ჰოლანდიელმა პროკურორებმა სამუდამო პატიმრობის მისჯა მოითხოვეს რუსეთის სამი და უკრაინის ერთი მოქალაქისთვის, რომლებსაც დაუსწრებლად ასამართლებენ 2014 წელს უკრაინის თავზე სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის, რასაც 298 ადამიანი შეეწირა.
22 დეკემბერს წარმოთქმულ შემაჯამებელ სიტყვებში პროკურორებმა თქვეს, რომ განსასჯელებმა მონაწილეობა მიიღეს იმ სარაკეტო სისტემით მომარაგების პროცესში, რომელიც მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა გამოიყენეს მალაიზიის ავიახაზების MH17 თვითმფრინავის ჩამოსაგდებად.
2014 წლის 17 ივლისს MH17 ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, როცა ის რუსეთის მიერ წარმოებული, Buk-ის ტიპის ხმელეთი-ჰაერის რაკეტით ჩამოაგდეს უკრაინის აღმოსავლეთში, ტერიტორიიდან, რომელსაც აკონტროლებდნენ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები. კატასტროფას ემსხვერპლა ყველა მგზავრი და ეკიპაჟის ყველა წევრი.
სასამართლო პროცესის ფონია განახლებული დაძაბულობა მოსკოვსა და დასავლეთს შორის, უკრაინასთან ახლოს რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის გამო, რაც შეჭრის შიშებს აჩენს. რუსეთი, რომელმაც 2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსირება მოახდინა, უარყოფს მეზობელ ქვეყანაზე თავდასხმის გეგმის ქონას.
ოთხ ეჭვმიტანილს - რუსებს, სერგეი დუბინსკის, ოლეგ პულატოვს, იგორ გირკინს და უკრაინელ ლეონიდ ხარჩენკოს - დაუსწრებლად ასამართლებენ. პროცესზე მხოლოდ ერთ ეჭვმიტანილს, პულატოვს წარმოადგენს ადვოკატი. სასამართლო პროცესი იმართება უსაფრთხო დარბაზში, ამსტერდამის აეროპორტთან ახლოს, რადგან განწირულმა თვითმფრინავმა გეზი ჰოლანდიიდან აიღო და მსხვერპლთაგან 196 პირი ჰოლანდიის მოქალაქე იყო.