ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ფარულად მიიღო: არც ოფიციალური საიტები, არც სახელმწიფო მედიასაშუალებები ან ტელეგრამარხები ამის შესახებ არაფერს იუწყებოდნენ. “იდელ.რეალიის“ უყვებიან, რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული სარგოს ასეთი მნიშვნელოვანი შემცირება რესპუბლიკაში, რომელიც ომში დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობით რუსეთში მეორე ადგილზეა.
რა მოხდა?
თათრეთსა და რუსეთის სხვა რეგიონებში იხდიან ერთჯერად სარგოს უკრაინასთან ომში მონაწილეობის მისაღებად ხელშეკრულების გაფორმებისთვის. ფედერალური ხელისუფლება იხდის მხოლოდ 400 ათას რუბლს, დანარჩენი კი არის მუნიციპალური (ქალაქის, სოფლის და ა.შ.) და რეგიონული გადახდები. ამასთან, რეგიონული გადახდები ყველაზე მნიშვნელოვანია.
თათრეთის ხელისუფლებამ ხელშეკრულების გაფორმებისთვის ერთჯერადი გადახდა ბოლოს მიმდინარე წლის აგვისტოში გაზარდა - მაშინ საერთო თანხა (ფედერალური ფულის ჩათვლით) 3 მილიონ 100 ათას რუბლს აღწევდა. იმ დროს აღნიშნული მაჩვენებლით რესპუბლიკა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ლიდერთაგანი იყო. თათრეთის სახელმწიფო მედია და პროსახელისუფლებო ტელეგრამარხები კი განუწყვეტლივ ავრცელებდნენ ინფორმაციას თანხის ზრდაზე.
„რუსტამ მინიხანოვის [თათრეთის პრეზიდენტი - რთ]გადაწყვეტილებით, თათრეთში გაიზარდა ერთჯერადი სარგო რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმების მსურველთათვის. თანხა შეადგენს 3 მილიონ 100 ათას რუბლს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანხა ქვეყანაში. მას აქვს ორი მდგენელი: 2 მილიონ 700 ათასს იხდის რესპუბლიკა, 400 ათას რუბლს კი თავდაცვის სამინისტრო“, - წერდა 2025 წლის 8 აგვისტოს ტელეგრამარხი „აპარატნაია“, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს მინიხანოვის პრესსამსახურს.
მსგავსი ცნობები, მათ შორის - „გამარჯვების არმიაში შესვლის“ მოწოდებებით, რეგიონული მედიის სოცქსელების უმრავლესობაში გამოჩნდა.
ერთჯერადი რესპუბლიკური გადასახდელის აგვისტოს ზრდა 2025 წლის დასაწყისიდან რიგით მესამე იყო. იანვარში გაიზარდა 1.5 მლნ რუბლამდე (მუნიციპალიტეტებიდან - 300 ათასით, ფედერალური ბიუჯეტიდან - 400 ათასით), მოგვიანებით - 2.1 მლნ რუბლამდე (300 ათასით - მუნიციპალიტეტებიდან და 400 ათასით - ფედერალური ბიუჯეტიდან).
6 ოქტომბერს „იდელ.რეალიის“ ყურადღება მიიქცია იმან, რომ რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოს - „ტატარ-ინფორმისა“ და ხელისუფლებასთან დაახლოებული სხვა მედიასაშუალებების საიტებზე განახლდა ბანერები ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოწოდებით. ერთჯერადი 3.1 მილიონი რუბლის ნაცვლად, მოხალისეებს უკვე მხოლოდ 800 ათას რუბლს (400-400 ათასი რესპუბლიკური და ფედერალური ბიუჯეტებიდან) სთავაზობდნენ. დაზუსტებით არ არის ცნობილი დარჩა თუ არა მუნიციპალური გადახდები.
გარდა ამისა, განახლდა ინფორმაცია თათრეთის სამხედრო კომისარიატის საიტზე (და ისიც მხოლოდ „საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის“ განყოფილებაში, მთავარ გვერდზე ამ დრომდე რჩება ბანერი 3.1 მლნ რუბლით) და საკონტრაქტო სამსახურის საიტზე - „თათრეთის გმირები“.
ამასთან, რესპუბლიკურმა მედიამ და ტელეგრამარხებმა ეს ცნობა - სარგოს ზრდაზე ცნობისგან განსხვავებით - სრულიად უგულებელყვეს.
გამოცემა "7x7"-მა შეისწავლა არქივ Wayback Machine-ის მონაცემები და მივიდა დასკვნამდე, რომ „თათრეთის გმირების“ საიტზე სარგოს ოდენობა ერთი კვირით ადრე, ყველაზე გვიან 27 სექტემბერს შეიცვალა.
ერთჯერადი რეგიონული გადახდების ზრდაზე გადაწყვეტილებებს ადრე თითქოს პირადად რუსტამ მინიხანოვი იღებდა. ამის შესახებ 2025 წლის 8 აგვისტოს წერდა, მაგალითად, ტელეგრამარხი „აპარატნაია“.
„იდელ.რეალიიმ“ შეისწავლა რესპუბლიკისა და თათრეთის ხელმძღვანელის საიტზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოქვეყნებული დოკუმენტები, თუმცა იქ გადახდის შემცირება ნახსენები არ არის. თავად მინიხანოვიც არაფერს ამბობდა მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
აღსანიშნავია, რომ თათრეთში ერთჯერადი სარგო შეამცირეს არა მხოლოდ მათთვის, ვინც უკრაინასთან ომში წასვლა გადაწყვიტა, არამედ მათთვისაც, ვისაც სურს შესვლა „აფრიკის კორპუსში“, რომელსაც ბოლო თვეებში აქტიურად აპიარებს რესპუბლიკური მედია.
„აფრიკის კორპუსი“ - რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც შეიქმნა 2023 წლის ბოლოს. კორპუსის საქმიანობას კურირებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს-ბეკ ევკუროვი (ინგუშეთის ექსპრეზიდენტი).
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (აშშ) აღნიშნული ქვედანაყოფის უმთავრეს მიზნად აფრიკაში რუსული გავლენის განმტკიცებასა და რუსეთისადმი ლოიალური მთავრობებისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ასახელებს. თათრეთი ამ კორპუსის შევსების ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრია.
ამჟამად „აფრიკის კორპუსი“ მოქმედებს მალიში, ბურკინა-ფასოში, ნიგერში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ლიბერიაში.
მხოლოდ თათრეთში დაწიეს ერთჯერადი გადახდის თანხა?
უკრაინასთან ომში წასასვლელად კონტრაქტის დადებისთვის გადახდების შემცირება პირველად არ ხდება. მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში ასეთი გადაწყვეტილებები მიიღეს ბაშკირეთის, იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის, ბელგოროდის, ნიჟეგოროდისა და სამარის ოლქების ხელისუფლებებმა. თუმცა, ჩამოთვლილ სუბიექტებში ისე მნიშვნელოვნად არ შეუმცირებიათ, როგორც თათრეთში.
ამასთან, ამ დღეებში ტიუმენის ოლქში პირიქით - ერთბაშად ორჯერ, 3 მილიონ რუბლამდე გაზარდეს თანხა.
რატომ გადადგა ასეთი ნაბიჯი თათრეთის ხელისუფლებამ ახლა?
ექსპერტები ერთმნიშვნელოვნად ვერ პასუხობენ შეკითხვას, რა იყო თათრეთში ერთჯერადი სარგოს ასე მკვეთრად შემცირების მიზეზი.
სოციოლოგი, რომელსაც „იდელ.რეალიი“ ესაუბრა (რედაქცია რესპონდენტის სახელს არ წერს, „რუსეთში არასასურველი ორგანიზაციების შესახებ კანონის“ გამო), ფიქრობს, რომ თათრეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება შესაძლოა იყოს „რაღაც ინდივიდუალური შეთანხმებების ან თავისებურებების“ შედეგი.
„შესაძლოა, მათ [ხელისუფლებამ] მოძებნეს სამხედრო კონტრაქტის დაფინანსების რაღაც სხვა წყარო. თუ ანალოგიურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ სხვა რეგიონებიც, ეს უკვე იქნება სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილების გამოხატულება. ახლა ეს მოვლენა საყურადღებოა, მაგრამ ჯერჯერობით - უმნიშვნელო“, - აღნიშნავს სოციოლოგი.
ეკონომისტს, რომელსაც „იდელ.რეალიი“ ესაუბრა (რედაქცია რესპონდენტის სახელს არ წერს, „რუსეთში არასასურველი ორგანიზაციების შესახებ კანონის“ გამო), ასევე გაუჭირდა თათრეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზების დასახელება, თუმცა აღნიშნა ფინანსური მდგენელის შესაძლო არსებობა.
„შემოსავლების გეგმის შესრულება, რა თქმა უნდა, თათრეთშიც დაძაბულად მიმდინარეობს. როგორც თითქმის მთელ ქვეყანაში, იქაც მცირდება საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული თანხები, თუმცა ვითარება თათრეთში სავსებით ნორმალურია. ამასთან, რეგიონები, რომელთა საბიუჯეტო მდგომარეობა ბევრად უარესია, აგრძელებენ გადახდების ოდენობების შენარჩუნებას“, - შეგვახსენებს ექსპერტი.
მისი აზრით, რეგიონების ხელისუფლებები „კონკრეტულ გადახდებს“ „მოსკოვთან არ ათანხმებენ“.
„ვფიქრობ, თათრეთი არის ერთ-ერთი მცირე რეგიონთაგანი, რომელსაც შეუძლია საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკებიდან გადახვევა და მათ ეფექტიანობაზე საკითხის წამოჭრა. რეგიონებს შორის შეჯიბრება - ვინ მეტს გადაიხდის თავიანთი ბიუჯეტებიდან - უცნაურად გამოიყურება“, - ეუბნება „იდელ.რეალიის“ რესპონდენტი.
ეკონომისტი ფიქრობს, რომ ახლა „საჭიროა წესებისა და თანხების უნიფიკაცია“.
„გარდა ამისა, ლოგიკურია, თუ ეს თანხები პირდაპირ ფედერალური ბიუჯეტიდან დაიფარება. საბოლოოდ, რეგიონების უმრავლესობა, ასე თუ ისე, ბიუჯეტს მხოლოდ ფედერალური ბიუჯეტიდან არაასანაზღაურებადი დაფინანსების მოლოდინით აბალანსებს. ცენტრალიზაცია და უნიფიკაცია მთელ პროცესს გამჭვირვალეს გახდიდა. შესაძლებელია, თათრეთს სურს როგორღაც შეცვალოს წესები“, - ასკვნის ექსპერტი.
2025 წლის ბოლოსთვის თათრეთის ბიუჯეტის დეფიციტი, სავარაუდოდ, 31 მილიარდ რუბლს (დაგეგმილი 13.5 მლრდ რუბლის ნაცვლად) შეადგენს. სექტემბრის შუა რიცხვებში თათრეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ რესპუბლიკის კონსოლიდირებული ბიუჯეტის (ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების გათვალისწინებით) შემოსავლები 2026 წელს იქნება 604.8 მლრდ რუბლი, ხარჯები - 618.2 მლრდ; დეფიციტი - 13.4 მლრდ რუბლი.
გამოცემა KazanFirst-ი წერდა, რომ თათრეთის ხელისუფლებას არაერთხელ გამოუთქვამს შეშფოთება საშემოსავლო გადასახადით მიღებული შემოსავლების შემცირების გამო. რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2025 წლის პირველი შვიდი თვის შედეგების მიხედვით, ამ გადასახადიდან მიღებული შემოსავლები 3.1 მილიარდი რუბლით ნაკლები იყო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თათრეთის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რომელიც სექტემბრის შუა რიცხვებში გაიმართა, პრემიერმინისტრმა ალეკსეი პესოშინმა განაცხადა, რომ რვა თვის ოპერატიული მონაცემებით, შემოსავლები უკვე 5.3 მლრდ რუბლით იყო შემცირებული.
თათრეთის 2026 წლისა და 2027-2028 წლების გეგმური პერიოდის ბიუჯეტის პროექტს 15 ოქტომბრის საპარლამენტო მოსმენაზე გაიტანენ.
კიდევ ერთი ეკონომისტი (რედაქცია რესპონდენტის სახელს არ წერს, „რუსეთში არასასურველი ორგანიზაციების შესახებ კანონის“ გამო) აღნიშნავს, რომ „არსებული შემოსავლებით, თათრეთსაც კი არ შეუძლია კონტრაქტების დამდებებისთვის მაღალი ანაზღაურების შეთავაზება, მიუხედავად იმისა, რომ ამ რესპუბლიკას ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონული ბიუჯეტი აქვს“.
„საქმე ის არის, რომ, სერიოზულად თუ ვილაპარაკებთ, ახლა არ არის [ფრონტის შევსების] უკიდურესი აუცილებლობა, როგორც ეს სულ დასაწყისში მობილიზაციის დროს იყო. როგორც მესმის, ახლა ფრონტზე საჭიროზე მეტი ადამიანია. შევსებაზე მოთხოვნა არის, მაგრამ ის [ხალხის შეგროვების მიმდინარე ტემპით] კმაყოფილდება. რეკრუტირების გაზრდას შედეგად მოჰყვება ხარჯებისა და ფრონტზე სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა, რისთვისაც მოსკოვი მზად არ არის. მას აკმაყოფილებს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ (СВО) ახლანდელი ტემპი“.
ივლისის შუა რიცხვებში თათრეთის ხელმძღვანელმა რუსტამ მინიხანოვმა განაცხადა, რომ რესპუბლიკის დაახლოებით 45 ათასი მცხოვრებმა მიიღო მონაწილეობა ან ახლაც მონაწილეობს უკრაინასთან ომში. მანამდე, 2025 წლის მარტში, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინაში საომრად თათრეთიდან 38 169 პირი იყო წასული.
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან კონტრაქტით და მობილიზაციის გზით წასულია 38 169 პირი. მთლიანობაში, კონტრაქტით გაშვების, მხარდაჭერის, სამუშაოს ყველა გეგმური მაჩვენებელი გასული წლისთვის - 12951 ადამიანი - გადაჭარბებით შევასრულეთ. ამიტომ 2025 წელსაც გადაჭარბებით მივდივართ, გეგმურ დავალებებზე ვმუშაობთ“ - მოახსენა პუტინს მინიხანოვმა.
„იდელ. რეალიის“ რესპონდენტიც ფიქრობს, რომ რეგიონული გადახდების შემცირება თათრეთმა მოსკოვთან შეათანხმა.
„ეს რეგიონის უფლება იყო. ეს აუცილებლად განიხილებოდა მოსკოვთან. როგორც ჩანს, რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მოსკოვს უთხრა: „მორჩა, ამდენის გადახდა აღარ შეგვიძლია“. მოსკოვი დათანხმდა, უარზე არ წასულა, რადგან თათრეთი ბაშკირეთი არ არის, რომელიც ამ საკითხებში არეულ-დარეულია. თათრეთი არის რესპუბლიკა, რომელმაც ზუსტად და კონკრეტულად იცის საკუთარი ინტერესები და ესმის თითოეული ნაბიჯის შედეგები“, - აღნიშნავს ეკონომისტი.
„იდელ.რეალიისთან“ საუბრისას სამხედრო ექსპერტმა იან მატვეევმაც გამოთქვა ვარაუდი, რომ „მიზეზები ბიუჯეტში უნდა ვეძებოთ“: „დიდი ალბათობით, უბრალოდ ფულს ზოგავენ“.
პოლიტოლოგი თათრეთიდან - რუსლან აისინი (ის ახლა რუსეთში აღარ ცხოვრობს) ფიქრობს, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მიერ გადახდების შემცირებაზე მიღებული გადაწყვეტილება „ძალიან უცნაურია“. მისი აზრით, ეს შეიძლება მეტყველებდეს „საკითხისადმი ერთგვარ რადიკალურ მიდგომაზე“.
აისინი ასახელებს უკრაინაში საომრად წასასვლელად ხელშეკრულების გაფორმებისთვის გადახდის შემცირების რამდენიმე შესაძლო მიზეზს:
„პირველი - თათრეთს, რა თქმა უნდა, აქვს ფულის პრობლემა. ეს ცხადია, რადგან ომი, სანქციები, ინვესტორების გადინება და ა.შ. სერიოზულ დაღს ასვამს რესპუბლიკის ეკონომიკურ მდგომარეობას. მეორე - დიდი ალბათობით, მოსკოვმა გადაწყვიტა ფსონი დადოს ე.წ. დაქირავებულებზე სხვა სახელმწიფოებიდან: ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთ კორეიდან, აფრიკის სახელმწიფოებიდან. მესამე - ვფიქრობ, რუსეთი თანდათან დაასრულებს ომის აქტიურ ფაზას. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი იმალება თათრეთის ხელისუფლების ამ ერთ გადაწყვეტილებაში“, - ამბობს რუსლან აისინი.
გარდა ამისა, პოლიტოლოგი ასევე არ გამორიცხავს საყოველთაო მობილიზაციის ვარიანტს. აისინი შეგვახსენებს, რომ „ნაწილობრივი“ მობილიზაცია, როგორც რუსეთის ხელისუფლება უწოდებს, ჯერაც მოქმედებს - მის შეწყვეტაზე განკარგულება არ გამოცემულა. „ის ფაქტობრივად მიმდინარეობს, უბრალოდ საჭიროა მისი აქტივიზაცია“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი.
ამასთანავე, „იდელ.რეალიის“ რესპონდენტი ფიქრობს, რომ „ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი საფუძვლები ამგვარი მსჯელობისთვის, რადგან ომი პოზიციური ბრძოლის ფორმატში გადავიდა“, როცა წინა პლანზე გამოდის „დრონებით ბრძოლა, სარაკეტო დაბომბვები და ინფრასტრუქტურაზე დარტყმები, რა დროსაც პირადი შემადგენლობა დიდად საჭირო არ არის“.
თათრეთი რჩება ერთ-ერთ ლიდერად უკრაინასთან ომში დაღუპულების რაოდენობით. „იდელ.რეალიის“ დათვლით, 2022 წლის 24 თებერვლიდან თათრეთის სულ ცოტა 6223 მკვიდრი დაიღუპა. „მედიაზონისა“ და ბიბისის რუსულენოვანი სამსახურის მონაცემებით, ამ მაჩვენებლით თათრეთს მხოლოდ მეზობელი ბაშკირეთი უსწრებს.
ფორუმი