Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკურად არ იქნებოდა სწორი 


ირაკლი კობახიძე, ნიკა მელია.
ირაკლი კობახიძე, ნიკა მელია.

„ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის გადაგდება არის არა მხოლოდ სამართალდარღვევა, არამედ მძიმე პროვოკაციაა. მიუხედავად ამისა, კობახიძეს მიაჩნია, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით მისი დაკავება სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა.

კობახიძის განმარტავს, რომ დაკავების საკითხი სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა, თუმცა ამატებს: „პოლიტიკურად ეს არ იქნებოდა სწორი, ჩვენ უნდა დავამარცხოთ ნიკა მელია ყოველგვარი სამართლებრივი ზომების გარეშე, ამის შემდეგ რა ზომები მიიღება სამართლებრივად ეს არის სხვა საკითხი, მაგრამ პოლიტიკურად არ მგონია მიზანშეწონილი".

ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ხალხში გადააგდო.

„აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხულია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, რადგან ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ, გამორიცხულია“.

ნიკა მელიას პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ელექტრონული სამაჯური 2019 წლის 3 ივლისს შეაბეს. ამ სამაჯურით მასზე ელექტრონული მონიტორინგი ხორციელდებოდა.

ნიკა მელიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს წაუყენა, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.

პროკურატურის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მელიას შესახებ პოზიციას მოგვიანებით გააცნობენ მედიას.

XS
SM
MD
LG