Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისტორიული დღე“ და „ტრამპის მარშრუტი“ რუსეთ-ირანის გვერდის ავლით - ალიევი და ფაშინიანი ვაშინგტონში


რას უნდა ელოდოს საზოგადოება 8 აგვისტოს ვაშინგტონში ფაშინიანი-ტრამპი-ალიევის სამიტიდან?
რას უნდა ელოდოს საზოგადოება 8 აგვისტოს ვაშინგტონში ფაშინიანი-ტრამპი-ალიევის სამიტიდან?

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები შვიდი აგვისტოდან ვაშინგტონში იმყოფებიან და ემზადებიან შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად სამმხრივი შეთანხმებების ხელმოსაწერად, სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით.

არაერთი მედიასაშუალების წინასწარი ცნობებით, ინიციატივა რეგიონში სტრატეგიული სატრანსპორტო, სამომავლო პერსპექტივაში კი ენერგეტიკული სატრანზიტო კომუნიკაციების განბლოკვა-გახსნას მოიცავს.

საეტაპო პროექტს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უწოდებს „ტრამპის მარშრუტს“ (TRIPP).

  • სამხრეთ კავკასიაში შეერთებული შტატების რაიმე ტიპის მონაწილეობას რუსეთი და ირანი ეწინააღმდეგებიან.
  • შეთანხმება დიპლომატიური მარცხია მოსკოვისათვის, რომელიც 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის მედიატორი იყო და რომელიც სურვილს გამოთქვამდა რეგიონში სამომავლოდ განბლოკილი კომუნიკაციების კონტროლზე.
  • საქართველო, რომელიც წლების განმავლობაში ითვლებოდა რეგიონში შეერთებული შტატების მოკავშირედ და თან ხშირად მასპინძლობდა სომხეთ-აზერბაიჯანის სხვადასხვა რანგის მოლაპარაკებებს, ამჯერად შორიდან ადევნებს თვალს იმას, რასაც დონალდ ტრამპი „ისტორიულ დღეს“ უწოდებს.

„რეგიონის პოტენციალის სრულად გახსნა“ - ტრამპი

თბილისის დროით რვა აგვისტოს, დილის სამი საათისათვის (ვაშინგტონში საღამოს შვიდი საათი იქნებოდა) შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დააანონსა ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა. მან საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა:

„მოუთმენლად ველი, ვუმასპინძლო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ხვალ თეთრ სახლში, მშვიდობის ისტორიულ სამიტზე“.

აშშ-ის პრეზიდენტმა დაწერა, რომ მისი ადმინისტრაცია დიდი ხანია ესაუბრება ორივე მხარეს და იქვე მიუთითა, როგორი იქნება ამ საუბრების კულმინაცია:

„ხვალ პრეზიდენტი ალიევი და პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი შემომიერთდებიან თეთრ სახლში სამშვიდობო ხელმოწერის ცერემონიაზე“.

ნიკოლ ფაშინიანიც და იჰლამ ალიევიც შვიდ აგვისტოს ჩავიდნენ ვაშინგტონში. ფაშინიანმა იმავე საღამოს მოასწრო ბიბლიის მუზეუმის დათვალიერება. ალიევი კი სტივ უიტკოფს შეხვდა.

ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში, ბიბლიის მუზეუმში. 7 აგვისტო
ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში, ბიბლიის მუზეუმში. 7 აგვისტო

დონალდ ტრამპი წერს, რომ სამშვიდობო დოკუმენტის ხელმოწერის გარდა, იქნება ორმხრივი შეთანხმებებიც, რომლებიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს შეეხება:

„აშშ აგრეთვე ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებებს ორივე ქვეყანასთან, ეკონომიკური შესაძლებლობების ერთად განსახორციელებლად, რომ ჩვენ შევძლოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალის სრულად გახსნა. ძალიან მეამაყებიან ეს მამაცი ლიდერები სომხეთისა და აზერბაიჯანის ხალხებისთვის სწორი საქმის კეთების გამო“.

თავის პოსტს დონალდ ტრამპი კვლავ 8 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრების მნიშვნელობის ხაზგასმით ასრულებს:

„ეს იქნება ისტორიული დღე სომხეთის, აზერბაიჯანისა და აშშ-ისთვის და მსოფლიოსთვის. ხვალამდე“.

რა ვიცით უფრო კონკრეტულად?

ოფიციალური წყაროებიდან - ჯერჯერობით ბევრი არაფერი.

ყველაზე ვრცელი ოფიციალური განმარტება დონალდ ტრამპის პოსტია Truth Social-ში. არც ერევანსა და არც ბაქოს წინასწარ არაფერი არ დაუდასტურებიათ.

თუმცა მედიაში გამოჟონა სამმხრივი სამიტის მოსალოდნელმა შედეგებმა.

ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“, უკრაინული „კიევ პოსტი“ და სხვები თეთრ სახლში წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რაზე თანხმდებიან ლიდერები:

  • ჩარჩო-შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ;
  • შეერთებული შტატები იღებს „ექსკლუზიურ უფლებას“ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე;
  • ამ დერეფანს ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უწოდებენ „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“.

ამავე ცნობებით, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომლითაც მოითხოვენ ეუთოს ფაქტობრივად ფუნქციადაკარგული მინსკის ჯგუფის დაშლას. აშშ, რუსეთთან და საფრანგეთთან ერთად, ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1992 წელს შექმნილი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა.

შტატები ასევე იმედოვნებს, რომ ბაქო-ერევნის შეთანხმება გზას გაუხსნის ვაშინგტონის მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან, „აბრაამის შეთანხმებასთან“ შესაერთებლად.

იმავე წყაროების თანახმად, დონალდ ტრამპი გეგმავს, საერთო შეთანხმებების მიღმა ცალ-ცალკე მოაწეროს ხელი ორი ქვეყნის ლიდერებთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმებს - მათ შორის, სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით.

საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება?

ჯერ ეს საკითხი კვლავ ბუნდოვანია.

ერთი მხრივ, დონალდ ტრამპი წერს, რომ ლიდერები იკრიბებიან „სამშვიდობო ხელმოწერის ცერემონიაზე“.

მეორე მხრივ, მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ის, რაზე ხელმოწერასაც მხარეები გეგმავენ, „მიმართულია“ „მშვიდობისკენ კონკრეტული გზისაკენ“.

და, რაც მთავარია, აზერბაიჯანის სახელისუფლებო მედია აღნიშნავს, რომ ბაქოს მიერ სომხეთისათვის წაყენებული გარკვეული პირობები, მათ შორის კონსტიტუციის ცვლილება, კვლავ ძალაშია.

აზერბაიჯანული გამოცემა APA წერს, რომ მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად:

  • მოხდება ინიციირება „შეთანხმებისა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და მშვიდობის დამყარების“;
  • ამ დეკლარაციაში მითითებული იქნება, რომ აუცილებელია „დამატებითი ნაბიჯების გადადგმა“ აღნიშნული შეთანხმების „ხელმოწერისა და რატიფიკაციის მიზნით“.

ამის მიუხედავად, ამერიკელი მაღალჩინოსნების მიერ მედიასთან დაანონსებული შეთანხმება „ტრამპის მარშრუტის“ შესახებ ახალი რეალობის შექმნის პერსპექტივას აჩენს რეგიონისა და მსოფლიოს ქვეყნებისათვის.

„ტრამპის მარშრუტის“ დეტალები

ბრიტანული „გარდიანი“ იუწყება, რომ სატრანზიტო დერეფანი პოტენციურად მოიცავს სარკინიგზო და ენერგეტიკულ (ნავთობისა და გაზის) ინფრასტრუქტურას, ასევე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მაგისტრალს.

„როიტერსის“ და „გარდიანის“ წყაროების ცნობით:

  • სომხეთის ტერიტორიაზე მარშრუტის ოპერირება მოხდება სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად;
  • სომხეთის მთავრობა იჯარით გადასცემს 43 კმ-იან მონაკვეთს შტატების მთავრობას;
  • შტატების მთავრობა, თავის მხრივ, ამ ტერიტორიას იჯარით გადასცემს ამერიკულ კონსორციუმს;
  • სწორედ ეს კონსორციუმი იქნება პასუხისმგებელი გზის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებასა და მოგვიანებით, მენეჯმენტზე.

"კიევ პოსტის" ცნობით, TRIPP-ის სამუშაო ჯგუფები სამმხრივი სამიტის დასრულებისთანავე, მომდევნო კვირიდან შეუდგებიან დეტალებზე მუშაობას და მათ დონალდ ტრამპი შეთანხმების მისაღწევად საბოლოო თარიღს („დედლაინს“) დაუთქვამს.

რა შედეგებს მოუტანენ სამიტი და ინიციატივები ამა თუ იმ მოთამაშეს?

აზერბაიჯანის სამი გამარჯვება

რეგიონის უმდიდრესი ქვეყანა, აზერბაიჯანი, - რომელიც ბოლო თვეებში მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის ფედერაციას და მასთან დიპლომატიურ დაპირისპირებაშია, - შტატებთან და სომხეთთან შეთანხმებით მოგებული არაერთი ასპექტის გამო რჩება.

„ტრამპის მარშრუტი“ ემთხვევა იმ გზას, რომელსაც ბაქო და ანკარა წლებია, ითხოვდნენ და რომელიც იძლევა საშუალებას, თურქეთიდან ტვირთებმა გაიაროს აზერბაიჯანის ექსკლავ ნახიჩევანზე, იქიდან - სომხეთის ტერიტორიის, სიუნიქის პროვინციის გავლით - დანარჩენ აზერბაიჯანამდე, რაც ცენტრალურ აზიამდე დამატებით წვდომას ნიშნავს.

„ზანგეზურის დერეფანი“, როგორც ბაქოსა და ანკარას წარმოედგინათ
„ზანგეზურის დერეფანი“, როგორც ბაქოსა და ანკარას წარმოედგინათ

ვაშინგტონში ალიევის ამ ვიზიტისას, აზერბაიჯანული სახელისუფლებო მედიის თანახმად, ასევე დაგეგმილია აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის რამდენიმე შეთანხმების გაფორმება:

აზერბაიჯანსა და შტატებს შორის დაიდება ურთიერთგაგების მემორანდუმი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ - ეს იმ ფონზე, როდესაც ილჰამ ალიევს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან მწვავე ურთიერთობები ჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

შეიქმნება ასევე სამუშაო ჯგუფი სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც ფოკუსირდება ორი ქვეყნის ურთიერთობების სამ ასპექტზე:

  1. რეგიონული კავშირებადობა - ენერგეტიკა, ვაჭრობა და ტრანზიტი;
  2. ეკონომიკური ინვესტიციები - მათ შორის ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ინფრასტრუქტურა;
  3. უსაფრთხოება - მათ შორის თავდაცვის შესყიდვები და ტერორიზმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლა.
ილჰამ ალიევი სტივ ვიტკოფს შეხვდა.
ილჰამ ალიევი სტივ ვიტკოფს შეხვდა.

დაბოლოს, აზერბაიჯანული მედიის ცნობითვე, შეერთებული შტატები გააუქმებს „თავისუფლების მხარდამჭერი აქტის“ 907-ე სექციას.

  • ეს სექცია კრძალავს შტატების მთავრობის მიერ აზერბაიჯანის მთავრობის დახმარებას. 2001 წლიდან 2023 წლამდე, სენატის მიღებული აქტის ძალით, შტატების ხელისუფლება ყოველწლიურად აუქმებდა ამ აკრძალვას, - რითაც ფაქტობრივად ეხმარებოდა აზერბაიჯანს.
  • 2024 წლიდან დღემდე აკრძალვა კვლავ ძალაშია - მიზეზი 2023 წელს აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღზე სრული კონტროლის დამყარება გახდა, რის ფონზეც ყარაბაღი თითქმის მთლიანად დაიცალა ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისგან.

სომხეთი: სტაბილურობა

სომხეთი, რომელმაც ყარაბაღის მეორე ომისა და უკრაინის ომის ფონზე რუსეთისგან დისტანცირება და საგარეო პოლიტიკის ძლიერი დივერსიფიკაცია დაიწყო, ასევე რჩება მოგებული.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა, სომხეთისათვის, - რომელიც სამხედრო თვალსაზრისით ახლა უკვე ბევრად ჩამოუვარდება თურქეთისგან და ისრაელისგან შესყიდული შეიარაღებით გაძლიერებულ აზერბაიჯანს, - ეს ინიციატივა აზერბაიჯანისგან შესაძლო აგრესიისგან დამცავი ფარი შეიძლება გახდეს.

სომხეთი რჩება მოგებული იმ სცენარშიც, როდესაც სახელმწიფო იჯარით გასცემს შეერთებულ შტატებზე „დერეფნის“ ტერიტორიას და ამგვარად, ერთი მხრივ, აზღვევს მას აზერბაიჯანის მხრიდან შესაძლო აგრესიისაგან (რის საშიშროებაზეც ერევანში ბევრს საუბრობდნენ) და მეორე მხრივ, იღებს ეკონომიკურ სარგებელს.

წინასწარ გაჟონილი ინფორმაციით, შეერთებული შტატები სომხეთთან გეგმავს უკვე არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების „გაცოცხლებას“, - რაც კავშირებადობის, ინვესტიციებისა და გარკვეულწილად უსაფრთხოების სფეროში სომხეთისთვისაც ნიშნავს სარგებლის მიღებას.

ეს ყველაფერი დამატებითი სარგებელი უნდა იყოს ნიკოლ ფაშინიანისათვის, რომელსაც პრორუსული ოპოზიციური ფლანგი, სომხური სამოციქულო ეკლესიისა და მილიარდერი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის დახმარებით, ბოლო პერიოდში ძლიერ ოპონირებას ჯერჯერობით უშედეგოდ უწევს და რომელმაც „რუსეთისგან ინსპირირებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“ აღკვეთა.

ახალი მარშრუტის ამოქმედების შემთხვევაში, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სომხეთი ერთგვარად ინტეგრირდება „შუა დერეფანში“, - უფრო მასშტაბურ მარშრუტში, რომელიც ევროპიდან თურქეთისა და კავკასიის გავლით ცენტრალურ აზიამდე, იქიდან კი ჩინეთამდე აკავშირებს ბიზნესსა და მომხმარებლებს.

სომხეთი აგრძელებს საგარეო პოლიტიკის შემოტრიალებას და საუბრებს ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილზეც. ამ ეტაპზე დაწყებულია მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად.

აშშ: მეტი ინტერესი კავკასიაში და ნობელის პრემია

შეერთებული შტატებისათვის ეს არის ამერიკული ინტერესების გაფართოების მორიგი არეალი, თუმცა ისე, როგორც ეს დონალდ ტრამპის მეტ-ნაკლებად იზოლაციონისტური მთავრობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს - აქცენტით ეკონომიკაზე და არა სამხედრო ელემენტზე.

როგორც „კიევ პოსტი“ წერს, TRIPP-ი არ არის არც სამხედრო ან თავდაცვითი ინიციატივა, - თუმცა ვაშინგტონი მარშრუტის უსაფრთხო ფუნქციონირების პასუხისმგებლობას იღებს.

ანონიმურობის პირობით მოსაუბრე ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა გამოცემის ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს უთხრეს, რომ აშშ „მტკიცე უსაფრთხოების გარანტიებს“ არ ჰპირდება მხარეებს და არც ამერიკული სამხედრო ძალების განთავსებას არ გეგმავს.

მაგრამ აშშ აპირებს, რომ კომერციული ინტერესების გათვალისწინებით, პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე, რომ მარშრუტი „იოპერირებს ყველა მხარისათვის უსაფრთხოდ“, რის უზრუნველყოფასაც მოახდენს შეთანხმებები „უმაღლესი კლასის ოპერატორებთან“.

დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

პირველ აგვისტოს „როიტერსმა“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ დონალდ ტრამპის სურვილია, აზერბაიჯანი და ცენტრალური აზიის ქვეყნები შეუერთდნენ "აბრაამის შეთანხმებას" და აზერბაიჯანს კი ამის წინაპირობად სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას სთხოვდა.

  • ახლა იგივე სააგენტო წერს, რომ შეთანხმება აზერბაიჯანს და აშშ-ს გზას უხსნის „აბრაამის შეთანხმებასთან“ შეერთებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.
  • ეს არის შეთანხმება, რომელიც ტრამპის პირველი ადმინისტრაციის ბოლოს, მისი ადმინისტრაციის მედიაციით იქნა მიღწეული და რომლითაც ისრაელი ორ არაბულ სახელმწიფოსთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ბაჰრეინთან შეთანხმდა ურთიერთობის ნორმალიზებაზე. მოგვიანებით შეთანხმებას შეუერთდნენ სუდანი და მაროკო.

გარდა საგარეო პოლიტიკური ელემენტისა, ამ ინიციატივას დონალდ ტრამპისათვის, - რომელიც მუდამ საუბრობს თავის, როგორც მშვიდობისმყოფელის როლზე, - აქვს მაღალი შიდაპოლიტიკური სარგებელი.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა 1 აგვისტოს განაცხადა:

„პრეზიდენტობის ექვსი თვის განმავლობაში, პრეზიდენტმა ტრამპმა, საშუალოდ, ყოველთვე თითო სამშვიდობო შეთანხმება და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმა“.

„უკვე კარგა ხანია, დროა, რომ პრეზიდენტ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭოს“, - დასძინა მან.

ამ არითმეტიკით, სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება მეშვიდე სამშვიდობო პაქტი გამოდის.

რუსეთი: წაგებულის როლში

რუსეთის ფედერაცია, რომელსაც სომხეთთან უკვე გაუფუჭდა სტრატეგიული პარტნიორობა და ამჟამად აზერბაიჯანთანაც ვერ აქვს იდეალური ურთიერთობები, წაგებული რჩება დაგეგმილი სამმხრივი და ორმხრივი შეთანხმებებით.

სამხრეთი კავკასია მოსკოვისათვის თავისი გავლენის სფეროა და „გარე ძალების“, მით უმეტეს შეერთებული შტატების რაიმე სახით მონაწილეობა რეგიონულ სატრანზიტო პროექტებში, მისთვის უსიამოვნოა.

თუმცა უკრაინაში წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომით გადატვირთული მოსკოვი ბევრს ვერაფერს აკეთებს ორი ყოფილი ახლო მოკავშირის შეცვლილი კურსის, პოლიტიკისა და ძალაუფლებრივი დინამიკის უკან დასაბრუნებლად.

რუსეთის სამხედრო ბაზა გიუმრიში
რუსეთის სამხედრო ბაზა გიუმრიში

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის სრულად გაძევებულია რეგიონიდან. ამის ინდიკატორი არის, სულ მცირე, რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობა სომხეთის ტერიტორიაზე, ქალაქ გიუმრიში - არსებული შეთანხმებით, სულ მცირე, 2044 წლამდე.

„დასავლელების მიზანია, რომ ბაქოსა და ერევნის შერიგების პროცესი თავიან რელსებზე გადაიყვანონ“, - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ 24 ივლისს.

„ჩვენ ვიცით, ჩვეულებრივ, საით მიდის ეს რელსები… ამან შეიძლება მიგვიყვანოს რეგიონში უსაფრთხოების სისტემის დისბალანსამდე“, - განაცხადა მან.

ვლადიმირ პუტინი ესაუბრება ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს. 2020 წლის 11 იანვარი
ვლადიმირ პუტინი ესაუბრება ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს. 2020 წლის 11 იანვარი

2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმებით ბაქოს, ერევანსა და მოსკოვს შორის, რამაც ყარაბაღის მეორე ომი დაასრულა, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამომავლოდ განბლოკილი საკომუნიკაციო არხები რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს („ეფესბეს“) უნდა ეკონტროლებინა. ეს სცენარი უკვე დავიწყებულია.

დონალდ ტრამპმა, როდესაც Truth Social-ში დააანონსა 8 აგვისტოს სამიტი, განაცხადა, ეს ორი ქვეყანა მრავალი წელია, ომშია, რამაც ათასობით ადამიანის სიკვდილი მოიტანაო, და დასძინა:

„ბევრმა ლიდერმა სცადა ამ ომის დასრულება, ამ დრომდე, ტრამპამდე - უშედეგოდ“.

ამ „ბევრ ლიდერს“ შორისაა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც, - რომელიც 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მედიატორი იყო.

სამიტის თარიღი, რვა აგვისტო, ასევე ემთხვევა იმ „დედლაინს“, რომელიც რუსეთისთვის აქვს დაწესებული შეერთებულ შტატებს უკრაინასთან დაკავშირებით.

სხვა მოთამაშეები

როდესაც ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ანონიმურობის პირობის დაცვით ახალი შეთანხმების შესახებ უამბეს ამერიკულ CBS-ს, განუცხადეს, რომ სამშვიდობო პაქტი გახსნის კავკასიიდან დასავლეთის მიმართულებით სატრანსპორტო გზას „რუსეთის ან ირანის გვერდის ავლით“.

შეერთებულ შტატებთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული თეირანისათვის ისევეა მიუღებელი რეგიონში შტატების ინტერესების გაძლიერება, როგორც რუსეთის ფედერაციისათვის.

თანაც, სიუნიქის პროვინცია, - რომელზეც გადის ნახიჩევანი-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მარშრუტი, - ირანის მოსაზღვრეა, რაც თეირანისთვის დამატებითი თავის ტკივილია.

თურქეთისათვის, რომელიც აზერბაიჯანის მოკავშირეა, ბაქოს მსგავსად პრიორიტეტული იყო „ზანგეზურის დერეფანი“. ეს მას მოძმე აზერბაიჯანამდე პირდაპირ სახმელეთო გზას უჩენს და იქიდან კასპიის ზღვის გავლით აკავშირებს ცენტრალური აზიის ქვეყნებამდე.

დაბოლოს, საქართველო - თამაშგარე

საქართველო, რომელმაც 1990-იანი წლების ბოლოდან დაიწყო დასავლეთთან ღრმა კავშირების კულტივირება და 2009 წელს გახდა აშშ-ის პირველი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში, ახლა შტატების ხელისუფლებასთან ურთიერთობების „გადატვირთვას“ იმედოვნებს - ჯერჯერობით უშედეგოდ.

გარდა იმის, რომ ქვეყანა წლების განმავლობაში ითვლებოდა რეგიონში შეერთებული შტატების მოკავშირედ, ის ხშირად მასპინძლობდა სომხეთ-აზერბაიჯანის სხვადასხვა რანგის მოლაპარაკებებს და აქტიურად მონაწილეობდა კიდეც ამ პროცესში.

2023 წელს ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან წარუდგინა მსოფლიოს თავისი მთავრობის ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“, რომლის კონცეფციასაც ეყრდნობა „ტრამპის მარშრუტი“.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ახლაც ადასტურებს მზაობას, მხარი დაუჭიროს მოლაპარაკებებს. ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან შეხვედრისას „კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დიალოგს და ამ გზით რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“.

ამჯერად სომხეთ-აზერბაიჯანს შორის „ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის“ მიზნით გამართული მოლაპარაკებები საქართველოს მონაწილეობის გარეშე, საქართველოსგან შორს, საქართველოს ხსენების გარეშე იმართება.

იმართება ისე, რომ ოფიციალურ თბილისს საჯაროდ არ უმსჯელია და არ უჩვენებია, რეგიონში ამ შესაძლო ცვლილებებმა რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოზე, - იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაცია ევროსტრუქტურებისათვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის გავლენა ქვეყანაზე ძლიერდება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება აცხადებს, რომ აგრძელებს „შუა დერეფნის“ ფარგლებში ოპერირებას - თბილისი მის განვითარებას აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად ცდილობს; პარალელურად, ამყარებს ახლო კავშირებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.

ამ მარშრუტის საკვანძო წერტილად ჩაფიქრებულია ანაკლიის პორტი, რომლის ინვესტორის გარშემოც ბუნდოვანება საბოლოოდ კვლავ არ გაფანტულა.

საქართველოს ოფიციალური პოზიცია სამეზობლოში კონფლიქტზე შემოიფარგლება დათქმით, რომ ქვეყანა მხარს უჭერს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და სტაბილურ და გრძელვადიან მშვიდობას. უცნობია „ქართული ოცნების“ მთავრობის პოზიცია, როგორ უყურებს უშუალოდ „ტრამპის მარშრუტს“.

სომხეთში ანალიტიკური წრეები კი 2024 წლიდან საჯაროდ განიხილავენ სცენარს, როდესაც სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განიბლოკება და უშვებენ, რომ საქართველო სატრანზიტო შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს“, - რადგან თურქეთიდან აზერბაიჯანში სახმელეთო ტრანზიტმა, რომელიც ახლა საქართველოზე გადის, ნაწილობრივ ამ დერეფანზე შეიძლება გადაინაცვლოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG