„ახალმა ევროპამ“ გამოიკვლია, რომ მხოლოდ 2024 წელს რუსეთის აფთიაქებიდან 134 დასახელების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატები გაუჩინარდა, მათ შორის კიბოს, ალერგიის, შიდსის წამლები, ანტიბიოტიკები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტები, ინსულინი ორსულებისთვის.
კალუგის რეგიონის მკვიდრი ელენა 46 წლისაა. 10 წელზე მეტია, ატიპიური ასთმა აქვს. 2010 წელს დიაგნოზის დასმისას ფრანგული პრეპარატი „სერეტიდი“ გამოუწერეს. თავიდან დაზღვევით, უფასოდ ეკუთვნოდა, შემდეგ ინდურ ანალოგზე გადაიყვანეს - „სალმეკორტზე“.
„ნაკლებად ეფექტური იყო. ცოტა ხნით მოქმედებდა და ხშირ-ხშირად უნდა გესვა. უარი ვთქვი, „სერეტიდის“ ყიდვა ჩემით დავიწყე“, - ამბობს ელენა.
ნახევარი წლის წინათ შეამჩნია, რომ წამალი აფთიაქებიდან ქრებოდა. ახლა ქალაქის მხოლოდ რამდენიმე აფთიაქშია დარჩენილი, თან გაცილებით მაღალი დოზებით.
„წარმოდგენაც კი მიჭირს რა მოხდება, თუ „სერეტიდი“ აღარ გაიყიდება. მერე როგორ ვიცხოვრო? სამამულო წარმოების წამლები საზიზღრობაა“, - ამბობს ელენა.
რუსული ანალოგებით 2016 წელს უკვე იმკურნალა. მაშინ ასთმა გართულებული ჰქონდა. პოლიკლინიკაში რუსული „ბუდესონიდი“დაუნიშნეს - ინჰალაციისთვის საჭირო ნივთიერება.
„როცა მისი შესუნთქვა დავიწყე, ბინაში ისეთი ბუღი დადგა, თითქოს ყალიონს ვეწეოდი. სუნთქვა კიდევ უფრო გამიჭირდა“.
ამის შემდეგ ელენა შვედურ წამალზე, „პულმიკორტზე“ გადავიდა: „ორიოდე შესუნთქვა და გავცოცხლდი ადამიანი“.
ასთმის წამლების დეფიციტი პრობლემა გახდა ტატიანასთვისაც. ის კამჩატკაში, ქალაქ ელიზოვოში ცხოვრობს. მეოთხე თვეა, ვერ იღებს პრეპარატებს, რომლებიც შეღავათიან ფასად ეკუთვნის. პროკურატურასაც კი მიმართა, მაგრამ ჯერ მხოლოდ ერთი დასახელების წამლები მოიპოვა.
„ახალი ევროპის“ გამოთვლებით, სასუნთქი სისტემის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლები გაუჩინარებული პრეპარატების სიაში მეორე ადგილასაა. ამ ჯგუფის, სულ მცირე, 27 პრეპარატი არ იშოვება.
დიაბეტი და გაუჩინარებული ინსულინი
2022 წლიდან მედიაში რეგულარულად ვრცელდება ინფორმაცია წამლების დეფიციტის შესახებ. 2024 წლის მარტში აივ-დადებითიანი პაციენტები ანტირეტროვირუსული პრეპარატების დეფიციტზე ალაპარაკდნენ.
ჯერ კიდევ 2023 წელს ეს მასობრივი პრობლემა იყო.
ამავე პერიოდში რუსეთის 58 რეგიონში გაქრა დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის საჭირო „კალიმეიტი“. ეს პრეპარატი აუცილებელია, რომ სისხლში კალციუმმა არ მოიმატოს, ამან შეიძლება ადამიანი მოკლას.
მოგვიანებით აფთიაქებიდან გაქრა სწრაფი მოქმედების ინსულინ ასპარტი „ფიასპი“, მას პირველი ტიპის დიაბეტისას იყენებენ.
2024 წლის ივლისიდან აფთიაქებში საფაღარათო საშუალება „სენადეც“ გამოილია. ის ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლების სიაშია.
აგვისტოში კამჩატკის შორეულ დასახლებებში რამდენიმე აფთიაქი საერთოდ უწამლოდ დარჩა.
წამლებზე ხელმისაწვდომობა პრობლემა იყო 2025 წელსაც. თებერვლის ბოლოს კრასნოდარის მხარეში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატების გარეშე დარჩნენ ბავშვები დიაბეტისა და კისტოზური ფიბროზის დიაგნოზით. ამავე პერიოდში სარატოვის, ულიანოვის რეგიონების, ტრანს-ბაიკალის მხარის მოსახლეობა ინსულინის დეფიციტზე ალაპარაკდა.
ელენა მოსკოვში ცხოვრობს. 20 წელი ფრანგულ ინსულინს, „ჰუმალოგს“, იყენებდა.
„ყველაფერი კარგად იყო. დავორსულდი. 2020-2021 წლებში ჩემს ინსულინს უფასოდ აღარ მაძლევდნენ, მხოლოდ რუსულს. თავის დასაზღვევად ისევ ჩემით ვყიდულობდი „ჰუმალოგს“, - ჰყვება ელენა.
2022-2023 წლებში წამალი ისევ უფასოდ მიაწოდეს, მაგრამ 2024 წელს „ჰუმალოგი“ აფთიაქებიდან გაქრა. ივნისში შვეიცარიულმა კომპანიამ (Swixx BioPharma) რუსეთში წამლების შეტანა შეწყვიტა. ახლა მოსკოვში პრეპარატი ზრდასრულებისთვის მხოლოდ ერთი სახისაა.
„შემომთავაზეს ან რუსულ წამალზე გადავსულიყავი, ან საბავშვოზე (ანალოგზე). საბავშვო ვამჯობინე. უარესი ხარისხია, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. იანვრიდან ესეც აღარ იშოვება. წლის განმავლობაში მესამედ შევიცვალე ინსულინი - ამჯერად რუსულს ვიკეთებ. იანვრიდან ინსულინის ტუმბოს ნაწილებიც გაქრა. მომიწევს ტუმბოც გამოვცვალო. ეს ყველაფერი ძალიან ძვირი ჯდება“, - ამბობს ელენა.
წამლების დეფიციტი შეეხო ონკოპაციენტებსაც. 2024 წლის მაისში აფთიაქებიდან გაქრა კიბოს ესპანური წამალი „ენდოქსანი“. მანამდე გაუჩინარდა ამერიკული „აბრაქსანი“ და შვეიცარიული „პიკრეი“. ისინი სამედიცინო დაზღვევის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატების სიიდან ამოიღეს, პაციენტების მომარაგება კი რეგიონების მმართველებს დაავალეს. ამის შემდეგ ხალხი ჩიოდა, რომ წამლებს აღარ აძლევენ.
კიბოს წამლების საკუთარი ფულით შეძენა დიდი ხარჯია. მაგალითად, „აბრაქსანი“ ფლაკონი 644 დოლარი ღირს, „პიკრეი“ - ორი ათასიდან სამი ათას დოლარამდე. ხანდახან „აბრაქსანი“ 12 ინიექცია არის საჭირო, თითოეულ ინიექციაზე წამლის 2-3 ფლაკონი მიდის.
მიუხედავად ღირებულებისა, მოთხოვნა მაინც დიდია, რადგან ამ წამლებს ავადმყოფები უკეთ იტანენ, ვიდრე თერაპიის სხვა საშუალებებს.
„კიბოს საწინააღმდეგო მოძრაობის“ მოკვლევის თანახმად, ყოველი მესამე გამოკითხული ჰყვება, რომ წამლების შოვნა უჭირს, ყოველი მეოთხე იძულებული იყო მედიკამენტები თავისი ფულით შეეძინა. სოფლებში თითქმის ყველა თავისი ფულით ყიდულობს.
არტიომი რეგულარულად იღებს „ლოზაპ პლიუსს“ - წნევის დამწევს.
„ორიოდე წლის წინ აბები უცბად გაქრა აფთიაქიდან. მთელი სერია ამოიღეს. ორი-სამი თვე ანალოგს ვსვამდი. ერთი აბის ნაცვლად - ორს, რადგან „ლოზაპ პლიუსი“ ორკომპონენტიანია. რუსული აბები ნამდვილად სუსტია ან პირიქით, ძალიან ძლიერი შარდმდენი ეფექტი აქვს“, - ამბობს არტიომი.
მსგავს ვითარებაში აღმოჩნდა 43 წლის მარია ხაბაროვსკიდან. ის წნევის დასაწევად იტალიურ „ტრიტაცეს“ სვამდა. ისიც გაქრა. მისი ანალოგები ხელმისაწვდომია, მაგრამ... „შემადგენლობა მართლაც იგივეა. განსხვავება დამხმარე ნივთიერებასა და ორგანიზმის ინდივიდუალურ მიმღებლობაშია. „ტრიტაცეზე“ წნევა სტაბილური მქონდა. როდესაც გაყიდვიდან გაქრა, სლოვენიურ პრეპარატებზე გადავედი. არ მარგო, წნევა მაღლა მიწევდა. მერე უნგრული ვცადე და ის გამომადგა“.
წამლების დეფიციტი მოხუცებსაც შეეხოთ, მაგალითად, 86 წლის ქალს პეტერბურგში, რომელიც არითმიის გამო „კორდარონს“ სვამს. მისი შვილი ჰყვება, რომ ერთხელაც წამალი აფთიაქში აღარ დახვდა და ნარჩენებს მთელ ქალაქში ჯავშნიდა, შემდეგ კი სამი დღე აგროვებდა.
„ჯერ მარაგი გვაქვს და მშვიდად ვარ. ამასწინათ კარდიოგრამა გავუკეთეთ, ესეც ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. მაგრამ ვითარება მაინც მძაბავს, მივალ ერთხელაც აფთიაქში და იქ კიდევ რამე არ იქნება“, - ამბობს ის.
ანტიდეპრესანტები და ვაჭრობა „ტელეგრამზე“
დეფიციტურია ფსიქოტროპული პრეპარატებიც. მოსკოველი ვალერია (სახელი შეცვლილია) ჰყვება, რომ 2023-2024 წლებში აფთიაქებიდან დროდადრო ქრებოდა „ზოლოფტი“ და ამიტომ მის ინდურ შემცვლელს ყიდულობდა. განსხვავება არ უგრძნია, თუმცა ამბობს, რომ ორიგინალი მაინც ყოველთვის ჯობს.
ივანიც მოსკოვში ცხოვრობს და მასაც იგივე პრობლემა აქვს. მან „ზოლოფტი“ ესპანური „სიმბალტათი“ ჩაანაცვლა, მაგრამ ეს წამალიც გაქრა. ამის შემდეგ სლოვენიურ „დულოქსენტინზე“ გადავიდა. ორი თვის შემდეგ კი უცხოეთიდან ორიგინალი პრეპარატის შემოტანის გზა გამონახა - „ტელეგრამზე“ გადამყიდველებისგან ყიდულობს. ამბობს, რომ უფრო იაფი უჯდება.
წამლების ეს ბაზარი როგორ მოქმედებს, ივანმა არ იცის. მისი თქმით, პრეპარატები თურქეთიდან და ინდოეთიდან შემოაქვთ. „ორიგინალი წამლები მოაქვთ, ოღონდ სხვა ქვეყნებში დამზადებული“, - განმარტავს ის. გადამყიდველები ხან ქრებიან, ხან ისევ ჩნდებიან. წამალს ჩატებით უკვეთენ.
მსგავსი ჩატები 2022 წლიდან ძალიან მომრავლდა. „ახალი ევროპის“ ჟურნალისტი ამბობს, რომ მისი ანგარიშით, 2024 წელს ასეთ ჩატებში 1280 დასახელების წამალზე იყო მოთხოვნა. მათგან თითქმის ნახევარი რუსეთის აფთიაქებში არ იძებნება.
გადამყიდველებისგან წამლების გამოწერა იმიტომაც არის პოპულარული, რომ მედიკამენტებით ვაჭრობის ოფიციალურ პუნქტებში წამლები გაძვირდა, რაც შესაძლოა მაღალ ინფლაციას უკავშირდებოდეს.
წამლების დეფიციტზე ასევე საუბრობს მოსკოვის მკვიდრი მარია. იანვარში მან შეამჩნია, რომ ფასი ჰორმონალური პრეპარატისა „ანჟელიკ მიკრო“, რომელსაც მენოპაუზის დროს ნიშნავენ, 20 დოლარიდან 24 დოლარამდე გაიზარდა. თან ძნელად იშოვებოდა. ახლა ის 23-31 დოლარი ღირს.
მალე მარიას ანტიბიოტიკის, „ჯოზამიცინის“ ძიებაც მოუხდა, შვილისთვის სჭირდებოდა. „ძებნისას აღმოვაჩინეთ, რომ რუსეთში მისი გაყიდვა აკრძალულია. როგორც გავიგე - სანქციების გამო. ანალოგი ჩვენთან არ იწარმოება“.