ექსპერტი მიიჩნევს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ფინეთს ყველაზე ქმედით დახმარებას აღმოუჩენენ სკანდინავიური ქვეყნები: ნორვეგია, დანია, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი. „სკანდინავიურ ქვეყნებს ძალიან კარგად ესმით, რომ ჩვენი ბედი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული“, - ამბობს Black Bird Group-ის წარმომადგენელი ჯონ ჰელინი.

აშშ-ს შეუძლია ფინეთს გუწიოს უზარმაზარი საჰაერო მხარდაჭერა

მაიკლ კოფმანი დარწმუნებულია, რომ ფინეთზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ამოქმედდება ნატოს V მუხლი. მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა პარტნიორები გაზრდიან ფინეთის საჰაერო თავდაცვისა და საავიაციო ძალების საბრძოლო სიმძლავრეს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ნატოს საჰაერო ძალების მხარდაჭერას შეუძლია გადამწყვეტი გავლენა იქონიოს ბრძოლის ველზე შექმნილ ვითარებაზე.

„გარდა იმისა, რომ აშშ-ს ევროპაში ავიაციის შთამბეჭდავი რაოდენობა ჰყავს, საჭიროების შემთხვევაში, მას შეუძლია კიდევ უფრო მეტი თვითმფრინავის მობილიზება რეგიონში. ბევრი მხოლოდ სახმელეთო ძალებს აქცევს ყურადღებას და ივიწყებს, რომ აშშ პირველ რიგში დომინანტი საავიაციო ქვეყანაა. ვაშინგტონს მოკლე დროში შეუძლია ევროპაში თავისი ავიაციის მნიშვნელოვანი პოტენციალის თავმოყრა და ნატოს სხვა მოკავშირეებთან ერთად ფინეთისთვის როგორც უზარმაზარი საჰაერო მხარდაჭერის აღმოჩენა, ასევე რთული საჰაერო ოპერაციების ეფექტიანად მართვა“, - ამბობს ექსპერტი.

„ომისთვის ერთ-ერთი ყველაზე მომზადებული ქვეყანა“. რას წარმოადგენს ფინეთის შეიარაღებული ძალები

ფინეთის არმია მშვიდობიან დროს მხოლოდ 24 000 სამხედრო მოსამსახურეს ითვლის, მაგრამ რეზერვისტების რაოდენობით ევროპაში მეორე ადგილზეა (დიდი ბრიტანეთის შემდეგ) - 870 000 ადამიანი, მაშინ როცა მოსახლეობა სულ რაღაც 5,5 მლნ-ია. შედარებისთვის: უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების წინ უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 261 000 ადამიანი იყო, ხოლო 2022 წლის ივლისისთვის - 1 მლნ-ზე მეტი. 2025 წლის იანვრის მონაცემებით, უკრაინის არმიას 880 000 ჯარისკაცი და ოფიცერი ჰყავს, რაც ფინეთის სამობილიზაციო პოტენციალის თანაზომადი რიცხვია.

ჰელინის განმარტებით, ომის შემთხვევაში ფინეთში მობილიზაცია რამდენიმე ეტაპად იყოფა. პირველ ეტაპზე არმიაში იგზავნება 280 000 რეზერვისტი, შემდეგ, საჭიროებიდან გამომდინარე, ხდება ამ რაოდენობის შენარჩუნება ან გაზრდა მთლიანი, 870 000-იანი რეზერვის ხარჯზე.

ფინეთში ყველა მამრობითი სქესის მოქალაქე ვალდებულია გაიაროს სამხედრო მომზადება, რომელიც ექვსიდან თორმეტ თვემდე გრძელდება (ხანგრძლივობა დამოკიდებულია რეზერვისტის თანამდებობასა და დანაყოფზე). ომის დროს თითოეული რეზერვისტი მიეწერება კონკრეტულ ადგილს. მაიკლ კოფმანის თქმით, მშვიდობიან დროში მუდმივმოქმედი ფინური ბრიგადები ფაქტობრივად გვევლინებიან სასწავლო ცენტრებად, რომლებიც ყოველწლიურად ამზადებენ ათიათასობით რეზერვისტს. უნდა ითქვას, რომ ფინური ბრიგადები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან თავიანთ მოვალეობებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ფინეთს შედარებით მცირერიცხოვანი შეიარაღებული ძალები ჰყავს, მან ათწლეულების განმავლობაში შექმნა ძალიან ძლიერი ახალწვეულების მომზადების სისტემა და მობილიზაციური არმია, რომლის მნიშვნელოვნად გაფართოება ძალიან მოკლე დროშია შესაძლებელი“, - ამბობს ანალიტიკოსი.

ჰელინი ფინეთის თავდაცვის ძალების ძლიერ მხარეებად მიიჩნევს როგორც მობილიზაციის პოტენციალს, ასევე ფინელი რეზერვისტების მომზადების მაღალ ხარისხსა და მზადყოფნას, დაიცვან სამშობლო.

მზად ვართ ამ ტიპის ომისთვის

„რეზერვისტებს ესმით, თუ რატომ გადიან მომზადებას, ამიტომ კარგადაც ემზადებიან. ფინეთის არმიას არასოდეს შეუტანია ეჭვი ამ წვრთნების მნიშვნელობასა და საჭიროებაში, ამიტომაც ინარჩუნებენ მას სტაბილურად მაღალ დონეზე. უკრაინამ აჩვენა, რამხელა მნიშვნელობა აქვს ბრძოლის ველზე დანაკარგების შევსების უნარს, ამიტომ, ევროპის ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენ მზად ვართ ამ ტიპის ომისთვისაც და არ გვიწევს ჩვენი თავდაცვის დოქტრინის შეცვლა ახალი საფრთხეების გამო“, - ამბობს ჰელინი.

თუმცა ექსპერტი ხაზს უსვამს ფინური სისტემის ნაკლოვანებასაც, პირველ რიგში იმას, რომ არმიის 95% რეზერვისტებისგან შედგება: მობილიზაციას ნებისმიერ შემთხვევაში გარკვეული დრო სჭირდება, ამიტომ მოქალაქეები წინასწარ უნდა გამოიძახონ, რაც თავის მხრივ ბიუჯეტს აზარალებს, რადგან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული იქნება დატოვოს სამუშაო ადგილი. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ყოველი საფრთხე ცალკე და დიდი სიფრთხილით უნდა შეფასდეს, რათა პასუხი გაეცეს კითხვას: რუსეთი უბრალოდ ცდილობს ფინეთის დაშინებას თუ ნამდვილად ემზადება თავდასხმისთვის?

„გარდა ამისა, ფინეთს თავის მასშტაბთან შედარებით შეიარაღების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს“, - აღნიშნავენ ჰელინი და კოფმანი. ორივე ექსპერტი გამოყოფს ფინურ არტილერიას (ერთ-ერთ ყველაზე დიდ მარაგს მთელ დასავლეთ ევროპაში - 1500-მდე სხვადასხვა ტიპისა და კალიბრის ქვემეხს, მათ შორის ჰაუბიცებს, ნაღმტყორცნებსა და MLRS-ებს), ევროპული სტანდარტებით ტანკების დიდ პარკს (ორი მოდიფიკაციის 200 ერთეულ Leopard-ს - 2A4-სა და 2A6 -ს) და სხვადასხვა წარმოების დაახლოებით 1300 საბრძოლო ჯავშანმანქანას, მათ შორის დასავლურ და მოდერნიზებულ საბჭოთა მოდელებს, ასევე ავიაციას: ამ ეტაპზე ფინეთის თავდაცვის ძალები შეიარაღებულნი არიან 62 მრავალფუნქციური ამერიკული F/A-18C/D Hornet გამანადგურებლით, რომლებიც ეტაპობრივად უნდა ჩაანაცვლონ 64 უახლესი F-35 გამანადგურებლით, რომელთაგან პირველს ფინეთის არმია 2026 წლის ბოლოს მიიღებს.

თუმცა ბოლო დროს ფინეთის არსენალი შესაძლოა შემცირდა, რადგან ომის მსვლელობისას ფინეთმა უკრაინას 2,7 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გაუწია. დახმარების პაკეტების შიგთავსი, როგორც წესი, არ ხმაურდება ხოლმე, თუმცა სპეციალისტებმა ფრონტზე შენიშნეს ფინეთის შეიარაღებაში არსებული საბჭოთა ჰაუბიცები, მათ შორის „გვოზდიკები“ და „გიაცინტები“, ასევე ფინური ჯავშანტექნიკა Sisu XA-185 და საინჟინრო მანქანები Leopard 2R. თუმცა, ამის მიუხედავად, მაიკლ კოფმანის აზრით, ფინეთის არმია ევროპაში მაინც ერთ-ერთი უძლიერესია.

ფინეთი იოლი სამიზნე არ არის

„ამ ქვეყანას აქვს იარაღისა და საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მარაგი, რომელიც საჭიროა რუსული შეტევის შესაკავებლად; ასევე აგებული აქვს თავდაცვითი და სამოქალაქო ობიექტები, რომლებიც საჭიროა რუსული ძალების ხანგრძლივი შეტევის მოსაგერიებლად. ამიტომ, ფინეთი, რბილად რომ ვთქვათ, იოლი სამიზნე არ არის. ის, სავარაუდოდ, ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული ქვეყანაა, ერთ-ერთი საუკეთესო არმიით“, - ამბობს ანალიტიკოსი.

თუმცა ჯონ ჰელინი დარწმუნებულია, რომ დიდი მობილიზაციის პოტენციალისა და იარაღის მნიშვნელოვანი მარაგის მიუხედავად, ფინეთი ვერ შეძლებს მარტო გაუძლოს რუსეთს ხანგრძლივი გამომფიტავი ომის შემთხვევაში.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ზომის ქვეყნის კვალობაზე ჩვენ გვყავს შთამბეჭდავი საჰაერო ძალები, სოლიდური ჯავშანტექნიკა და კიდევ უფრო შთამბეჭდავი არტილერია, რუსეთს ეს ყველაფერი ბევრად მეტი აქვს. როგორც კი აღჭურვილობას დავკარგავთ, გაგვიჭირდება მისი ჩანაცვლება. ლოჯისტიკის თვალსაზრისით, ფინეთი კუნძულია, რომელიც ბალტიის ზღვასთან კავშირზეა დამოკიდებული, ხოლო ევროპული დამატებითი აღჭურვილობის მარაგების უმეტესობა უკრაინაში იქნა გამოყენებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პრაქტიკულად არ გვექნება შესაძლებლობა, ვისწავლოთ ბრძოლის ველზე დაშვებულ ჩვენს შეცდომებზე“, - მიაჩნია ექსპერტს.

ჰელინის თქმით, ფინეთის ხელისუფლება და სარდლობა ადრე ამბობდნენ, რომ თავდასხმის შემთხვევაში ფინეთი ძვირ ფასს გადაახდევინებდა რუსეთის ხელისუფლებას. თუმცა ახლა უკრაინის მაგალითზე დაყრდნობით დაასკვნეს, რომ მხოლოდ ამგვარი რეაგირება საკმარისი არ არის. „რუსეთი მზადაა, თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად უზარმაზარი დანაკარგები განიცადოს“, - ამბობს ის.

სწორედ ამიტომ Black Bird Group-ის წევრი მიიჩნევს, რომ ფინეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნატოს წევრობა და პარტნიორების მხარდაჭერა, რადგან ეს უზრუნველყოფს ფინეთის შესაძლებლობას, აწარმოოს ხანგრძლივი ომი უფრო დიდი მეზობლის წინააღმდეგ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG