Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შავ ზღვაში რუსული სუ-30 საზღვაო დრონით გაანადგურეს


წყალზე მოქმედი უპილოტო პლატფორმა Magura. 2024 წლის აგვისტო
წყალზე მოქმედი უპილოტო პლატფორმა Magura. 2024 წლის აგვისტო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამმართველომ (GUR МО) დაადასტურა, რომ რუსული საბრძოლო თვითმფრინავი სუ-30 განადგურებულ იქნა საზღვაო დრონით ნოვოროსიისკთან ახლოს, სადაც ამჟამად რუსეთის შავი ზღვის ფლოტია ბაზირებული. შესაბამისი ვიდეომასალა გამოქვეყნდა უწყების ტელეგრამ-არხში.

GUR-ის ინფორმაციით, ჩამოგდებული თვითმფრინავის ღირებულება 50 მილიონ დოლარამდეა.

„შავი ზღვის აკვატორიაში ლიკვიდირებულია რუსული სუ-30 - ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიოში, როდესაც საბრძოლო თვითმფრინავი განადგურდა საზღვაო დრონის მეშვეობით. ისტორიული დარტყმა მიაყენეს უკრაინის მთავარი დაზვერვის სამმართველოს სპეციალური დანაყოფის, Group 13-ის მებრძოლებმა, წყალზე მოქმედი უპილოტო პლატფორმა Magura-დან გაშვებული რაკეტით“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დაზვერვამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინულ საზღვაო დრონებს უკვე ჰქონდათ საჰაერო სამიზნეების განადგურების გამოცდილება - 2024 წლის 31 დეკემბერს დაზვერვამ ორი რუსული მი-8 ვერტმფრენის განადგურება დააფიქსირა.

მანამდე რუსულმა არხმა Fighterbomber-ი, რომელიც ხშირად ასოცირდება რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებთან, განაცხადა, რომ ნოვოროსიისკზე განხორციელებული უკრაინული საზღვაო დრონის თავდასხმის შედეგად, რომელსაც პორტატიული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ეყენა, რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მათი ინფორმაციით, ეკიპაჟმა მოახერხა კატაპულტირება და ისინი სამოქალაქო გემმა გადაარჩინა.

ტელეგრამ-არხი „Крымский ветер“ წერს, რომ, სავარაუდოდ, ჩამოგდებული იყო სუ-30სმ, ხოლო ეკიპაჟი გადაარჩინა პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა VICTORIA FORTUNE.

რუსეთის სამხედრო უწყებას აღნიშნულ ფაქტზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG