Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დომინიკ ჰაშეკი: „შეუძლებელია პოლიტიკის სპორტისგან გამიჯვნა“


დომინიკ ჰაშეკი
დომინიკ ჰაშეკი

ცნობილ ჩეხ ჰოკეისტს, დომინიკ ჰაშეკს განადგურებით დაემუქრა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი მას შემდეგ, რაც ჰაშეკმა კომენტარი გააკეთა რუსი ჰოკეისტის, ალექსანდრ ოვეჩკინის მიერ NHL-ში დამყარებულ რეკორდზე.

ჰაშეკს არ დაუკნინებია რუსი ჰოკეისტის სპორტული მიღწევები, მაგრამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში, რუსი სპორტსმენი, რომელსაც საჯაროდ გამოსვლის შესაძლებლობა ეძლევა, „რუსეთის იმპერიალისტური ომისა და ამ ომთან დაკავშირებული კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულის საუკეთესო რეკლამაა“.

პასუხად, დმიტრი მედვედევმა, რომელიც ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს და ხშირად აკეთებს შეურაცხმყოფელ განცხადებებს იმათ წინააღმდეგ, ვინც გმობს კრემლისა და პუტინის ქმედებებს, განაცხადა, რომ ჰაშეკი რუსოფობი და შეშლილია. მედვედევმა ასევე ურჩია ლეგენდარულ ჩეხ სპორტსმენს, „ფრთხილად იყოს გზაზე გადასვლისას და არ დალიოს ლუდი საეჭვო ადგილებში“. მოგვიანებით დმიტრი მედვედევმა თავის Telegram არხზე დაწერა: "ველოდებით სუიციდს შეშლილი ჩეხისგან."

რუსეთის სპეცსამსახურების საზღვარგარეთ აქტიური მუშაობისა და მათ მიერ მოწამლულთა, მოკლულთა და გატაცებულთა გრძელი სიის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ჰაშეკმა ეს განცხადებები მკვლელობის რეალურ მუქარად აღიქვა.

მედვედევის მუქარის შემდეგ, სპორტსმენმა ორი ოფიციალური წერილი გაუგზავნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) და ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) ხელმძღვანელობას, რომლებსაც, მედვედევის მუქარაზე რეაგირების გარდა, ასევე მოუწოდა, უფრო მკაცრი სანქციები დაუწესონ რუს სპორტსმენებს, კერძოდ კი ჰოკეისტებს, რომელთა ნაწილი, მათ შორის ოვეჩკინი, უშუალოდ კრემლთან არიან დაკავშირებული და პუტინთან ერთად ჰოკეისაც კი თამაშობენ.

„NHL-მა, აშშ-მა და კანადამ რუს ჰოკეისტებს თავიანთ ტერიტორიებზე ასპარეზობის უფლება მისცეს. მოქმედი წესების თანახმად, ისინი რუსეთის ომის უზარმაზარ რეკლამას აკეთებენ“, - განაცხადა ჩეხმა ვეტერანმა ჰოკეისტმა რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტის, The Current Time-ის რედაქციასთან საუბარში, - "NHL-ისა და აშშ-კანადაში მოქმედი კანონები ხელს უწყობენ უკრაინაში ხალხის დახოცვას“.

ინტერვიუში დომინიკ ჰაშეკი საუბრობს სპორტის ჩინოვნიკების რეაქციასა და იმ უკრაინელი სპორტსმენების ბედსა და განცდებზე, რომლებსაც ომის დროს რუს სპორტსმენებთან უწევთ ასპარეზობა.

- რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, მედვედევი გემუქრებათ. როგორ გრძნობთ თავს? გეშინიათ თქვენი სიცოცხლის ან თქვენი ოჯახის უსაფრთხოების?

- დიახ, ზუსტად ისეა, როგორც თქვით. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც დღემდე გავლენიანი რუსი პოლიტიკოსია, 14 დღის განმავლობაში ორჯერ დამემუქრა. თანაც დამემუქრა ყველაზე მკაცრი ფორმით.

მედვედევის მუქარის მიუხედავად, ვიცი, რომ რასაც ვაკეთებ, სწორია

რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უკიდურესად უსიამოვნოა. ამ მუქარებს ძალიან სერიოზულად ვეკიდები, რადგან ვიცით რუსეთის ისტორია.

ვიცით, რაც გააკეთეს რუსებმა ევროკავშირში ბოლო ათი-ოცი წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს საკუთარი მაგალითი ვრბეტიცეს სახით, როცა 2014 წელს მათ აქ განახორციელეს ტერაქტი, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

ამიტომაც ყველა ასეთ საფრთხეს ძალიან სერიოზულად ვეკიდები - არა მხოლოდ მე, არამედ ჩვენი მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიცია.

ეს ძალიან უსიამოვნოა. შიში ნორმალური ადამიანური გრძნობაა, რომელთანაც მუშაობა უნდა შეგეძლოს. თუმცა, ჩემ მიმართ მედვედევის მუქარის მიუხედავად, არ ვაპირებ არაფრის შეცვლას, რადგან ვიცი, რასაც ვაკეთებ სწორია და გავაგრძელებ კეთებას.

- რა რეაქცია ჰქონდა ჩეხეთის მთავრობას ამ მუქარებზე? დაცვა თუ გყავთ?

- როდესაც მედვედევი პირველად დამემუქრა, ამაზე ბევრს არ საუბრობდნენ. მაგრამ, როდესაც დაახლოებით ორი კვირის შემდეგ კვლავ დამემუქრა, უზარმაზარი მხარდაჭერა მივიღე, მათ შორის უცნობი ადამიანებისგან, რომლებიც ძირითადად სოციალური ქსელებით მწერდნენ. რა თქმა უნდა, ასევე ნაცნობებისგან - მირეკავდნენ, SMS-ებს მწერდნენ. ასეთი მხარდაჭერა ადამიანებისგან ძალიან მნიშვნელოვანია - როგორც ჩეხეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მომწერეს ამერიკიდან, შვედეთიდან, კანადიდანაც. ასეთი მხარდაჭერა ადამიანს ფსიქოლოგიურად ძალიან ეხმარება.

რაც შეეხება ჩეხეთის სახელმწიფოს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს მუქარა იმავე დღესვე დაგმო ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა. შემდეგ დამიკავშირდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩეხეთის პოლიციის წარმომადგენლები. ვთანამშრომლობ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პოლიციასთან, მაგრამ შევთანხმდით, რომ საჯაროდ არ გავამჟღავნებდით, თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი. ვფიქრობ, რომ ეს სწორია. დიახ, პოლიცია ამას აკეთებს და ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მხარდაჭერა მოდიოდა როგორც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკოსებისგან, ასევე რიგითი ადამიანებისგან. ეს, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად ძალიან მეხმარება.

დომინიკ ჰაეშიკი - ნაგანოს ოლიმპადის გამარჯვებული.
დომინიკ ჰაეშიკი - ნაგანოს ოლიმპადის გამარჯვებული.

დომინიკ ჰაშეკი - Dominik Hašek (დაბ. 1965 წ.) - ლეგენდარული ჩეხი (ყოფილი ჩეხოსლოვაკია) ჰოკეისტი, რომელიც ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ჰოკეის ისტორიაში. მისი მეტსახელია: "The Dominator" — დამახასიათებელი და ფენომენალური თამაშის სტილის გამო. ჰაშეკმა კარიერა დაიწყო ჩეხოსლოვაკიის ლიგის კლუბ HC Pardubice-ში. NHL-ში (National Hockey League) გადავიდა 1990-იან წლებში და თამაშობდა ისეთი გუნდებისთვის, როგორიცაა: Chicago Blackhawks, Buffalo Sabres, Detroit Red Wings. ორჯერ მოიგო Stanley Cup: 2002 და 2008 წლებში. არის Vezina Trophy“-ს (საუკეთესო მეკარის პრიზი NHL-ში) 6-გზის და „Hart Trophy“-ს (NHL-ის ყველაზე ღირებული მოთამაშის პრიზის) 2-გზის მფლობელი. 1998 წელს ჩეხეთის ნაკრებთან ერთად ნაგანოს ოლიმპიადის გამარჯვებული. დომინიკ ჰაშეკი ცნობილია თამაშის არაორდინარული, უჩვეულო სტილით. ჰაშეკი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მეკარედ არა მხოლოდ თავისი ეპოქისთვის, არამედ ჰოკეის მთელ ისტორიაში.

- როგორ ფიქრობთ, რატომ ჰქონდა მედვედევს ასეთი მკვეთრი რეაქცია თქვენს სიტყვებზე? რას შეეძლო მისი ასე გაბრაზება?

- კარგი კითხვაა. დომინიკ ჰაშეკი, როგორც უკვე აღვნიშნე, გარკვეულწილად საზოგადო მოღვაწეა. მე ცნობილი ვარ როგორც ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე, რა თქმა უნდა, ევროპის ზოგიერთ ნაწილში, ჩეხეთში და რუსეთშიც კი. მრავალი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე ვთამაშობდი და ბოლო სეზონი, 2010-2011 წლებში, მოსკოვის სპარტაკში გავატარე.

როდესაც სადმე ხმამაღლა გამოვთქვამ მოსაზრებას, გაზეთები ამის შესახებ წერენ - როგორც საზღვარგარეთ, ასევე დასავლეთსა და აღმოსავლეთში. დღევანდელ რუსეთში, რომელიც დღეს იმპერიალისტური სახელმწიფოა და თავს ესხმის თავისუფალ ქვეყანას, არ მოსწონთ ჩემი მოსაზრებები.

– მედვედევის მუქარის შესახებ თქვენ მისწერეთ საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებს. მიიღეთ თუ არა რაიმე პასუხი?

– დიახ, ორი წერილი მივწერე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ლოზანაში, შვეიცარიაში და ერთიც ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას. არსებითად, ვაცნობე მათ ვითარების შესახებ - რომ მემუქრებოდნენ, როგორც ყოფილ ჰოკეისტს და ყოფილ ოლიმპიელს. მივწერე, რომ თუ ჩემნაირ ადამიანს, რომელიც არ მონაწილეობს რუსი სპორტსმენებისა და ჩინოვნიკების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხების კენჭისყრაში - ასე ემუქრებიან, მაშინ ყველა ის ჩინოვნიკი, რომელიც მსოფლიოში ჰოკეის ან ოლიმპიური მოძრაობის წარმომადგენელია, მითუმეტეს მზად უნდა იყოს ასეთი პრაქტიკისთვის.

ამავდროულად, შევთავაზე, რომ გაეცნონ პროგრამას, რომლის მიზანია, რუსმა სპორტსმენებმა ვერ შეძლონ რუსეთის ომის რეკლამირება.

სულ თავიდანვე მინდოდა, რომ რუს სპორტსმენებს ჰქონდეთ შეჯიბრებებში დაბრუნების შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამაში. და უპირველეს ყოვლისა, სწორედ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არაფერს აკეთებს ამისთვის. ის უბრალოდ მათ ერთ ჯგუფად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, უჭერენ ისინი რუსეთის ომს მხარს თუ არა. სამწუხაროდ, რუს სპორტსმენებს ჯერ კიდევ არ მიეცათ შესაძლებლობა ოფიციალურად დაგმონ რუსეთის იმპერიალისტური ომი.

ორივე ორგანიზაციისგან მივიღე პასუხი. ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ მომწერა, რომ ამ საკითხს სპეციალურად შეისწავლის და მას პლენარულ სხდომაზე განიხილავს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი მიპასუხა, რომ მოხარულები არიან, რომ ჩვენი მთავრობა ამას აკეთებს, მაგრამ არაფერი კონკრეტული არ უთქვამთ.

– თქვენი აზრით, სად მთავრდება სპორტი და სად იწყება პოლიტიკა?

– როდესაც საქმე საჯარო ღონისძიებებს ეხება, იქ ყოველთვის მონაწილეობს პოლიტიკა. თუ შვილებთან ერთად ვთამაშობ ფეხბურთს ან ტყეში დავრბივარ, ეს პოლიტიკა არ არის. მაგრამ როგორც კი საქმე ეხება საჯარო შეჯიბრებებს, როგორიცაა ჩეხეთის ლიგა ან NHL, რომლებიც საჯაროდ იმართება, აქ უკვე ყველგანაა პოლიტიკური ქვეტექსტი. ყოველთვის. შეუძლებელია პოლიტიკის სპორტისგან გამიჯვნა, ეს ყოველთვის ასე იყო.

ერთ მნიშვნელოვან რამეს ვიტყვი: როცა საუბარია სპორტზე, ყველა სახელმწიფო, გამონაკლისის გარეშე, იყენებს თავის მოქალაქეებს. იყენებს სპორტსმენებს თავისი ქვეყნის და იმის პოპულარიზაციისთვის, რასაც ის აკეთებს. პორტუგალია იყენებს [კრიშტიანუ] რონალდუს, როგორც ფეხბურთელს და ამაში ცუდი არაფერია. ყველა სახელმწიფო იმავეს აკეთებს. როდესაც ჩეხ ჰოკეისტს დავიდ პასტრნიაკს NHL-ში ორი ან სამი გოლი გააქვს, ჩეხეთის სახელმწიფო ამას იყენებს. ამაში ცუდი არაფერია. როდესაც ჩვენი ჩოგბურთელები, კვიტოვა თუ სხვა ნებისმიერი, იგებენ უიმბლდონს, ჩვენ ამას ჩვენი ქვეყნის პროპაგანდისთვის ვიყენებთ.

მაგრამ ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც, მაგალითად, არგენტინა ან პორტუგალია და ა.შ. არ აწარმოებს იმპერიალისტურ ომს! სამწუხაროდ, დღეს ყველა რუსი სპორტსმენი, რომელიც საჯაროდ გამოდის, რუსეთი მას იყენებს, ან ექსპლუატაციას უწევს, საკუთარი ქმედებების პროპაგანდისთვის. ეს ქმედებები კი იმპერიალისტური ომი და სხვა დანაშაულებია, მათ შორის გენოციდიც. ასე რომ, სამწუხაროდ, რუსი სპორტსმენი, მოგვწონს ეს თუ არა, რუსული დანაშაულების უზარმაზარი რეკლამაა. ეს უნდა შეწყდეს აუცილებლად.

ჩემი კრიტიკა მიმართულია NHL-ისკენ: სპორტსმენები ლიგის წესების შესაბამისად იქცევიან...

– რას ფიქრობთ რუს ჰოკეისტებზე, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ და პოლიტიკაში არიან ჩართულნი? მაგალითად, ოვეჩკინი?

– ოვეჩკინის კრიტიკას არ ვაპირებ. ისევე როგორც არ გავაკრიტიკებ კიდევ 20-30 რუს ბიჭს. მათ გავაკრიტიკებ არა როგორც ოვეჩკინს, არამედ როგორც რუსეთის ნებისმიერ სხვა მოქალაქეს.

თუ NHL-ზე ვსაუბრობთ, ანუ ჰოკეის ეროვნულ ლიგაზე, რომელიც ძირითადად კანადასა და შეერთებულ შტატებშია დაფუძნებული, ჩემი ზოგადი კრიტიკა მიმართულია არა ოვეჩკინის, ვასილევსკის, ვარლამოვის და ა.შ. მთელი ჩემი ყველა კრიტიკა მიემართება NHL-ს. იმიტომ, რომ სპორტსმენები იქცევიან ლიგის წესების შესაბამისად. ანუ ამაზე პასუხისმგებლები არიან 32 კლუბის მფლობელები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ, ასევე NHL-ის კომისარი გარი ბეტმენი.

მაგრამ, მოდი, ნუ დავივიწყებთ შეერთებულ შტატებსა და კანადას. რუს მოთამაშეებს თავიანთ ტერიტორიაზე ასპარეზობის უფლება სწორედ ამ ქვეყნებმა მისცეს. და ამჟამინდელი წესების თანახმად, სწორედ ისინი უწევენ რუსეთის ომს უზარმაზარ რეკლამას და ამის გამო ხალხი იხოცება. ანუ NHL-ისა და იმ კანონების გამო, რომლებიც ამჟამად მოქმედებს შეერთებულ შტატებსა და კანადაში, ხალხი კვდება უკრაინაში.

ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ოვეჩკინი
ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ოვეჩკინი

– თუ ხედავთ მომავალში დასავლელ და რუს სპორტსმენებს შორის შეჯიბრებების შესაძლებლობას? თქვენი აზრით, რა პირობებში იქნება ეს შესაძლებელი?

– ვფიქრობ, რომ გუნდებში (ჰოკეის ვგულისხმობ) რუსი სპორტსმენების მიმართ სიძულვილი არ არსებობს. რუსები, კანადელები, ამერიკელები, ჩეხები და ა.შ. ისინი ერთ გუნდში არიან. ბიჭებს დადგენილი აქვთ ლიგის ან გუნდის წესები, ერთად ვარჯიშობენ და გადიან ყინულზე მოსაგებად. ისინი ერთი გუნდი არიან.

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე პასუხისმგებლობა იმაზე, რომ რუს მოთამაშეებს მოქმედი წესებით თამაშის უფლება აქვთ, კლუბების მფლობელებს და იმ ქვეყნებს ეკისრებათ, რომლებშიც ლიგები ტარდება. არ მგონია, რომ ამ ბიჭებს შორის აშკარა სიძულვილი იყოს. ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება მომავალში.

რა თქმა უნდა, სრულიად სხვა საკითხი იქნებოდა, NHL-ში უკრაინელები რომ თამაშობდნენ, როგორც, მაგალითად, ჩოგბურთშია. როდესაც ისინი ერთმანეთის პირისპირ გამოდიან და ამ დროს უკრაინელებს უხოცავენ მშობლებს ან შვილებს, ან ბომბები ეცემა უკრაინელთა საავადმყოფოებს, ბავშვთა სათამაშო მოედნებს, მათი საყვარელი ადამიანები კარგავენ სიცოცხლეს, კიდურებს... ეს სრულიად სხვა საკითხია.

არსებობს ორი რამ. პირველი, გუნდური სპორტი - რუსეთის ეროვნული ნაკრები ფეხბურთში, კალათბურთში, ჰოკეიში. მეორე - ინდივიდუალური სპორტი. ეს რთული საკითხია. ჩემი ვარაუდით, უკრაინელებსა და რუსებს შორის უზარმაზარი სიძულვილია. ვერც კი წარმომიდგენია, რომ მე, როგორც უკრაინელი, ჩოგბურთს ვთამაშობ რუსი სპორტსმენის წინააღმდეგ: გავდივარ კორტზე, მაგრამ ვიცი, რომ ეს მატჩი იქნება რუსეთის ომის უზარმაზარი რეკლამა; ვიცი, რომ ამ მატჩის გამო ხალხი დაიღუპება, მაგრამ მე უნდა ვითამაშო ეს მატჩი. თუ ვიტყვი, რომ არ ვითამაშებ, მაშინ დაზარალდება უკრაინელი სპორტსმენი, რომელიც გარიცხული იქნება შეჯიბრებიდან! რუსი სპორტსმენი კი ამ შემთხვევაში მაინც გავა შემდეგ რაუნდში და ითამაშებს. ასე რომ, ძნელია წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში არიან უკრაინელი სპორტსმენები.

ვფიქრობ, რომ ყველა უკრაინელმა სპორტსმენმა, რომელიც იძულებული გახადეს ეთამაშა რუსეთის წარმომადგენელთან ჩოგბურთი ან სპორტის სხვა სახეობაში გამოსულიყო (კრივი, ფარიკაობა და სხვა), უნდა მიიღოს კომპენსაცია. რადგან ეს მათთვის საშინელი ტრავმაა. ჩვენ წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია, რა ტრავმული გამოცდილებაა მათთვის ასეთ სიტუაციაში ყოფნა. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზაციებს, ფედერაციებს: თუ ეს ფარიკაობაა - მსოფლიო ფარიკაობის კავშირს, თუ ეს კრივია - კრივის ფედერაციას და ა.შ. ცალკეულ სპორტულ ფედერაციებს. და, რა თქმა უნდა, ქვეყანას, რომლის ტერიტორიაზეც ეს ხდება. და ამ შემთხვევაში, უნდა ვთქვა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკასაც ეკისრება უზარმაზარი პასუხისმგებლობა და მანაც უნდა გადაუხადოს უკრაინას უზარმაზარი კომპენსაცია მიყენებული ზიანისთვის. ცალკე უკრაინას, როგორც ქვეყანას და ცალკე უკრაინელ სპორტსმენებს, რადგან ტრავმა, რომელსაც ისინი იღებენ წარმოუდგენლად მძიმე უნდა იყოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG