პროსახელისუფლებო მედია ზედიზედ რამდენიმე დღე გადასცემდა ცნობებს იმის შესახებ, რომ საგუშაგომ საოკუპაციო ხაზთან ვითარება დაამძიმა და გახარიამ ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირება მოახდინა.
"ქართული ოცნების" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთა ლოგიკით, მათმა ყოფილმა მინისტრმა, მათი ხელისუფლების პირობებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს პოლიციის საგუშაგო ყველას უგულებელყოფით, თვითნებურად ააშენა და ლამის ახალი ომი გამოიწვია; ხელი კი მას ვერავინ შეუშალა.
გახარიამ გამოკითხვისას თქვა, რომ შესაძლოა ახლა გადათქვან, მაგრამ მაშინ „ყველამ ყველაფერი იცოდა“ და რომ 2019 წლის აგვისტოში დრო არ ითმენდა, „დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო.
ჩორჩანის საგუშაგოს დადგმის შემდეგ, მალევე, შს მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. საგამოძიებო კომისიის დღევანდელი თავმჯდომარე თეა წულუკიანი, როგორც ვიცე-პრემიერი, გარკვეული პერიოდი გახარიას მოადგილე იყო.
„სუსმა ოსებისგან შეიტყო“
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის [სოფელ ჩორჩანაში] საგუშაგოს განთავსება იყო სიურპრიზი“, „სუსმა მერე აიცილა საფრთხე, რომ იქ ცეცხლი არ გაეხსნა ვიღაცას და ეს თქვენი დაყენებული საგუშაგო არ დაეცხრილა“, - უთხრა სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას 15 აპრილის სხდომაზე.
წულუკიანი იმეორებდა, რომ 2019 წლის აგვისტოს მიწურულს ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში შს მინისტრმა საგუშაგო „შეუთანხმებლად“, „სიურპრიზად“, „ერთპიროვნული გადაწყვეტილებით“ ააგო; გახარიას სათანადო პროცედურები არ გაუვლია და რომ საგუშაგოს აგების შესახებ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეიტყო ოსებისგან, ცხელი ხაზით“.
„მაგარი სუსი გვყოლია ოსებმა თუ შეატყობინეს... გაქანებული მუშაობა მიდიოდა - ოთხი სამინისტრო მუშაობდა იქ“, - გიორგი გახარიას მონათხრობით, გზის გაყვანა და საგუშაგოს აშენება შეთანხმებული იყო სუსის მაშინდელ უფროსთანაც [ვახტანგ გომელაური], პრემიერ-მინისტრთანაც, ყველა საჭირო უწყებასთან, ქვემო ქართლის ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ხოლო პროცესში აქტიურად მონაწილეობდა ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თავისი ტექნიკით -„ყველამ ყველაფერი იცოდა“.
სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ალექსანდრე ტაბატაძე 2019 წელს სუსის უფროსის მიადგილე იყო. ტაბატაძემ სხდომაზე დაუდასტურა გახარიას, რომ ნამდვილად იყო კომუნიკაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შს სამინისტროს შორის, მაგრამ თქვა ისიც, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური [საგუშაგოს აგების] კატეგორიულად წინააღმდეგი იყო“.
„მოჰყვა დაძაბულობა იმ დონეზე, რომ ოსებმა, სეპარატისტულმა რეჟიმმა მზადყოფნაში მოიყვანა თავისი საჯარისო ფორმირებები და გავიარეთ ომის ზღვარზე. ამას მოჰყვა ის, რომ დააგეს ახალი პოსტები“; „ის ნაწილი, რის დაცვასაც ვაპირებდით, კი არ დავიცავით, პირიქით მოხდა ეს ყველაფერი. ეს იყო შედეგი. ამიტომ ვფრთხილობდით“, - უთხრა ტაბატაძემ გახარიას.
სადავო კომისიის წევრთა შეფასებაა, რომ, საგუშაგოს აგების ნაცვლად, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ადგილზე პატრულირება უნდა დაეწყო, ხოლო საგუშაგოს აგების საკითხი „სეპარატისტულ და საოკუპაციო ძალასთან“ უნდა შეთანხმებულიყო - ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის წესების შესაბამისად.
კომისია გახარიას პროცედურების დარღვევაში სდებს ბრალს და მტკიცებულებებს მოითხოვს.
- თეა წულუკიანი: „დოკუმენტი უნდა არსებობდეს, თუნდაც იმეილის სახით, ჩვენ თქვენ რომ დაგიჯეროთ, რომ პროცედურა იყო დაცული. პროცედურა არ ყოფილა დაცული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუგზავნია შეტყობინება საგუშაგოს მოწყობის შესახებ ტექნიკური შეთანხმების შესაბამისად, ვინაიდან თქვენ...“
- გიორგი გახარია: „და რუსები გაბრაზდნენ...“
- თეა წულუკიანი: ისინი სულ გაბრაზებულები არიან..."
- გიორგი გახარია: "ამით განსაკუთრებით, შეტყობინება რომ არ მიიღეს..."
- თეა წულუკიანი: „ერთი წუთით, ჩვენ ვსაუბრობთ პროცედურაზე და მერე შედეგებზე...“
- გიორგი გახარია: „უკაცრავად, ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდა რომ გადავწყვიტეთ, ეს იყო შეთანხმებული ვინმესთან?!“ [ბოდიშის მოხდაზე ბიძინა ივანიშვილმა პირველად ილაპარაკა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, გორში გამართულ შეხვედრაზე, რასაც საზოგადოების ვნებათაღელვა მოჰყვა].
„რამდენი ახალი საგუშაგო და საოკუპაციო ხაზი გადმოუწევიათ, თქვენ გგონიათ, ჩვენ ვინმე რამეს გვატყობინებდა?!“ ეს არის ქაღალდზე დაწერილი პროცედურა, რომლის დარღვევითაც საოკუპაციო რეჟიმი მავთულხლართებს წლების განმავლობაში რუსებთან ერთად ავლებდა ქვეყანაში“, - გახარიამ თქვა, რომ მოქმედებისთვის დიდი დრო აღარ ჰქონდათ და ოპერაცია „დასწრების პრინციპით“ დაიგეგმა, რადგან უკვე დაწყებული იყო ჩორჩანის ტყის მიტაცება. საოკუპაციო რეჟიმისთვის გეგმის შეტყობინება კი ოპერაციას ჩაშლიდა.
„თქვენ ძლევამოსილი იყავით და შს მინისტრი რომ იყავით, იქცეოდით პრემიერ-მინისტრივით", - ერთ ეპიზოდში წულუკიანმა გახარიას "სუპერძლევამოსილიც" უწოდა, მისი წარსულის გახსენებისას.
რატომ აიგო საგუშაგო? იყო თუ არა საჩქარო ამის გაკეთება?
„ისინი აკონტროლებდნენ ამ ტყეს [სოფელ ჩორჩანაში], ისინი პატრულირებდნენ ამ ტყეში. ქართველები არ პატრულირებდნენ. იქ პატრულირებდა საოკუპაციო რეჟიმი. ჩვენ იქ ვერ შევდიოდით“, - კომისიის სხდომაზე გახარიამ თქვა, რომ საგუშაგოს დადგმა, მათ შორის - გდდ-ს პატრულის უსაფრთხოების დასაცავად გადაწყდა. მან ასევე გაიხსენა, რომ საგუშაგოს დადგმამდე, კარგა ხნით ადრეც, საოკუპაციო ძალები ტყეში აკავებდნენ ადგილობრივებს და აფრთხილებდნენ რომ „ეს ცხინვალის ტერიტორია“ იყო; ხოლო ხეებზე დატოვებული ფერადი აღნიშვნები და ტრაფარეტები მკაფიოდ მიუთითებდა იმაზე, რომ საოკუპაციო რეჟიმს, „1922 წლის ფეიკ რუკით“, ტყის მასივის მიტაცება ჰქონდა გადაწყვეტილი.
მედიის არქივი ადასტურებს, რომ ჩორჩანის ტყეში ხეების მონიშვნა საგუშაგოს დადგმამდე თვეებით ადრე დაიწყო.
ჯერ კიდევ 2019 წლის 10 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გავიდა არხის მაშინდელი ჟურნალისტის, გიორგი ცხვიტავას რეპორტაჟი, რომელშიც ის ჰყვება, თუ როგორ დაკარგა 16-კომლიანმა სოფელმა შემოსავლის ერთადერთი წყარო - ტყე, სადაც ადგილობრივები ძირითადად ნახირს აძოვებდნენ, ხე-ტყით სარგებლობდნენ და ჯონჯოლს აგროვებდნენ.
ჟურნალისტი ჰყვებოდა, რომ უკვე გამომჟღავნებული იყო საოკუპაციო რეჟიმის ინტერესი - ჩორჩანის მიდამოებში ტალკის საბადო - და უკვე აღმოჩენილი იყო საოკუპაციო ხელწერისთვის დამახასიათებელი აღნიშვნები ტყეში. ამ ყველაფერს ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფებიც ადასტურებდნენ.
„ადგილობრივებმა დაგვიდასტურეს, რომ ისინი იყვნენ ძალიან შეშინებული - უპატრონოდ იყვნენ მიტოვებული... მოხალისეებზე გადიოდა რეალურად მთელი ძალისხმევა...საგუშაგოს განთავსება ნიშნავს, რომ შენ იქ წარმოადგენ ლეგიტიმურ ხელისუფლებას და ხარ პასუხისმგებელი შენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.
ერთი საგუშაგო კი არა, შეიძლება ათი საგუშაგო განათავსო, ვითარების მიხედვით. საქართველოს მოქალაქის უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ამიტომ ვიხდით გადასახადებს და ვუხდით ხელფასს [სახელმწიფო უწყებებს]“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სამხედრო საკითხების მიმომხილველი, ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა.
ჩორჩანის მოვლენებს წინ უსწრებდა ბორდერიზაცია გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში, 2019 წლის აგვისტოს დასაწყისში.
გახარიას თანაგუნდელი კახაბერ ქემოკლიძე, რომელიც 2019 წელს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი იყო, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს დადგმა დიდწილად სწორედ გუგუტიანთკარის ამბავმა დააჩქარა.
„აგვისტოს დასაწყისში, გუგუტიანთკარში ხელმეორე ბორდერიზაცია დაიწყეს და ფიქსირებული მავთულხლართები, რომლებიც ორი წლის წინ ჰქონდათ ჩადგმული, კიდევ უფრო სიღრმეში გადმოწიეს ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე... როდესაც რუკების კოორდინატებს შევადარეთ, ზუსტად 1922 წლის რუკის ხაზებს ამთხვევდნენ“, - ქემოკლიძე გვეუბნება, რომ 1922 წლის რუკის მიხედვით, საოკუპაციო რეჟიმს ჩორჩანის მიღმა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ კიდევ 27 ტერიტორიული ერთეულის მიტაცება ჰქონდა დაგეგმილი.
ქემოკლიძე სხვა დეტალებსაც იხსენებს ჩორჩანაში საგუშაგოს აგების შესახებ:
- მშენებლობა დაგეგმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა [გდდ], რომელსაც ევალება საოკუპაციო ხაზის კონტროლი.
- „უღრან ტყეში“, „ურთულეს რელიეფზე“ 7-კილომეტრიანი გზის გაყვანაზე თითქმის ერთი კვირა დასჭირდათ [ხმაურობდა ტექნიკა და ეს პროცესი შეუმჩნეველი ვერავისთვის დარჩებოდა].
- საგუშაგო ამოქმედდა 24/7-ზე რეჟიმით და იქ მუდმივად იყვნენ შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯგუფები [საგუშაგო დღემდე მოქმედია].
- 2019 წლის აგვისტომდე ადგილზე არ იყო ნორმალური გზა, რის გამოც ტერიტორიაზე პატრულირება უჭირდათ როგორც პოლიციის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, ასევე ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას.
ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას [EUMM] საგუშაგოს გახსნა არ გაუპროტესტებია და არც ის არ აღუნიშნავთ, რომ ეს გადაწყვეტილება შეუთანხმებელი ან თვითნებური იყო.
მათი 2019 წლის 16 სექტემბრის განცხადებაში წერია:
- “20-დან 24 აგვისტომდე მონაკვეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ ახალი სადამკვირვებლო საგუშაგო იქნა აღმართული სოფელ წნელისის შემოგარენში” [წნელისი ოკუპირებული სოფელია - რ.თ.];
- “საგუშაგო აღმართულია, დაახლოებით, 240 მეტრის მოშორებით ადმინისტრაციული გამყოფი ხაზიდან და მდებარეობს თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე”;
- საგუშაგო განთავსდა “ამ სივრცეში ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მდებარეობის ტრადიციული აღქმის გათვალისწინებით”.
1922 წლის რუკა "და ოსების "კომისია"
საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებულ საკითხებს რადიო თავისუფლებისთვის წლების განმავლობაში დეტალურად აშუქებდა ჟურნალისტი გოგა აფციაური. ჩვენთან საუბრისას იხსენებს, რომ 1922 წლის რუკას თავიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრეზიდენტი ბიბილოვი ლობირებდა და ამ მიზნით მან „სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიაც“ შექმნა:
“ჩორჩანას წაღება უნდოდათ ტალკის საბადოს გამო, რადგან ოკუპირებული წნელისის ტერიტორიაზე დარჩენილი იყო ამ ტალკის გადამამუშავებელი რაღაც საწარმო. აქ ოსი და რუსი ბიზნესმენების ინტერესებიც იყო - უნდოდათ, რომ ეს საბადო როგორმე ჩაეგდოთ ხელში. საგუშაგომ მათ განზრახვებს იმ ეტაპზე შეუშალა ხელი”.
გოგა აფციაურის მონათხრობით, მოგვიანებით ბიბილოვი მიხვდა, რომ 1922 წლის რუკა მთლად აღარ აწყობდათ, რადგან, მაგალითად, ოკუპირებული ზემო არცევი „საზღვრის“ მიღმა რჩებოდა და „კომისიის“ მუშაობა შეაჩერა.
ამავე თემასთან კავშირში, ჟურნალისტისთვის საყურადღებოა, რომ დე ფაქტო პარლამენტის წევრ სამ “დეპუტატს”, რომლებიც ბიბილოვის “კომისიის” წევრები იყვნენ, რუსეთმა მოქალაქეობა ჩამოართვა 2024 წელს - „რუსეთის საზღვართან ახლოს მზარდი დაძაბულობის გამომწვევი ქმედებების“ მიზეზით.
„ფაქტია, რომ რუსეთის ФСБ-ს ძალების, სასაზღვრო ძალების პოზიცია ნეიტრალური იყო 2019 წელს, ჩორჩანის გახსნის დროს, თორემ ბიბილოვს სამხედრო ძალები გამოყვანილი ჰყავდა და ეს ადგილობრივმა ტელეარხმაც აჩვენა. ოკუპირებულ წნელისში ბიბილოვმა ახალი საგუშაგოები გახსნა და გამოიყვანა ეს ძალები. ფაქტია, რომ მას ხელი შეუშალეს რუსებმა, რადგან ვერც ქართული მხარე და ვერც ევროპელები ამას პირდაპირ ვერ შეძლებდნენ“, - გვეუბნება გოგა აფციაური.
რა არის შედეგი?
პროსახელისუფლებო მედია ზედიზედ რამდენიმე დღე გადასცემდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საგუშაგომ ვითარება კიდევ უფრო დაძაბა - ადგილობრივების სახელით ვრცელდება ცნობები, რომ საგუშაგოს გახსნით ქართულმა მხარემ დამატებითი ტერიტორიები დაკარგა.
დაახლოებით იგივე ხდებოდა კომისიის სხდომაზეც, 15 აპრილს.
თეა წულუკიანი გახარიას უმეორებდა, რომ მისი „სიურპრიზის“ შედეგად საოკუპაციო ხაზი თითქმის 1,5 კილომეტრით გადმოიწია და ქვეყანამ „დანის პირზე“ გაიარა.
„110 ჰექტარი ტყე აიღეს და წაიღეს“, „საგუშაგოები მანამდე არ იყო და ახლა არის“, „უფრო მეტი უსაფრთხოების რისკები გვაქვს“, - ამბობდა წულუკიანი.
- ალექსანდრე ტაბატაძის გამოთვლით, დაკარგული ტერიტორიის ფართობი 100 ჰექტარია, ტყის მასივი - "ხაშურის რაიონშია რამდენიმე სოფელი და გადმოიწია საოკუპაციო ხაზმა“.
- კახაბერ ქემოკლიძე გვიდასტურებს, რომ გარკვეული ტერიტორია მართლაც დაიკავა, მაგრამ „1800 ჰექტრიდან 1680 ჰექტრის გადარჩენა მოხერხდა“.
„რომ არ დაგვესწრო, 1800 ჰექტარს წაიღებდნენ... და დამატებითი დასაბუთებული პრეცედენტული პრეტენზია გაუჩნდებოდათ - იმ დამატებით 27 ტერიტორიაზე [1922 წლის რუკის მიხედვით]“, „[მათი] მთავარი მიზანი იყო, გამოგონილი რუკის საფუძველზე ჩორჩანის 1800 ჰექტარი ტყის მოჭრა საქართველოსთვის“. ამაზე გიორგი გახარიამაც ილაპარაკა სადავო პარლამენტის სხდომაზე, მაგრამ თეა წულუკიანი მის სიტყვებს ტყუილებს უწოდებდა და ხაზს უსვამდა, რომ სიმართლეს მოგვიანებით პროკურატურა დაადგენს.
„კიდევ კარგი, ომის დაწყებას არ მაბრალებთ. ისეთი სისწრაფით მიდიხართ, რომ მალე ომის დაწყებასაც დამაბრალებთ“, - პასუხობდა გახარია ბრალდებებზე.
გახარიას სხდომის მიღმაც შეუტიეს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი კირცხალია შს ყოფილ მინისტრს “აგენტურული ქსელის” წარმომადგენელს უწოდებს და მედიას ეუბნება, რომ ჩორჩანაში სწორედ გახარიას გადაწყვეტილებებს მოჰყვა საზღვრის გადმოწევის “ერთადერთი შემთხვევა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში".
- კახაბერ ქემოკლიძე გვეუბნება, რომ ბორდერიზაცია „გაცოცხლდა 2013 წლის გაზაფხულიდან“ და უკვე 2021 წლის მარტისთვის [როცა ის შსს-ს ტოვებდა] უკვე „58 კილომეტრზე იყო გავლებული ახალი მავთულხლართები ჯამურად [საოკუპაციო ხაზის 350-კილომეტრიან მთლიან მონაკვეთზე]“, რითაც „ახალი მიტაცებული ტერიტორიები შეღობეს, „ქართული ოცნების“ პირობებში“. ქემოკლიძეს არ აქვს მონაცემები, თუ რა ფართობს მოიცავს მიტაცებული მიწა 58-კილომეტრიანი ზოლი.
ჩორჩანის საგუშაგოს მიმართ „ქართული ოცნების“ დღევანდელი დამოკიდებულება, კახაბერ ქემოკლიძის შეფასებით, „პირდაპირ სიგნალს აძლევს დე ფაქტოებს - რაც გინდათ, ის გააკეთეთ ოკუპაციის ხაზზე, სადაც გინდათ, გააგრძელეთ ბორდერიზაციაო" და "ეს არის უდიდესი სახელმწიფო დანაშაული“.
უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ამჟამად გახარიას თანაგუნდელი თეონა აქუბარდია თავიდანვე უჭერდა მხარს ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნას, მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” მიმართ მაშინაც მწვავედ კრიტიკული იყო.
ექვსი წლის წინანდელი პოზიცია, სხვებთან ერთად, აქუბარდიასაც გაუხსენა “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წარმომადგენელმა ვატო შაქარიშვილმა; ხოლო გახარიას მან გარე ძალების დაკვეთით ომის პროვოცირებაში დასდო ბრალი.
თეონა აქუბარდია გვეუბნება, რომ გახარიასთვის ომის პროვოცირების დაბრალება 2008 წლის ომის დაწყებაში “საკუთარი სამშობლოს დადანაშაულების პოლიტიკის ნაწილია - რასაც ივანიშვილი სამარცხვინო ბოდიშის შემდეგ აკეთებს”.
„2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები იყო კონფლიქტის პროვოცირების კლასიკური სცენარი, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები ამჯერად გახარიას ხელით ახორციელებდნენ”, - წერს შაქარიშვილი.
2019 წელს ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნას საქართველოში საჯაროდ თითქმის არავინ აკრიტიკებდა, “ქართული ოცნების” ოპონენტებს შორისაც კი. ოკუპირებული საქართველოს მოქალაქეები ამ და მსგავს ნაბიჯებს დაგვიანებულადაც კი თვლიდნენ.
საოკუპაციო ზოლთან ახლოს საგუშაგოების გახსნა, სხვადასხვა დროს, ადგილობრივებს ეიმედებოდათ, რადგან თავს უფრო დაცულად გრძნობდნენ.
თავად გახარია კი სწრაფად მიიწევდა წინ.
- ჩორჩანის მოვლენების დროს გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იყო.
- 2019 წლის 3 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.
- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, გახარია პარტიული სიის პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყო.
- 2020 წლის დეკემბერში - ის კვლავ გახდა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი.
2021 წლის 18 თებერვალს გახარია გადადგა.
ზარი "დიპ სტეიტისგან"
16 აპრილს პროსახელისუფლებო “რუსთავი 2-თან" ინტერვიუში “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ, განსაკუთრებით, შს მინისტრის პოზიციაზე ყოფნის დროს, გახარია მოქმედებდა “გარე ძალების დაკვეთით“, მისი მთავარი ამოცანა იყო „ქართული ოცნების" იმიჯის დაზიანება. მან თქვა ასევე, რომ გახარიას პოსტიდან გაშვება უნდოდათ, მაგრამ “კონკრეტულმა სახელმა და გვარმა დარეკა კონკრეტული კაბინეტიდან, სადაც იჯდა „დიფ სთეითის" წარმომადგენელი”; “ზარი იყო ქვეყნის გარედან, რომელმაც თქვა, რომ მათთვის არ იყო მისაღები გახარიას გადადგომა”.
კობახიძის მონათხრობით, “ზარი „დიფ სთეითიდან"”გაისმა 10-15 წუთის განმავლობაში მას შემდეგ, რაც გახარიას თანამდებობიდან წასვლის საჭიროებაზე აცნობეს და მან საუბრის გასაგრძელებლად “ითხოვა 10-15 წუთი”. კობახიძემ დასძინა, რომ “დიფ სტეიტიდან” რეკავდა “საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი”, გვარები არც ამჯერად გაამხილეს.
„დიპ სტეიტმა“ "ქართული ოცნების" რიტორიკაში თანდათან ჩაანაცვლა „გლობალური ომის პარტია“. კონკრეტიკის, დამაჯერებელი არგუმენტებისა და სამართლებრივი დასტურის გარეშე ბევრს უჭირს „ოცნების“ ვერსიის დაჯერება, რომ ყოვლისშემძლე "დიპ სტეიტს" გავლენა აქვს მთელ დასავლურ სამყაროზე, იმორჩილებს საერთაშორისო ინსტიტუციებს - ხელმოცარული კი მხოლოდ „ქართული ოცნების“ წინაშეა.
„დიპ სტეიტის“ დამარცხებაში „ოცნებას“ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის იმედი ჰქონდა, თუმცა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად დასუსტდა.
ფორუმი