Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანდელაკთან ერთად, ალკოჰოლის უკანონოდ წარმოებისთვის დაკავებულ გორის საკრებულოს წევრს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს


ბორის გოგიჩაიშვილი
ბორის გოგიჩაიშვილი

ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებული შვიდი ადამიანიდან, ერთს - 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილს, რომელიც გორის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“, აღკვეთის ღონისძიების მკაცრი ფორმა - პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს.

ადვოკატმა თამარ კუჭავამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ აღკვეთის შეცვლის მიზეზი ბორის გოგიჩაიშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

„უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარე აქვს და ეს გახდა საფუძველი. მას მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. ახლა იმყოფება კლინიკაში და დაკავებიდან აღკვეთის ღონისძიების შეცვლამდეც იმყოფებოდა #18-ე სამკურნალო დაწესებულებაში, უკიდურესად მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მეტს ვერაფერს გეტყვით“, - ამბობს ადვოკატი.

ბორის გოგიჩაიშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა.

ბორის გოგიჩაიშვილთან ერთად უაქციზო ალკოჰოლის დამზადება-წარმოებაში ბრალი ედება ყოფილ მოკრივეს, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკს და მასთან დაკავშირებულ კიდევ ხუთ პირს: თენ­გიზ გუ­ლორ­და­ვას, ალე­კო კურ­ტა­ნი­ძეს, ქარ­თლოს ჯა­ლა­ბა­ძეს, გი­ორ­გი ბი­ბი­ლაშ­ვი­ლს და გი­ორ­გი ქავ­თა­რა­ძეს.

19 სექტემბერს, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თეონა ეპიტაშვილმა შვიდივე დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატ თამარ კუჭავას თქმით, ბორის გოგიჩაიშვილის შესახებ სრული სამედიცინო დოკუმენტაციის შეგროვება 19 სექტემბრისთვის ვერ მოასწრეს, თუმცა მას შემდეგ, რაც საბუთები სრულყოფილად მოიძია, სხდომაც ჩაინიშნა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა პრიორიტეტულად აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი... თანამშრომლობს ასე ნუ მიიღებთ, რაღაც კითხვები აქვს გამოძიებას რასაც ვპასუხობთ“, - ასე უპასუხა ადვოკატმა რადიო თავისუფლების კითხვას, უკავშირდება თუ არა პატიმრობის გირაოთი შეცვლა, ჯანმრთელობის პრობლემების გარდა, გამოძიებასთან თანამშრომლობასაც.

ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობის სხდომაზეც ისაუბრა.

„ბატონი ბორისი უმძიმესი დაავადებით და დიაგნოზით არის წარმოდგენილი. მისი კოგნიტიური ფუნქციები მნიშვნელოვნადაა შეზღუდული. სახეზე იყო სავალდებულო დაცვის უფლება... ბორის გოგიჩაიშვილმა სრულყოფილად საკუთარი საცხოვრებელიც ვერ გაიხსენა. ის ღამის 2 საათზე, ადვოკატის გარეშე გამოიკითხა. მისი ჩვენებიდან ახლა შემიძლია ნებისმიერი აბზაცი წავიკითხო და ვთხოვო მას, აბა, თუ გაიმეორებს. სწორედ მისი გამოკითხვის ოქმი დაედო გიორგი კანდელაკის ბრალდებას.

ბორის გოგიჩაიშვილის ჩვენება არის ერთადერთი, რაც კანდელაკის წინააღმდეგაა.

ერთადერთი მტკიცებულება საქმეში ამ ორ პირს შორის გაგზავნილი ფოტოსურათია, რომელიც ერთ-ერთ ალკოჰოლურ სასმელს ასახავდა, თითქოს, ის გაყალბებული იყო.

რაც შეეხება გიორგი ბიბილაშვილს, ის ქარხანაში მუშად მუშაობდა.

ალექსანდრე კურტანიძე სხვადასხვა ხელშეკრულებას აფორმებდა“, - განაცხადა კუჭავამ.

რა ვიცით ბორის გოგიჩაიშვილზე

ბორის გოგიჩაიშვილი, ბიზნესმენი და ყოფილი სპორტსმენი გორის საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" 2021 წელს გახდა. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, არალეგალური სასმლის საწარმო სწორედ მის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაში ფუნქციონირებდა. გოგიჩაიშვილმა 2019 წელს “ქართულ ოცნებას” 100 000 ლარი შესწირა;

პოლიციასთან პრობლემები ბორის გოგიჩაიშვილამდე ჰქონდა მის ვაჟსაც, რომელიც რამდენიმე კვირის წინ კონტრაბანდული საქმიანობისთვის დააკავეს და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

პროკურატურის თანახმად, ბორის გოგიჩაიშვილს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილესთან ზაზა ხუნდაძესთან. მის წინააღმდეგ პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაციით გუშინ აღძრა საქმე. ცნობილი გახდა, რომ ზაზა ხუნდაძემ ქვეყანა დატოვა, მას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

ადვოკატი ამბობს, რომ ის თურქეთში იმყოფება სამკურნალოდ და ქვეყანა „შეგნებულად არ დაუტოვებია“. მან თანამდებობა შემოსავლების სამსახურში ორიოდე თვის წინ დატოვა.

სუსის ყოფილი ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი ზაზა ხუნდაძის მეჯვარეა.

რა არის ბორის გოგიჩაიშვილის როლი საქმეში?

გორის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან, ბორის გოგიჩაიშვილი ჩვენებაში, რომელიც "ტვ პირველმა" მოიპოვა, ამბობს რომ ფალსიფიცირებული სასმელები რუსული კომპანიის დაკვეთით ჩამოასხეს - პირველ ეტაპზე მის მიერ მოფიქრებული სახელით ("ბორკან") ნაწარმოები ვისკი რუსეთში რეგისტრირებულმა კომპანიამ შეისყიდა, თუმცა შემდეგ რეალიზაციის პრობლემებმა იჩინა თავი.

"2020-2021 წლებში, რუსეთში რეგისტრირებულ კომპანიამ სახელწოდებით „რუსული ღვინის საწარმო სახლი“, გამოთქვა ჩემთან სურვილი ვისკის შესყიდვაზე. „ალიდამ“ სარეალიზაციოდ დაუმზადა ვისკი, რომელიც მე მოვიგონე და დავარქვი „ბორკან“.

ვისკი სახელად „ბორკან“ გავუგზავნეთ რუსეთში რეგისტრირებულ კომპანიას, მათ მოეწონათ შპს „ალიდას“ პროდუქცია და მითხრეს, რომ ვინაიდან მათ ვისკის ხარისხი მოეწონათ, საქართველოში დაგვემზადებინა უაქციზო ბრენდული სახელწოდების ვისკები და არყები. 2024-2025 წლებში შპს ალიდან ჩამოასხა დიდი ოდენობით ბრენდული ვისკი სახელწოდებით - "ჩივას რეგალი" (Chivas Regal), არყები "ბელუგა" (Beluga), „გრეი გუსი“ (Grey Goose) და "ბელვედერი" (Belveder), რომელიც გახლავთ უაქციზო.

მათი რეალიზაცია რუსეთში ვერ შევძელი, რის გამოც დავიწყე კლიენტის მოძიება საქართველოში. მთელი ამ პროცესის, შესახებ საქმის კურსში იყო ჩემპიონი გიორგი კანდელაკი, რომელიც ასევე სრულად ჩაერთო ჩამოსხმული ალკოჰოლური ბრენდული სასმელის რეალიზაციის პროცესში, ისევე როგორც მე, ასევე გიორგი კანდელაკი მასიურად ვეძებდით პირებს, ვინც გამოთქვამდნენ სურვილს მათ შეძენაში, რადგან გიორგი კანდელაკიც აღნიშნულში, რა თქმა უნდა, მოგებას ნახავდა, ოდენობა დამოკიდებული იყო გაყიდული უაქციზო ალკოჰოლური სასმელის რაოდენობაზე", - წერს "ოცნების" დეპუტატი ჩვენებაში.

კანდელაკის და გოგიჩაიშვილის ურთიერთობაზე კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმაც. გიორგი ჯავარაშვილის თქმით, გამოძიებას ჯერ არ აქვს დადგენილი, ხდებოდა თუ არა ფალსიფიცირებული სასმელის რეალიზაცია, თუმცა საქმის მასალების ნაწილია ოცნების დეპუტატსა და ბიზნესმენ კანდელაკს შორის მიმოწერა.

"ბორის გოგიჩაიშვილსა და გიორგი კანდელაკს შორის იყო მიმოწერა, რომელიც უშუალოდ შეეხებოდა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, რომ ისინი უაქციზო ალკოჰოლური სასმელების წარმოებას ახორციელებდნენ. ბრალდებულები ერთმანეთს წარმოების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს უგზავნიდნენ, ასევე თუ რამდენი ბოთლი იქნა დამზადებული და ასევე, მითითებულ იყო თუ რა დრო დასჭირდებოდა გარკვეული რაოდენობის უაქციზო ალკოჰოლური სასმლის დამზადებას.

რეალიზების ნაწილთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, თუ დადასტურდება მათი მხრიდან რეალიზაცია, მოხდება ბრალის დაზუსტება“,- უთხრა მედიას გიორგი ჯავარაშვილმა.

ბრალდების შინაარსი

ბრალდების თანახმად, გიორგი კანდელაკი, ბორის გოგიჩაიშვილი, თენგიზ გულორდავა, ალექსანდრე კურტანიძე, ქართლოს ჯალაბაძე, გიორგი ქავთარაძე და გიორგი ბიბილაშვილი ერთი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან. გამოძიება ამბობს, რომ მათ გორში, იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოაწყვეს საწარმო, სადაც ფალსიფიცირებულ ალკოჰოლურ სასმელებს აწარმოებდნენ და უაქციზო სიგარეტებს ინახავდნენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გორში არალეგალურად მოქმედ ალკოჰოლური სასმელების ქარხნიდან და უაქციზო სიგარეტების საწყობიდან ამოღებულია "უპრეცედენტო რაოდენობის, კერძოდ 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი."

გამოძიება ამბობს, რომ არალეგალური სასმელების საწარმო წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა და კუსტარულად ამზადებდა სხვადასხვა დასახელების, ქართულ და უცხოურ ბრენდულ ალკოჰოლურ სასმელებს.

ამოღებულ სასმელებს შორის არის კუსტარულად დამზადებული და რეალიზაციისთვის გამზადებული არაყი BELUGA (ბელუგა), BELVEDER (ბელვედერი), GREY GOOSE (გრეი გუსი), ვისკი BORKAN (ბორკან) და CHIVAS REGAL (ჩივას რეგალი).

ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

"საერთოდ ვერ ვხვდები, რაზე ვარ [დაკავებული]", - თქვა 2025 წლის 19 სექტემბერს, სასამართლო სხდომაზე გიორგი კანდელაკმა. მისი თქმით, ბრალდებულთაგან მხოლოდ ბორის გოგიჩაიშვილს იცნობს.

"გიორგი კანდელაკი ბორის გოგიჩაიშვილის [გორის საკრებულოს წევრის] ჩვენებითაა აქ [განსასჯელის სკამზე];

გიორგი კანდელაკს ბორის გოგიჩაიშვილთან არანაირი სახის ფულადი თანხის გადარიცხვა არ უფიქსირდება.

არცერთი ბოთლი გასული არ არის კონკრეტული ადგილიდან, რეალიზაციაში არაა გასული და რომელი სარგებლის მიღებაზეა საუბარი? ბატონი გიორგი ადგილზეც არ არის ნამყოფი”, - თქვა კანდელაკის ადვოკატმა, ლანა ცერცვაძემ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG