Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში გარდაიცვალა თავდასხმის შედეგად დაჭრილი გდანსკის მერი


პოლონეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ გდანსკის მერი, პაველ ადამოვიჩი, გარდაიცვალა იმ ჭრილობების შედეგად, რომლებიც მას 13 იანვარს თავდამსხმელმა ცივი იარაღით მიაყენა საქველმოქმედო ღონისძიებაზე, სცენაზე დგომის მომენტში. ადამოვიჩი მძიმედ იყო დაჭრილი, მას ჭრილობები ჰქონდა გულისა და დიაფრაგმის არეში. მისი ოპერაცია ხუთი საათის განმავლობაში გაგრძელდა, მაგრამ ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს. 27 წლის, წარსულში ნასამართლევი თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს. ღონისძიებაზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელი მიკროფონს იღებს და აცხადებს, რომ წინა, მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის, სამოქალაქო პლატფორმის პარტიის ხელისუფლების დროს ის უსამართლოდ დააპატიმრეს და აწამეს. ადამოვიჩი ორი ათეული წელი იყო გდანსკის მერი, შარშან მის ხელახალ არჩევას სამოქალაქო პლატფორმა უჭერდა მხარს. გდანსკში მდებარეობდა გემთსაშენი ქარხანა, სადაც 1980 წელს ლეხ ვალესას ხელმძღვანელობით შეიქმნა პროფესიული კავშირი "სოლიდარობა" - რომელიც თანდათან გარდაიქმნა ძალად, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომუნისტური რეჟიმის დამარცხებაში.

XS
SM
MD
LG