Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება რუსეთის ჩრდილოვან ბატალიონებში


მცველი კარს აღებს რუსეთის ციხეში (საილუსტრაციო ფოტო)
მცველი კარს აღებს რუსეთის ციხეში (საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთის მთავრობა, რომელიც უკრაინაში მზარდ დანაკარგებს განიცდის, აძლიერებს იძულებითი რეკრუტირების ტაქტიკას. გამოფიტული ჯარების გაძლიერებისკენ მიმართული ამ ტაქტიკის სამიზნე არიან პატიმრები, წვევამდელები, ასევე ეთნიკური უმცირესობები შორეული რეგიონებიდან და მიგრანტების ჯგუფები ცენტრალური აზიიდან.

რადიო თავისუფლების პროექტის, „sibir.realii-ს“ მიერ შეგროვებული ჩვენებების თანახმად, ვოლგისპირეთის რეგიონის ციხეებში, მათ შორის თათრეთსა და ბაშკირეთში, ასევე ციმბირის ზოგიერთ ნაწილში, მამაკაცი პატიმრები ჰყვებიან რუტინული ცემის, ფსიქოლოგიური წამებისა და მუქარის შესახებ, რისი მიზანიცაა, აიძულოს ისინი, წავიდნენ ჯარში.

როგორც ამბობს ოლგა რომანოვა, ხელმძღვანელი ფონდისა „რუსეთი გისოსებს მიღმა“, ეს პატიმრები მიჰყავთ არმიის ავადსახსენებელი „შტორმ-Z“-ის მოიერიშე ქვედანაყოფებში, რომლებსაც ფრონტზე ხშირად იყენებენ ხოლმე თვითმკვლელი მისიებისთვის.


კოლონიები ნახევრად ცარიელია, სასამართლო პროცესებს გვერდს უვლიან

ოდესღაც გადატვირთული სასჯელაღსრულების სისტემა ახლა გამოშიგნულია. წინასწარი დაკავების იზოლატორებიდან გადაყვანა მკვეთრად შემცირდა.

პატიმართა უფლებების დამცველი აქტივისტის, რომანოვას თქმით, „ბევრი ეჭვმიტანილი ვერასდროს აღწევს სასამართლომდე ან ციხემდე“.

„პოლიციას ახლა მინიჭებული აქვს უფლება და წახალისებულია, სამხედრო კონტრაქტები შესთავაზოს წვრილმან დანაშაულებში ბრალდებულებსაც კი“, - განუცხადა მან რადიო თავისუფლების რუსულენოვან სატელევიზიო პროექტ Current Time-ს.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთმა ფრონტის ხაზზე ათიათასობით ჯარისკაცი გაგზავნა.

სამ-ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარე ომში ორივე მხარემ მძიმე დანაკარგები განიცადა.

მოსკოვი ომის დაწყებიდან მოყოლებული მკაცრად ასაიდუმლოებს მსხვერპლის რაოდენობას, თუმცა რამდენიმე ჯგუფმა საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროები გამოიყენა რიცხვის შესაფასებლად.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ივნისში განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, დაღუპულთა ან დაშავებულთა რიცხვმა 1 მილიონს მიაღწია, რაც მსგავსია აშშ-ში დაფუძნებული სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) ანგარიშისა, რომლის მიხედვითაც, ეს რიცხვი დაახლოებით 950 000-ს უდრის.

თუ აღმოჩნდება, რომ ეს შეფასებები სიმართლესთან ახლოსაა, ომი რუსეთს ადამიანური რესურსებით დაახლოებით 15-ჯერ მეტი დაუჯდა, ვიდრე ავღანეთის ომი, რომელიც ერთი ათწლეული გრძელდებოდა.

ასეთმა რაოდენობამ ხელისუფლება აიძულა, ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცების ჩანაცვლების გზები მოეფიქრებინა - ფრონტზე ათასობით ჩრდილოკორეელი ჯარისკაცის მიყვანით დაწყებული, ქვეყნის ციხეებში პატიმრების მოძიებით დამთავრებული.

რომანოვას თქმით, სქემის ნაწილია პოლიციელების დაჯილდოება თითოეული გაწვეულისთვის.

2023 წელს ეს 10 000 რუბლი იყო. ახლა კი 100 000 რუბლია (1 125 აშშ დოლარი). „კონტექსტისთვის, პროვინციებში პოლიციელის საშუალო თვიური ხელფასი დაახლოებით 40 000 რუბლია“, თქვა მან, „ასე რომ, წარმოიდგინეთ ზეწოლა“.

რომანოვამ დასძინა, რომ 2023 წლიდან რუსეთში 90 ციხე დაიხურა, რადგან მსჯავრდადებულები მასობრივად გაგზავნეს ომში.

2024 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ფიზიკურ პირებს საშუალებას აძლევს, სასამართლო პროცესამდე სამხედრო კონტრაქტები გააფორმონ, რითაც ოფიციალურად დაკანონდა წინასწარი დაკავების საკნებიდან იძულებითი რეკრუტირება.


„მთელს ციხეს სცემენ“

ერთმა ქალმა, რომელიც სვეტლანად გაგვეცნო, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მისი შეყვარებული, რომელიც ამჟამად ვოლგისპირეთის რეგიონის ციხეში იმყოფება, სასტიკად ნაცემთა შორის იყო.

„მოიყვანეს 100-ზე მეტი სპეცრაზმელი, რომლებიც განურჩევლად ყველა პატიმარს სცემდნენ, სანამ ხელს არ მოაწერინებდნენ. ჩემმა შეყვარებულმა დაინახა, როგორ გამოათრიეს ხალხი გატეხილი ნეკნებითა და კიდურებით. ზოგიერთი ამ დაზიანებებით ფრონტზე წაიყვანეს.“

მან დასძინა: „მათ, ვინც უარი თქვა, სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას დასახიჩრებით დაემუქრნენ.“

ჩინოვნიკებმა ბრალდებებზე კომენტარი არ გააკეთეს.

წინააღმდეგობის გამწევ პატიმრებს მძიმე შედეგები ელით. მათ ტელეფონებს ართმევენ, უარს ეუბნებიან ვიზიტებზე.

ციმბირის კემეროვოს ოლქში ნატალიამ, ნარკოდანაშაულისთვის დაპატიმრებულის დედამ, თქვა, რომ მისმა შვილმა წლების განმავლობაში გაძლო, სანამ საბოლოოდ დათანხმდებოდა ზეწოლის ქვეშ მყოფი.

„მითხრა: „ხელებს მანამდე მიტრიალებდნენ, სანამ არ გავტყდი“. შემდეგ გაუჩინარდა. ორ წელიწადში უნდა გათავისუფლებულიყო“, - თქვა მან. „ახლა კი აღარ არის.“

რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, 2022-დან 2023 წლამდე 58 000 პატიმარი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. თავდაპირველად ისინი ავადსახსენებელ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ აჰყავდა, ახლა კი მათ თავდაცვის სამინისტროს საკუთარი ჩრდილოვანი ბატალიონები შთანთქავენ.

რომანოვას თქმით, მათ შორის ქალებიც არიან. ერთ შემთხვევაში სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტი პირველი არხიდან ციმბირში ქალთა ციხეს ეწვია პროპაგანდისტული სიუჟეტის გადასაღებად და ამავე დროს რეკრუტირებას ეწეოდა. როგორც ამბობენ, ათობით ქალი დარეგისტრირდა და რეპორტიორთან საუბრის შემდეგ ისინი ფრონტზე გაგზავნეს სამხედრო ქვედანაყოფ „ესმერალდას“ შემადგენლობაში.

ყაზარმებიდან ცხედრების ტომრებამდე

რუსეთში 2023 წლის სამართლებრივი რეფორმის შემდეგ ახალწვეულებს უკვე შეუძლიათ სამხედრო კონტრაქტებზე ხელის მოწერა სამსახურის პირველივე დღეს. პუტინის 2022 წლის გარანტიების მიუხედავად, რომ ახალწვეულები ომში არ გაიგზავნებოდნენ, ათასობით ჯარისკაცი იქნა გაგზავნილი - ბევრი მათგანი აღარასოდეს დაბრუნებულა.

23 ივლისს სამმა რუსმა ახალწვეულმა, დანიარ კერეიბაევმა, იური ვიცინეცმა და დენის მოჟაიცევმა, რომლებიც 18-19 წლისანი არიან, YouTube-ზე ჩაწერეს ვიდეო, რომელშიც ამბობენ, რომ მათ მოტყუებით მოაწერინეს ხელი უვადო სამხედრო კონტრაქტებზე.

მათი თქმით, ქალაქ კიახტის 37-ე ცალკეულ მოტორიზებულ მსროლელთა ბრიგადაში, 69647-ე სამხედრო ნაწილში, ჩასვლის შემდეგ, მათი ოცეულის მეთაური წვევამდელების ფრონტზე გაგზავნით დაიმუქრა. მან ახალწვეულები დააშინა, რომ კურსკის ოლქში დანაკარგების მაჩვენებელი 30 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ცოცხლად გადარჩენის შანსები ძალზე დაბალი იყო, თუ სამხედრო კონტრაქტებს არ მოაწერდნენ ხელს.

2024 წლის აგვისტოში, კურსკში უკრაინის კონტრშეტევის დროს, წვევამდელებმა, რომელთაგან ბევრი 18-დან 20 წლამდე ასაკის იყო, მძიმე დანაკარგები განიცადეს. ჟურნალისტებმა ამოიცნეს 100-ზე მეტი წვევამდელი, რომლებიც დაიღუპნენ, ტყვედ ჩავარდნენ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდნენ.

ერთ-ერთი შემზარავი შემთხვევაა თათრეთის მკვიდრის, 19 წლის არტიომ ანტონოვის ამბავი. მას შორეული აღმოსავლეთის ქალაქ უსურიისკში მდებარე სამხედრო ბაზაზე თავში ესროლეს მას შემდეგ, რაც უარი თქვა კონტრაქტზე ხელმოწერაზე.

„არტიომს ბრძოლა არ სურდა“, თქვა მისმა მეგობარმა იგორმა. „არმია საკონცენტრაციო ბანაკად აქციეს“.

მისი სიკვდილი გადაცდომა არ ყოფილა. როგორც იტყობინებიან, მსგავსი იძულების შედეგად დაიღუპა ათობით წვევამდელი გაღატაკებული ეთნიკური რესპუბლიკების სოფლებიდან - მათ შორის თათრეთიდან, ბაშკირეთიდან, დაღესტნიდან, ტუვიდან, ყალმუხეთიდან, უდმურტიიდან და ბურიატიიდან.

ზოგიერთი წვევამდელის თქმით, მათ ისიც კი არ იცოდნენ, რომ კონტრაქტებს მოაწერეს ხელი. სხვებმა, მაგალითად, ათმა ჯარისკაცმა, რომლებმაც ნოემბერში ციმბირის ქალაქ ნოვოსიბირსკში ამბოხება მოაწყვეს, წინააღმდეგობა გაუწიეს ფრონტზე გაგზავნას და ისინი მაშინვე დეზერტირად შერაცხეს.

ეთნიკური სამიზნეები: რიგში პირველი

მრავალი ცნობა ადასტურებს, რომ ეთნიკური უმცირესობები პირველთა შორის არიან, ვის მიმართაც იძულების მეთოდს იყენებენ. ტულის ოლქში მყოფი პატიმრის ნათესავებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 15 არარუსი პატიმარი იძულებული გახდა კონტრაქტებზე მოეწერა ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაემუქრნენ, რომ ექსტრემიზმთან დაკავშირებულ დამატებით ბრალდებებს წაუყენებდნენ.

„ეთნიკურ კუთვნილებას მნიშვნელობა აქვს“, თქვა ციხეში მყოფმა წყარომ. „ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ამ ჯგუფების ხარჯვა შეიძლება“.

ზოგიერთი პატიმარი ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან ასევე ეწერება არმიის რიგებში - შეწყალების, რუსეთის მოქალაქეობისა და ფულის დაპირების გამო. ხშირად ისინი არცერთს არ იღებენ.

კრემლი აგრძელებს ომის მსხვერპლის დამალვას და განსხვავებული აზრის ჩახშობას. რუსეთის ყველაზე ღარიბი, მუქი ფერის კანის მქონე და ყველაზე უუფლებო ადამიანების ფარული არმია სისხლისგან იცლება უკრაინაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG