პუტინთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი აპირებს დაურეკოს ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებსაც და საქმის კურსში ჩააყენოს - რა შემოთავაზება ექნება პუტინს.
11 აგვისტოს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ევროპელებთან “შესანიშნავი ურთიერთობები” აქვს.
ევროპელი, უკრაინელი და აშშ-ის ლიდერების საუბარი ოთხშაბათსაც არის დაგეგმილი, ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე 2 დღით ადრე.
რას ცდილობს ევროპა?
რა სურთ ევროპელ ლიდერებს, ბოლო დღეებში განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიკვეთა - ისინი მიესალმებიან პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას, მაგრამ მდგრადი მშვიდობა მხოლოდ უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით წარმოუდგენიათ. უკრაინის ინტერესებს კი - საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებთან აიგივებენ.
“უკრაინელ ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება გადაწყვიტოს თავისი მომავალი. უკრაინაში მშვიდობის გზა არ უნდა განისაზღვროს უკრაინის გარეშე” - ვკითხულობთ ევროპელი ლიდერების მიერ 12 აგვისტოს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში. ტექსტში ნათქვამია ასევე, რომ:
- “სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა, რომელსაც მოაქვს სტაბილურობა და უსაფრთხოება, პატივს უნდა სცემდეს საერთაშორისო სამართალს, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების ჩათვლით”;
- “საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით”;
- “კონსტრუქციული მოლაპარაკებები შესაძლოა გაიმართოს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საბრძოლო მოქმედებების შეზღუდვის კონტექსტში”;
- “უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს აქვს უფრო ფართო ზეგავლენა ევროპისა და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე”;
- “[პრობლემის] დიპლომატიურმა გადაწყვეტამ უნდა დაიცვას უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების სასიცოცხლო ინტერესები”.
ევროპელი ლიდერები ასევე წერენ, რომ აშშ-სთან და სხვა თანამოაზრეებთან კოორდინაციით, კვლავაც გააგრძელებენ თავდაცვით ომში მყოფი უკრაინის დახმარებას - პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მიმართულებებით. ასევე, წვლილს შეიტანენ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნის პროცესში და კვლავაც გააგრძელებენ რუსეთისთვის შემზღუდველი ზომების დაწესებას.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს მადლობა ფეისბუკპოსტითაც გადაუხადა - უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ასეთი მკაფიო მხარდაჭერისთვის და აქტიური დიპლომატიისთვის, რამაც შესაძლოა საფუძველი ჩაუყაროს ომის დასრულებას "ღირსეული მშვიდობით".
ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსეთს ომის დასრულებისთვის მზადება არ ეტყობა და უფრო პირიქით, მისი მოქმედებები უკრაინაში ახალი შეტევითი ოპერაციების მზადებაზე მიუთითებს.
მანამდე, 10 აგვისტოს, უკრაინის მხარდამჭერი კიდევ ერთი, ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს აწერენ: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ შტუბი.
ლიდერები აღნიშნავენ, რომ რუსეთთან დიპლომატიური ძალისხმევა მხოლოდ წნეხის თანხლებით იქნება ეფექტიანი; ხაზს უსვამენ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფის აუცილებლობას, უკრაინის საკითხთან მთელი ევროპის უსაფრთხოების ინტერესების თანხვედრას და აქტიური თანამშრომლობის პერსპექტივებს აშშ-ისთან.
ევროკავშირის ლიდერების ერთობლივ განცხადებას, რომელიც 12 აგვისტოს გამოქვეყნდა, ხელს არ აწერს მხოლოდ უნგრეთის პოპულისტი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი. მოგვიანებით მან ახსნა, რომ ალასკაში შეხვედრის წინ დამაზიანებლად თვლის ევროკავშირის მიერ მითითებების გაცემას “სათადარიგო სკამიდან” - რადგან “ევროკავშირი განზე დარჩა” და ის ალასკაში დაგეგმილ შეხვედრაზე არ მიუწვევიათ.
ერთი დღით ადრე, 11 აგვისტოს, პრეზიდენტმა ტრამპმა ვიქტორ ორბანი თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ახსენა - როგორც “ძალიან, ძალიან ჭკვიანი” კაცი, რომელიც “ზოგს უყვარს და ზოგს არა”. გაიხსენა, რომ, ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, უკითხავს ორბანისთვის - შეძლებს თუ ვერა უკრაინა რუსეთის დამარცხებას? და ტრამპისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა ორბანის პასუხი - ჩინეთი იმარჯვებს ვაჭრობით, რუსეთი იმარჯვებს ომით.
რას აპირებს დონალდ ტრამპი?
თავად ტრამპი არ ფიქრობს, რომ ევროპელები განზე დატოვა. პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ჯერ მოუსმენს პრეზიდენტ პუტინს, ნახავს - არის თუ არა მისი წინადადება „სამართლიანი“ და შეხვედრის შემდეგ სწრაფადვე დაურეკავს როგორც ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებს, ასევე - უკრაინის პრეზიდენტს.
ტრამპმა თქვა ასევე, რომ ის დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას არ გეგმავს და არც იმას გამორიცხავს, რომ შეხვედრის ოთახთან ერთად მოლაპარაკებების პროცესიც დატოვოს. ეს მას ადრეც არაერთხელ უთქვამს.
ახლო წარსულში, პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინს შეთანხმებების დარღვევაში არაერთხელ დასდო ბრალი, 50-დღიანი ვადაც დაუწესა, მერე ეს ვადა შეამცირა - 8 აგვისტომდე; მაგრამ 8 აგვისტოს ბევრისთვის მოულოდნელად გამოაცხადა, რომ - 15 აგვისტოს ვლადიმერ პუტინს ალასკაში შეხვდება.
ზარი ალასკიდან
პრეზიდენტმა ტრამპმა 11 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე, არაერთხელ გაიმეორა, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, საქმის კურსში ჩააყენებს ევროპელებსა და პრეზიდენტ ზელენსკის. ერთ ეპიზოდში მან ასევე აღნიშნა, რომ “პატივისცემის ნიშნად” პირველ რიგში, დაურეკავს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.
“მე შეიძლება ვუთხრა მას [ზელენსკის] – წარმატებებს გისურვებ, გააგრძელე ბრძოლა! ანდა შეიძლება ვუთხრა - ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ შეთანხმებას”, - დონალდ ტრამპის თქმით, პუტინთან შეხვედრის მიწურულს და “შესაძლოა -[შეხვედრის] პირველ ორ წუთშიც” მას ზუსტად ეცოდინება, შესაძლებელია თუ არა გარიგების დადება.
ტრამპი ამბობს ასევე, რომ საბოლოო მიზანი პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ხელშეწყობაა და ოთახში, სადაც ასეთი შეხვედრა შედგება, თავად შესაძლოა იყოს ან არ იყოს, მაგრამ სჯერა, რომ რუსეთის და უკრაინის ლიდერები, ოთახში მარტო დარჩენილებიც, მიაღწევენ შეთანხმებას.
საერთაშორისო მედიაში ბევრი წერს, რომ ვაშინგტონი მოსკოვსა და კიევს კომპრომისებისთვის ამზადებს.
“იქნება მიწების გაცვლა. ეს ვიცი რუსეთისგან და ყველასთან საუბრებით - უკრაინისთვის სასიკეთოდ. [ეს არის] კარგი რაღაც, არა ცუდი რაღაც. ასევე არის - ცოტა ცუდიც, ორივესთვის [უკრაინა, რუსეთი]. არის კარგიც და ცუდიც... შეიძლება იყოს მიწების გაცვლა, შეცვლა. ჩვენ შეიძლება შევცვალოთ ფრონტის ხაზი. რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის დიდი ნაწილი, საუკეთესო ტერიტორია” - ეს დონალდ ტრამპის სიტყვებია.
“ტერიტორიების გაცვლა” - ეს ფრაზა მოსვენებას უკარგავს უკრაინელებს - რომლებიც უკვე მეოთხე წელია, დიდი მსხვერპლის ფასად იცავენ ქვეყანას, რუსეთის თავდასხმისა და ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ.
ტელეგრამ-არხებზე თუ სპეციალურ ჯგუფებში, მედიაში უკრაინელები დიდი ინტერესებით არჩევენ ყველა დეტალს, ყველა ნიუანსს, რომლებსაც ახლა მრავლად ავრცელებს საერთაშორისო მედიაც.
ერთი ასეთი ვერსიით, რუსეთმა მომლაპარაკებლების ჩართულობით კიევს შესთავაზა - უბრალოდ უარი თქვას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე და სანაცვლოდ მხოლოდ ომის შეწყვეტას მიიღებს; და რომ კრემლი არ აპირებს სამხრეთით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას - სადაც რუსეთს გაჭრილი აქვს სახმელეთო გზა ყირიმისკენ.
ხერსონელი ექსპერტი, ვლადიმირ მოლჩანოვი არ ფიქრობს, რომ ტერიტორიების გაცვლა იქნება შესაძლებელი. მისთვის ყველაზე მოსალოდნელი სცენარია - ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის ხაზის გასწვრივ.
„ტერიტორიების გაცვლა ტექნიკურად შეუძლებელია. მით უფრო, აშკარაა, რომ რომ რუსეთს მხოლოდ ტერიტორიები აინტერესებს. მათ არ სურთ არცერთი [ოკუპირებული] ტერიტორიიდან გასვლა. იტყვიან - ეს ჩვენი მიწაა, კონსტიტუციაში გვიწერიაო. ამიტომ, რაღაც გაცვლებზე იმედის დამყარება არ ღირს“, - მოლჩანოვის ციტატას რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური ავრცელებს.
უკრაინელები დიდწილად სკეპტიკურად არიან განწყობილი, რომ ალასკის შეხვედრა რაიმე ხელშესახებს და მით უფრო - პოზიტიურს მოიტანს.
“პოზიტიური მოვლენების დიდი იმედი არ გვაქვს. ვფიქრობ, ეს არის ახალი ფაზა “დედლაინების” ჯაჭვში. ვშიშობ, რომ შესაძლოა ეს რაღაც აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლომდე გაგრძელდეს”, - უთხრა “ქარენთ თაიმს” კიევის მკვიდრმა კაცმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პუტინი „ძველმოდური გზით“ სიარულს ცდილობს, რათა ტრამპთან შეხვედრის დროს - „ტერიტორიებისა და გავლენის სფეროების დაყოფაზე“ ილაპარაკოს.
„მაგრამ ნათელია, რომ ეს ასე არ მუშაობს... ჩვენ ვერ დავეთანხმებით იმას, რასაც უკრაინა არ ეთანხმება. თუკი უკრაინა არ ეთანხმება რაიმე გარიგებას, ის უბრალოდ ვერ შესრულდება“, - თქვა კალასმა.
Bloomberg-ის თანახმად, ევროპის ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან, აშშ-ის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი პუტინთან მისი შეხვედრის წინაც შედგება. ამ ინფორმაციას სააგენტო გერმანიის კანცლერის პრესმდივან სტეფანზე დაყრდნობით ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, დონალდ ტრამპი დაელაპარაკება გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერსა და ასევე - იტალიის, პოლონეთისა და ფინეთის პრემიერ-მინისტრებს.
ფორუმი