Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს ექს-მინისტრ ბურჭულაძის მოადგილე და ნათესავი - 1.3 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით


დაკავებულია მინისტრის ექს-მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ასევე ექს-მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავი და კიდევ ერთი პირი.
დაკავებულია მინისტრის ექს-მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ასევე ექს-მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავი და კიდევ ერთი პირი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ყოფილი მინისტრის ახლო ნათესავი და კიდევ ერთი პირი „გაფლანგვის“ ბრალდებით.

დაკავებულია გიორგი ხაინდრავა, რომელიც თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე იყო.

სუს-ის თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის „ახლო ნათესავის“ ვინაობას არ ასახელებს და მხოლოდ ინიციალებს წერს: „ვ.მ“.

ამასთან, დაკავებულია შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.

ბრალდება არის „გაფლანგვა“, უკავშირდება სახელმწიფო შესყიდვებს (ტენდერებს) - კერძოდ, სამედიცინო აპარატურის შესყიდვას - და საუბარია 1.3 მილიონ ლარზე მეტ თანხაზე.

მათ 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ბრიფინგი ამ საკითხზე კვირას, 27 ივლისს ემზარ გაგნიძემ, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ჩაატარა.

გიორგი ხაინდრავა, მინისტრის ყოფილი მოადგილე
გიორგი ხაინდრავა, მინისტრის ყოფილი მოადგილე

ვინ არის გიორგი ხაინდრავა

ბრალდება 2023 წლის საქმეს ეხება - მაშინ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე იყო.

ბურჭულაძე 2024 წლის 8 თებერვალს შეცვალა ირაკლი ჩიქოვანმა, 11 თებერვალს კი ახალმა მინისტრმა ხაინდრავაც შეცვალა.

ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრად პრემიერად ახლად დასახელებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა 2021 წელს. მანამდე ბურჭულაძე თავდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილე იყო - მინისტრი კი ღარიბაშვილი.

მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, ხაინდრავა:

  • ორი წლის განმავლობაში იყო სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი,
  • მანამდე 3 წლის განმავლობაში კი - ამ დეპარტამენტში ელექტრონული შესყიდვების სამმართველოს უფროსი.

საქმის გარემოებები

დაკავებულებს სუს-ი უწოდებს „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს“.

აცხადებს, რომ მათი ნაწილი „შესყიდვების კომისიის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებსაც იკავებდნენ“.

ბრალდებულებმა „სამედიცინო აპარატურის შესყიდვის პროცესი“ ისე წარმართეს, რომ

  • „ბაზრის რეალური კვლევა ფაქტობრივად არ ჩაუტარებიათ“;
  • იმავდროულად, მათ უზრუნველყვეს, რომ სამედიცინო აპარატურის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებში მონაწილეობა მხოლოდ ბურჭულაძის ახლო ნათესავთან „ახლო კავშირში მყოფ ურთიერთდაკავშირებულ საწარმოებს მიეღოთ“.

ბრალდების თანახმად, შესასყიდი აპარატურის საფასური ხელოვნურად გაზარდეს:

სუს-ი აცხადებს, რომ შესყიდვის პროცესის ორგანიზება მოხდა ისე, რომ „კერძო კომპანიების გამოყენებით განხორციელებული მოჩვენებითი გარიგებებისა და ერთსა და იმავე დღეს გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მეშვეობით სამედიცინო აპარატურის რამდენჯერმე გადაყიდვის გზით აპარატურის საფასური ხელოვნურად გაიზარდა“.

„შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული სამედიცინო ინვენტარის შეძენა მის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით მაღალ ფასში განახორციელა“, - აცხადებს სუს-ი.

გამოძიების ვერსიით, ბურჭულაძის ახლო ნათესავი თავდაცვის სამინისტროს შესყიდვაში მონაწილე წინასწარ შერჩეულ კომპანიებს „გარანტირებულ გამარჯვებას ჰპირდებოდა, ხოლო შესყიდვაში გამარჯვების გარანტიად შესაბამის თანამდებობის პირებთან თავის კავშირებს ასახელებდა“.

გამოძიების თანახმადვე, სახელმწიფოს ამ სქემით სულ მცირე 1 333 728 ლარის ზიანი მიადგა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG