„დღეს, დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის შემდეგ, დასრულდა სასამართლო ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმეზე, რომელიც სიმბოლო გახდა საქართველოში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფონზე მზარდი [საზოგადოებრივი და საერთაშორისო] შეშფოთებისა“, - წერია რადიო თავისუფლებისათვის "კლუნების ფონდის" მიერ გამოგზავნილ წერილში.
„ჩვენი სასამართლო პროცესის მონიტორინგის ინიციატივა (TrialWatch), რომელიც საქმის მონიტორინგს ახორციელებდა, შეშფოთებულია წარდგენილი ბრალდებებით და პროცესის მიმდინარეობით“, - აცხადებს ორგანიზაცია.
„ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით განაჩენს და გამოვაქვეყნებთ სამართლიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც შეაფასებს სასამართლო პროცესს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში“, - ნათქვამია "კლუნების ფონდის" წერილში.
- "კლუნების ფონდი" მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის სრულ მიმდინარეობას აკვირდება უშუალოდ სასამართლო დარბაზიდან.
- სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ფონდის/TrialWatch-ის ექსპერტები საბოლოო ანგარიშში შეაფასებენ სასამართლო პროცესის მიმდინარეობას.
საქმის გარემოებები
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ფონდის ექსპერტებისათვის ყურადსაღებია არაერთი გარემოება, რომლებიც, მათი ხედვით, უსამართლობის განცდას აჩენს საქმეში, მათ შორის:
- ამაღლობელის დაკავების ღამეს პოლიციელების სამკერდე კამერები გათიშული იყო;
- არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მისი გირაოთი გათავისუფლება არ მომხდარა და რისკად მხოლოდ „დანაშაულის განმეორების“ დაუსაბუთებელი ეჭვი დასახელდა;
- ამავდროულად, ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მისი მხედველობა პატიმრობაში გაუარესდა;
- ხელისუფლებას ამ დრომდე არ გამოუძიებია ამაღლობელის მიმართ პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობა;
- ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლის თანახმადაც, მზიას მიერ სილის გაწვნა შეიძლება ჩაითვალოს, როგორც „ძალადობრივი აქტი“;
- სამედიცინო ექსპერტებმა მიუთითეს, რომ პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს ტკივილის ობიექტური ნიშანი არ აღენიშნებოდა.
განაჩენის მოლოდინში
მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი, სავარაუდოდ, 6 აგვისტოს, 14 საათზე გამოაცხადებს.
დღეს, 4 აგვისტოს, მან ჟურნალისტის დასკვნითი სიტყვა მოისმინა. იყო მოლოდინი, რომ გადაწყვეტილებას მოსამართლე დღესვე გამოაცხადებდა.
მზია ამაღლობელმა დასკვნით სიტყვაში ისაუბრა თავისი ბრალის, საპროცესო შეთანხმების შეთავაზების შესახებ. მან მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, ასევე ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
დაკავებულმა ჟურნალისტმა დასკვნით სიტყვაში თქვა, რომ მისთვის საპროცესო შეთანხმების შეთავაზება „სიკვდილივითაა“.
„არ გატყდეთ! მე თქვენი მჯერა. მჯერა იმის, როგორი მტრული და საფრთხის შემცველი გარემოც არ უნდა გქონდეთ, თქვენი ყველა ნაბიჯი იქნება ღირსეული. აზრის, სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მიმართული. თავისუფლება ყველა რეჟიმის ტყვეს! ჩვენ დამნაშავეები არ ვართ!“ - განაცხადა მზია ამაღლობელმა.
ფორუმი