Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი კვლავ საუბრობს „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნის საჭიროებაზე


ერდოანი კვლავ საუბრობს „ზანგეზურის დერეფანზე“.
ერდოანი კვლავ საუბრობს „ზანგეზურის დერეფანზე“.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი კვლავ იმეორებს მოწოდებებს სახმელეთო დერეფნის, „ზანგეზურის დერეფნის“, გაჭრის შესახებ, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და თურქეთთან დააკავშირებს - სომხეთის სუვერენული ტერიტორიის გავლით.

„ზანგეზურის დერეფანი აზერბაიჯანისთვის არის არა მხოლოდ სახმელეთო კავშირი ნახიჩევანთან, არამედ ასევე თურქულ სამყაროსთან თურქეთიდან გადაჭიმული ინტეგრაციის ახალი ხაზი“, - ციტირებს თურქული მედია რეჯეპ ტაიპ ერდოანის სიტყვებს აზერბაიჯანში მისი ბოლო ვიზიტის შემდეგ, 29 მაისს.

„ამ დერეფნის მოკლე დროში გახსნა ასევე გააძლიერებს კავკასიის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა ერდოანმა.

„ჩვენ ველით, რომ ჩვენი მეზობელი ირანი მხარს დაუჭერს ამ ნაბიჯებს, რაც ჩვენი რეგიონის მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას ემსახურება“, - დასძინა ერდოანმა.

„ზანგეზურის დერეფანი“ არის გზა, რომლითაც სომხეთის სიუნიქის პროვინცია დააკავშირებს აზერბაიჯანის ექსკლავ ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან.

  • სომხეთი ბაქო-ანკარის ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება, რადგან მიიჩნევს „ექსტრატერიტორიულ“ ინიციატივად და საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად;
  • წინააღმდეგია ასევე ირანის ისლამური რესპუბლიკა, - თეირანი, სომხეთში ირანის ელჩის სიტყვებით, ეწინააღმდეგება „ნებისმიერ დერეფანს, რომელიც დაარღვევს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. როგორც ყოველთვის ვამბობდით, ეს ეწინააღმდეგება სომხეთისა და ირანის ინტერესებს“.

2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აზერბაიჯანი ზეწოლას ახორციელებდა სომხეთზე „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნის მოთხოვნით, თუმცა 2024 წლის ზაფხულში ბაქომ თქვა, რომ ეს საკითხი უკანა პლანზე გადასწია. მიუხედავად ამისა, ეს საკითხი დროთა განმავლობაში კვლავ არის რეგიონის ქვეყნების განხილვის საგანი.

ფაშინიანის ხელისუფლება ამბობს, რომ ის ღიაა რეგიონში კომუნიკაციების არხების გახსნის იდეისადმი, თუმცა ნახიჩევანის მიმართულებით დერეფანს განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გზაზე, სომხეთის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლისას, საბაჟო კონტროლი იარსებებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG