Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​​უკრაინა, პალესტინა... „ორმაგი სტანდარტი“ თუ ახალი ცენზურა კინოში​


კადრი ფილმიდან „რუსები ომში“
კადრი ფილმიდან „რუსები ომში“

​გასულ წელს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი კინაღამ დროზე ადრე დასრულდა იმის გამო, რომ პროგრამაში იყო ანასტასია ტროფიმოვას ფილმი „რუსები ომში“.

ეს არ ყოფილა მსოფლიო პრემიერა - კანადაში მცხოვრები რუსი რეჟისორის ნამუშევარი ათი დღით ადრე ვენეციის კინოფესტივალზე ერთ-ერთ პროგრამაში უჩვენეს. პრემიერამ იქ მეტ-ნაკლებად მშვიდად ჩაიარა. ბევრი ამბობდა, რომ ვენეციის ბიენალეზე „რუსები ომშის“ სეანსი „გაეპარათ“, რადგანაც იმ დღეებში ჟურნალისტები ქართული ფილმის პროგრამიდან მოხსნის სკანდალით უფრო იყვნენ გატაცებულნი. გახსოვთ, ალბათ, რომ რუსუდან გლურჯიძის „ანტიკვარიატის“ დაგეგმილი სეანსი რამდენიმე საათით ადრე გაუქმდა, რადგან რეჟისორი ყოფილმა პარტნიორებმა საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს. „ანტიკვარიატი“ კი დააბრუნეს პროგრამაში, მაგრამ სადღაც ფესტივალის ბოლო დღეებში, როცა ვენეციის ფესტივალზე აკრედიტებული ჟურნალისტების უმრავლესობა უკვე ტორონტოს კინოფესტივალზე იყო წასული, სწორედ იქ, სადაც „რუსები ომში“ უნდა ეჩვენებინათ. ​

უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაციის დაწყების შემდეგ ფაქტობრივად ყველა ავტორიტეტულმა საერთაშორისო კინოფესტივალმა დაასანქცირა რუსეთის კინემატოგრაფისტები. 2022 წლიდან დღემდე რუსეთში გადაღებული, განსაკუთრებით ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული ფილმები მსოფლიოს კინოფორუმებზე არ უჩვენებიათ. ფესტივალები აკრედიტაციაზე დღემდე უარს ეუბნებიან ჟურნალისტებს, რომლებიც პუტინის პროპაგანდისტულ მედიაში მუშაობენ. მაგრამ ფილმებს, ცხადია, ეთნიკური ნიშნით არ არჩევენ - თუკი ავტორი არ ცხოვრობს რუსეთში და იღებს ფილმს დასავლური ფულით, ის არ არის შეზღუდული დიდ ფესტივალებზე... თანაც ღირებული მხატვრული დონის ფილმის გადაღება დღევანდელ რუსეთში, სადაც ხელოვნება პუტინის პროპაგანდითაა გაჯერებული, ისედაც შეუძლებელია. ​

კანადის მოქალაქე ანასტასია ტროფიმოვა წლების მანძილზე მუშაობდა პუტინის პროპაგანდისტულ მედიაში, „Russia today”-ის არხზე. 2023 წელს შეაღწია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონაში, დონბასის რაიონში და 7 თვე იღებდა კინოს სეპარატისტულ ტერიტორიაზე. ტროფიმოვა დაელაპარაკა რუს ჯარისკაცებს, რომლებიც ფრონტზე აღმოჩნდნენ - ზოგი საკუთარი სურვილით წავიდა, რადგან სჯეროდა რომ „უკრაინელ ნაცისტებს ებრძვის“, ზოგი მობილიზაციამ აიძულა, ზოგს კი იმედი ჰქონდა რომ „კარგად გადაუხდიდნენ“... რეჟისორმა გადაიღო უკრაინელებიც, რომლებიც რუსების მხარეს იბრძვიან. ​

დემონსტრანტები შეიკრიბნენ ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე (TIFF) ფილმის „რუსები ომში“ ჩვენების წინ. კანადა, 2024 წლის 10 სექტემბერი
დემონსტრანტები შეიკრიბნენ ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე (TIFF) ფილმის „რუსები ომში“ ჩვენების წინ. კანადა, 2024 წლის 10 სექტემბერი

“რუსები ომში” აბსოლუტურად მოკლებულია ავტორის შეფასებას და აქვს პრეტენზია ობიექტურობაზე. თუმცა კრიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ ტროფიმოვა შეფარულად ცდილობს გაუღვიძოს მაყურებელს თანაგრძნობა ჯარისკაცების მიმართ იმ მოტივით, რომ დამნაშავეები არა ეს ახალგაზრდები, არამედ რუსი პოლიტიკოსები და პირველ რიგში ვლადიმირ პუტინია… ფილმს “რუსები ომში” უფრო მკაცრი შემფასებელიც გამოუჩნდა - ხალხი, რომელიც მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გადაღება ავტორის პოზიციის გარეშე, “ობიექტურად”, უკვე არის ომის გამართლება, ამიტომ ასეთი ფილმი არ უნდა უჩვენონ ავტორიტეტულ ფესტივალზე. ​

ვენეციის ბიენალესგან განსხვავებით ტორონტოს ფესტივალზე ანასტასია ტროფიმოვას არ გაუმართლა. უკრაინის კანადური სათვისტომოს, კანადაში უკრაინის საელჩოს პროტესტის შემდეგ “რუსეთის ომი” პროგრამიდან ამოიღეს. ​

„ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ფილმი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ან ფსბ-ს ჭკვიანი ჩინოვნიკების დაკვეთით გადაიღეს... მიუხედავად იმისა, რომ ავტორს აგრესიის ბუნება გაგებული აქვს, ფილმში რუსი ჯარისკაცები გაადამიანურებულები არიან“, - წერდა შარშან ალექსანდრ როდნიანსკი, საბჭოთა და უკრაინელი პროდიუსერი, ამერიკული „ოსკარის“ ოთხგზის ნომინანტი, ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი მსოფლიო კინოინდუსტრიაში. რუსეთიდან დასავლეთში გადახვეწილ რუს ლიბერალებს ღიად თითქმის არ გამოუხატავთ პროტესტი „რუსეთის ომის“ დაცენზურების გამო. ​

გასულ კვირას ალექსანდ როდნიანსკი გამოეხმაურა ახლა უკვე ტორონტოს წლევანდელ ფესტივალს, რომელიც 4 სექტემბერს უნდა გაიხსნას. 14 აგვისტოს გაირკვა რომ ტორონტოს კინოფორუმის დირექციამ გააუქმა სეანსები კანადელი რეჟისორის ბარი ეივერიჩის უკვე დაანანსებული ფილმისა „ჩვენ შორის გზა: საბოლოო ხსნა“, რომელიც პენსიაზე გასული ისრაელელი გენერლის, ნოამ ტიმბონის ისტორის ყვება. ტიმბონმა, რომელიც ბევრჯერ დაუპირისპირდა ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკას, 2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტებისგან იხსნა თავისი ოჯახის წევრები. იგი თავდასხმის დღეს არაერთ ადამიანს დაეხმარა, ერთი მხრივ, სამაშველო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა და ამავდროულად, ნეთანიაჰუს გადადგომისაკენ მოუწოდებდა.​

ერთ-ერთი პირველი, ვინც გაავრცელა ინფორმაცია ეივერიჩის ფილმის ამოღებაზე ტორონტოს კინოფესტივალის პროგრამიდან სწორედ ალექსანდრ როდნიანსკი იყო:​

„ფორმალური საბაბი აღმოჩნდა ის, რომ ფესტივალმა არ მიიღო ნებართვა უჩვენოს ფილმი, რომელშიც ტერორისტების ხოცვა-ჟლეტის ტრანსლაციაა ჩართული.. მთელი ფილმი თავად ტერორისტების მიერ, მათ სხეულებზე დაკიდებული კამერებით და მობილური ტელეფონებით გადაღებული კადრებითაა აწყობილი. ამიტომ ფესტივალი თავს იკავებს ფილმის ჩვენებისგან. მე ამას კომენტარს ვერ დავურთავ..." ​

ზოგიერთმა კინემატოგრაფისტმა, რომელმაც გასულ წელს გააპროტესტა ტროფიმოვას ფილმის ჩართვა ტორინტოს ფესტივალის პროგრამაში, ახლა პასუხი მოსთხოვა ფესტივალს პროგრამიდან ბარი ეივერიჩის ფილმის ამოგდების გამო. ​

კინოსამყაროში ახალი ტიპის ცენზურაზე ლაპარაკი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტორონტოს კინოფორუმის დირექციამ ეს ცვლილება პროგრამაში ახსნა როგორც მხოლოდ და მხოლოდ „იურიდიული კაზუსი“... ფილმის რეჟისორს არ აუღია სხვისი გადაღებული კადრების გამოყენების უფლება, ამიტომ ფესტივალი ვერ უჩვენებს ფილმს, რომელშიც... საავტორო უფლებებია დარღვეული. კანადის ებრაული თემი, რომელმაც პირველმა გააპროტესტა ტორონტოს კინოფორუმის ეს გადაწყვეტილება აღნიშნავს, რომ „ტორონტოს ფესტივალის დირექცია იცავს ტერორისტების საავტორო უფლებებს... სინამდვილეში კი მას ფესტივალის დღეებში მოსალოდნელი ანტიისრაელური აქციები აფრთხობს".

ტორონტოს ფესტივალის დირექციას გაახსენეს, რომ ეს უძველესი კინოფორუმი ყოველთვის მხარს უჭერდა თავისუფალ აზრს და ახალ ფორმებს, გამოჩნდნენ კინოკრიტიკოსები, რომლებიც აკრედიტაციის დაბრუნებით იმუქრებოდნენ თუკი ფესტივალის დირექცია არ აღადგენდა პროგრამაში ბარი ეივირიჩის ფილმს. ​

15 აგვისტოს ფესტივალის დირექტორმა კემერონ ბეილმა (2021 წელიდანაა ტორონტოს კინოფორუმის სათავეში) გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ესაუბრა ფილმის ავტორებს, პროდიუსერებს, იურისტებს... და დარწმუნებულია, რომ "პრობლემა გადაწყდება“... ბეილი წერს, რომ 20 აგვისტოს გამოცხადდება როდის და სად ნახავს მაყურებელი სკანდალურ ფილმს. ​

ტორონტოს ფესტივალის დირექტორის წერილს არაერთი გამოეხმაურა. ბევრი წერს, რომ ჰამასისგან „ნებართვის მოთხოვნა“ მათ მიერ გადაღებული კადრების გამოყენების გამო შესაძლოა ანტიტერორისტული კანონმდებლობის დარღვევაც კი იყოს. იხსენებენ ფილმებს, რომლებშიც გამოყენებულია ნაცისტების, ასევე ISIS -ის, ალყაიდის მიერ გადაღებული კადრები. არავის აუღია მათგან ნებართვა და ამ ფილმებს უპრობლემოდ უჩვენებდნენ მსოფლიოს კინოფესტივალებზე. ​

ტორონტოს „ებრაელი კინორეჟისორების ქსელის“ საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ მომავალი ფესტივალის პროგრამაში 5 პალესტინური ფილმია ჩართული... და რომ ფესტივალის დირექციის გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯია, რომელსაც გამართლება არ აქვს.​

კრიტიკოსი ანდრე პლახოვი, რომელიც ტორონტოს ფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ გულშემატკივრად ითვლება (იგი არ ცხოვრობს რუსეთში) თავის ფეისბუკგვერდზე წერს, რომ ტორონტოს კინოფორუმი, რომელიც ერთხანს კანის და ვენეციის კონკურენტად იქცა ცენზურას და თვითცენზურას ვერ დაუპირისპირდა:​

„ამ შთაბეჭდილებას ბოლო ორ წელიწადში მომხდარი ორი ინციდენტი ადასტურებს... ისეთი ფილმების ჩვენება, რომელთაც შეუძლიათ მაყურებლის პოლარიზაცია და ცხარე დებატების გამოწვევა ადვილი არ არის. ცენზურა და აკრძალვა ბევრად უფრო ადვილია“.​

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG