Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორბანმა განმარტა, რატომ არ შეუერთდა უკრაინის შესახებ ევროკავშირის განცხადებას


უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაასახელა მიზეზები, რომელთა გამოც არ შეუერთდა უკრაინის შესახებ ევროკავშირის ლიდერთა განცხადებას.

ევროკავშირის განცხადება, რომელსაც წევრი სახელმწიფოებიდან მხოლოდ უნგრეთი არ შეუერთდა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, 12 აგვისტოს გამოქვეყნდა.

ევროკავშირის ლიდერთა განცხადებით, უკრაინაში სამართლიანი და მყარი მშვიდობა, რომელსაც სტაბილურობა და უსაფრთხოება მოაქვს, უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართალს, მათ შორის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და იმას, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალით არ უნდა იცვლებოდეს.

ორბანმა, რომელმაც უკრაინაში ომის მიუხედავად, პუტინთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა, კარგი ურთიერთობა აქვს ტრამპთანაც, უკრაინის ხელისუფლებას კი ხშირად აკრიტიკებს, 12 აგვისტოს სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ სანამ „ლიბერალური მეინსტრიმის გუნდი შეასრულებს თავის ახალ საყვარელ მელოდიას პუტინის მარიონეტი“, გადაწყვიტა თავად ახსნას, რატომ არ შეუძლია უნგრეთის სახელით განცხადების მხარდაჭერა.

ვიქტორ ორბანის თანახმად, ევროკავშირის განცხადებაში არის მცდელობა, დაადგინონ პირობები შეხვედრისთვის, რომელზეც ევროკავშირის ლიდერები არ მიუწვევიათ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, თავად ფაქტი, რომ ევროკავშირი განზე დარჩა, სამწუხაროა და ერთადერთი, რასაც სიტუაციის გაუარესება შეუძლია, სათადარიგოთა სკამიდან მითითებების მიცემა იქნებოდა. ორბანი ევროკავშირის ლიდერების ერთადერთ გონივრულ ქმედებად მიიჩნევს რუსეთ-ევროკავშირის სამიტის ინიციირებას აშშ-რუსეთის შეხვედრის მაგალითზე დაფუძნებით.

15 აგვისტოს ალასკის შტატში დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობებით, პუტინი უკრაინაში ომის შეწყვეტის სანაცვლოდ მოითხოვს, რომ უკრაინამ დათმოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი. პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელები თავიანთ მიწას ოკუპანტს არ აჩუქებენ.




ფორუმი

XS
SM
MD
LG