ხუბუა, რომელიც "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული უნივერსიტეტის რექტორად გასული წლის ზაფხულში დაინიშნა, თანამდებობის დატოვების მიზეზად პირად გეგმებს ასახელებს - მეტი დრო დაუთმოს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას.
"მაქვს რამდენიმე სამეცნიერო პროექტი, რომელზე მუშაობაც დაწყებული მქონდა და უფრო ინტენსიურად გავაგრძელებ მათზე მუშაობას.
ჩემთვის უდიდესი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო რექტორის თანამდებობიდან მემსახურა საქვეყნო მნიშვნელობის საქმისთვის, რასაც ახალგაზრდების განვითარებაზე და მათი ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვა ჰქვია", - წერს ის.
რექტორის პოსტის დატოვების შემდეგ ის აღარ ახსენებს არც უნივერსიტეტის დამფუძნებელს და არც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებსაც 9 თვის წინ, რექტორად დანიშვნისას მადლობა ასე გადაუხადა:
"დიდი პატივი, პრივილეგია და, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა მონაწილეობდე რეგიონის ყველაზე მასშტაბურ და უნიკალურ საგანმანათლებლო პროექტში, რომლის ინიციატივა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ეკუთვნის და რომელიც ქართუ ფონდის დახმარებით ხორციელდება. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს და განათლების მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არსებითად შეცვლის უმაღლესი განათლების ლანდშაფტს არამარტო საქართველოში, არამედ, სულ მცირე, კავკასიის რეგიონში; დაამკვიდრებს ინოვაციურ მიდგომებს სწავლებისა და კვლევის სფეროში; გააძლიერებს უნივერსიტეტის სოციალურ მისიას საზოგადოებაში და, ასევე, გახდება ქვეყნის განვითარების სერიოზული ეკონომიკური ფაქტორი".
პროფესორი გია ხუბუა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორია. 2007-2010 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. ხუბუამ თსუ-ს რექტორის პოსტიც პირადი განცხადების საფუძველზე და მოულოდნელად დატოვა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ის მაშინაც აკადემიურ საქმიანობაში პირად გეგმებს ასახელებდა.
2010 წელს თსუ-ს რექტორობიდან გადადგომის შემდეგ ის ორი წლის განმავლობაში, 2012 წლამდე გერმანიაში, ფრიდრიხ-შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში მუშაობდა, 2012-2013 წლებში კი ბამბერგის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. 2013 წელს გახდა გერმანულ-ქართული სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი. იყო მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტის მიმართულების "ენერგია და გეოპოლიტიკა" აკადემიური ხელმძღვანელი.
ფორუმი