Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გაასამართლეს ერთ დღეში ერთი ოჯახის ოთხი წევრი - რეპორტაჟი წიბახაშვილების სასამართლოდან


ერთმანეთის მიყოლებით ჩატარდა მანანა ჯავაშვილის ორი შვილის, ლადო და გიგა წიბახაშვილებისა და მანანას დის, ეკას სასამართლო სხდომები.
ერთმანეთის მიყოლებით ჩატარდა მანანა ჯავაშვილის ორი შვილის, ლადო და გიგა წიბახაშვილებისა და მანანას დის, ეკას სასამართლო სხდომები.

როდისმე ერთი ოჯახის ოთხი წევრი ერთდროულად დაუკავებიათ? - კითხულობენ საქალაქო სასამართლოს დერეფანში შეკრებილი ადამიანები. ისინი 41-ე დარბაზთან რიგში დგანან, სადაც მასწავლებელ მანანა ჯავაშვილის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს. 

ამ სხდომის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით ჩატარდება მანანა (ნანა) ჯავაშვილის ორი შვილის, ლადო და გიგა (გიორგი) წიბახაშვილებისა და მანანა ჯავაშვილის დის, ეკას სასამართლო სხდომები. დედას და შვილებს მოსამართლეები ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებენ.

არც რუსთაველის გამზირი გადაუკეტია ერთი ოჯახის ამდენ წევრს ერთდროულად. 2 ნოემბერს ქუჩაზე ჯერ დები გადავიდნენ, მიჰყვნენ შვილებიც. ეს იყო საპროტესტო აქტი - მათ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონები გააპროტესტეს.

მანანა ჯავაშვილი დღეს 3 ნოემბერს თავის სახლთან დააკავეს, მისი ვაჟები სასამართლოსკენ გზად. ეკა ჯავაშვილს კი დაურეკეს და უთხრეს, რომ სხდომაზე უნდა მისულიყო, შეატყობინეს თქვენ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა დაწყებულიო.

მანანა ჯავაშვილის ქმარი, ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი ქალიშვილთან, მარიამ წიბახაშვილთან ერთად რამდენიმე წუთში ერთხელ საქალაქო სასამართლოს საინფორმაციო ცენტრში რეკავს და კითხულობს, დაინიშნა თუ არა შვილებისა და ცოლის სასამართლო სხდომა? რომელი მოსამართლე განიხილავს? რომელ დარბაზებში?

პედაგოგის საქმეს მოსამართლე კობა ჩაგუნავა განიხილავს. შსს-ს წარმომადგენელი ბუბა ნაჭყებიაა. 41-ე დარბაზი სავსეა. დარბაზში ბორკილებით შემოჰყავთ დაკავებული, ის დამსწრეებს უზიარებს წუხილს, რომ დაკავების შემდეგ „ყველაფერი წაართვეს, მათ შორის წიგნებიც“.

მანანა ჯავაშვილი ქიმიის მასწავლებელი, თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელია. მისი დაც პედაგოგია, ერთი შვილი მხატვარი, მეორეც ხელოვანია.

„აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ იყო იმდენი, რომ ბუნებრივად გადაეკეტათ გზა“, - ამბობს შსს-ს იურისტი ბუბა ნაჭყებია. ის დარბაზისკენ იშვიათად იხედება. ხშირად იმეორებს „ხელოვნური ქმედება“. მანანა ჯავაშვილის სამართალდამრღვევად ცნობას მოითხოვს.

მანანა ჯავაშვილი არაფერს არ ამბობს, არ სარგებლობს ამ უფლებით. მდუმარედ უსმენს მხარეებსა და მოსამართლეს. იქამდე სანამ მოსამართლე სათათბიროდ გავა, მხოლოდ ამას ამბობს: „არ ვთლი დამნაშავედ თავს, მიუხედავად იმისა, რომ ვეთანხმები, რაც ოქმში წერია“.

დაკავებული არ უარყოფს, რომ აქციაზე მივიდა და გზაც გადაკეტა - მოსამართლემ ვიდეომტკიცებულებები აღარ ნახა.

ადვოკატი, თათია კონიაშვილი ამბობს, რომ მანანა ჯავაშვილმა კონსტიტუციური უფლება გამოიყენა, მიიღოს მონაწილეობა პროტესტში. ის ყურადღებას შეუსაბამო სასჯელზე ამახვილებს:

„ადამიანს არ უნდა შეეზღუდოს თავისუფლება იმის გამო, რომ 15-20 წუთის განმავლობაში გადავიდა ქუჩაზე, ეს არაკონსტიტუციურია… არ შეიძლება შეკრების უფლების კრიმინალიზება მოხდეს, ამას ექნება მსუსხავი ეფექტი...“ - ამბობს ის.

შსს-მ ერთდღიანი პატიმრობა მოითხოვა.

„არ უარვყოფ იმას, რომ ქალბატონ მანანას არ ჰქონდა ადრე სამართალდარღვევები, ჩვენი პოზიცია უცვლელია, ის უნდა იცნოს სამართალდამრღვევად, რაც შეეხება სახდელს ჩვენ არ გვაქვს სხვა სახდელი გარდა პატიმრობისა, რაც შეეხება რაოდენობას, ვითხოვთ ერთდღიან პატიმრობას“, - თქვა ბუბა ნაჭყებიამ.

დარბაზში სიცილია.

15-წუთიანი თათბირის შემდეგ კობა ჩაგუნავა სხდომათა დარბაზში დაბრუნდა და ვრცლად ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა გაეზიარებინა და პედაგოგისთვის ერთდღიანი პატიმრობა შეეფარდებინა.

მან ჩათვალა, რომ მანანა ჯავაშვილმა გზა ხელოვნურად გადაკეტა და შეეძლო პროტესტი ისე გამოეხატა, რომ გამზირის სავალ ნაწილზე არ გადასულიყო.

„ბოლო გაკვეთილებს მიუსწრებს“, - ისმის მხარდამჭერების შეძახილები.

სხდომის დასრულებიდან რამდენიმე წუთში იმავე სართულზე მანანა ჯავაშვილის ვაჟის, ლადო წიბახაშვილის სასამართლო სხდომა დაიწყო. დარბაზში მოსამართლე ნინო ენუქიძეა.

იქამდე, სანამ განხილვა დასრულდა, ლადო წიბახაშვილმა ფურცელზე „მოსამართლე და სხდომის მდივანი დახატა“, - განმარტა ადვოკატმა, თათია კონიაშვილმა ამ ნახატის შინაარსი.

ლადო წიბახაშვილის ნახატი
ლადო წიბახაშვილის ნახატი

„ეტყობა ჰელოუინზეა ნამყოფი“, - პოლიციელის რეპლიკაა, რომელიც დაკავებულის ზურგს უკან ზის და აკვირდება, რას ხატავს წიბახაშვილი თეთრ ფურცელზე.

ყველა მსურველმა დარბაზში შესვლა ვერ მოახერხა. შესვენებაზე გარეთ გამოსული მარიამ წიბახაშვილი უყვება მათ, რა მოხდა სხდომაზე.

მოსამართლემ ჰკითხა ლადოს, რატომ გადავიდა გზაზე.

„დედაჩემი გადავიდა და მე ხომ არ დავრჩებოდიო“, - უპასუხა.

სხდომაზე გაირკვა, რომ მას ორი ადმინისტრაციული ჯარიმა ჰქონდა გამოწერილი, რომელიც არც ჩაჰბარებია. შსს-ს იურისტმა სამართალდამრღვევი უწოდა, რაზეც ლადო წიბახაშვილი გაღიზიანდა.

ის ადასტურებს, რომ გზა გადაკეტა. მიაჩნია, რომ ამის კონსტიტუციური უფლება აქვს. არ ეთანხმება გამკაცრებულ კანონს და სწორედ ამიტომ გადავიდა ოჯახთან ერთად გზის სავალ ნაწილზე.

„რატომ დაგვაკავეთ მიყოლებით ოჯახის ყველა წევრი?“, - იკითხა.

„განურჩევლად ყველას მიმართ ერთნაირი მიდგომა გვაქვს“, - უპასუხა შსს-ს იურისტმა.

ნინო ენუქიძემ ლადო წიბახაშვილს 8-დღით პატიმრობა შეუფარდა.

რამდენიმე წუთში მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გახსნა სხდომა. სამართალდამრღვევის სკამზე ისევ წიბახაშვილების ოჯახის წევრია - გიგა წიბახაშვილი.

„რომ დამირეკეს და სასამართლოზე დამიბარეს, ვუთხარი მოვალ-მეთქი, მაგრამ არ მაცალეს და გზაში დამაკავეს“, - თქვა გიგა წიბახაშვილმა.

შსს-ს იურისტი თინათინ კაჭკაჭიშვილია. მისი მტკიცებით, „დაკავებული არ დაემორჩილა გზის გახსნის მოთხოვნას და პოლიციელებმა ის ამ მოთხოვნიდან 12 წუთში გზაზე მდგომი გადაიღეს“.

ადვოკატი თათია კონიაშვილი ყველა მოსამართლესთან ერთსა და იმავეს ამბობს: „გზის გადაკეტვის გამო პატიმრობა, არაპროპორციულია და მიზნად ისახავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, პროტესტის კრიმინალიზაციას და რეპრესიებს დემონსტრანტების წინააღმდეგ“.

გიგა წიბახაშვილი არ უარყოფს, რომ გზაზე იდგა. ის არ ეთანხმება კანონს და მიაჩნია, რომ „უმრავლესობის აზრის ჩახშობისკენაა მიმართული“.

„ეს კანონები მარტო იმიტომაა, რომ ადამიანების აზრს ვერ აჩერებენ, ვერ გვაჩერებენ, უმრავლესობის აზრია. ოღონდ ეს პროტესტი მართლა ჩაახშონ და ხვალ შეიძლება მიიღონ კანონი, რომ დაგვხვრიტონ…

კი გადავედი, სწორად ჩავთვალე და გადავედი, არ მიმაჩნია ის, რაც ქვეყანაში ხდება ადეკვატურ რაღაცად“, - თქვა მან.

მის ამ განცხადებას შსს-ს იურისტის, თინათინ კაჭკაჭიშვილის შეკითხვები მოჰყვა:

- რატომ გადახვედით სავალ ნაწილზე?

- დედაჩემთან შესახვედრად გადავედი

- დედათქვენთან შესახვედრად?

- სოლიდარობის გამოსახატად

- რატომ არ დაემორჩილეთ პოლიციის მოთხოვნას?

- არ ვთვლი, რომ ეს კანონი ლეგიტიმურია, ამაზე არ არის საუბარი… დავინახე, რომ დედაჩემი გადავიდა და გადავედი, გვერდი რომ გამემაგრებინა.

ეს პროცესები საქალაქო სასამართლოში არასამუშაო საათებში იმართება. ღამის სასამართლოები უკვე პრაქტიკად იქცა. წინა დღით დაკავებულები მეორე დღეს გვიან მიჰყავთ სასამართლოში, იმავე დღეს დაკავებულს იმავე საღამოსაც ასამართლებენ, როგორც დღეს. ყველაზე დიდხანს სასამართლო სხდომები დილის ოთხ საათამდე გაგრძელებულა.

დაკავებულების ნაწილს ადვოკატები არ ჰყავს ხოლმე, დერეფანში მორიგეობენ ისინი, ვინც მზად არის მათ უსასყიდლოდ დაეხმაროს. თუ დაცვის გარეშე დარჩენილ დემონსტრანტს, რომელიმე დარბაზში იპოვიან, მოსამართლეს ორდერს აწვდიან და მტკიცებულებების გაცნობას ითხოვენ.

დერეფანი სავსეა ხალხით… საქალაქო სასამართლოს შენობაში სინათლე მხოლოდ პირველ სართულზე ანთია, სხვა ფლიგელები ჩაბნელებულია.

ადვოკატი თათია კონიაშვილი მოსამართლეს მიმართავს თხოვნით, გიგა წიბახაშვილი არ დააპატიმროს და სიტყვიერი შენიშვნას დასჯერდეს.

მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მას 8-დღით პატიმრობა შეუფარდა.

„ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ“, - თქვა მან დარბაზიდან გაყვანის დროს.

იქამდე, სანამ მოსამართლე თათბირობდა, გიგა წიბახაშვილმა მეგობრებს უთხრა, რომ „სახლში ძლივს იპოვა შარვალი, რომელიც ცოტა მჭიდროდ აქვს და იზოლატორში ქამრის გარეშე არ ჩაძვრება”.

- „რა საჭმელი გიყვარს?“

- „აი დედაჩემი გამოვა ხვალ და იმან იცის“, - პასუხობს.

იმავე მოსამართლემ, განიხილა მანანა ჯავაშვილის დის, ეკა ჯავაშვილის საქმე. მას შშმ პირის სტატუსი აქვს, რაც პატიმრობიდან გათავისუფლების კანონიერი საფუძველია. ცნობა ადვოკატმა მოსამართლეს წარუდგინა.

ჯავაშვილიც მასწავლებელია. აი, რა თქვა სასამართლოზე:

„ვინაიდან მე ვარ მასწავლებელი, პედაგოგი, უბრალოდ არანაირი მორალური უფლება არ მქონდა იმისი, რომ ის, რაც ხდება დღეს - ყველანაირი აღვირახსნილობა ახალი თაობის მიმართ, ახალი თაობის მომავლის მიმართ, მე სხვა ბერკეტი არ გამაჩნია, რა შემიძლია სხვა გავაკეთო გარდა იმისა, რომ რაღაცნაირად ხმა მივაწვდინო ადრესატს,- აი ამ განათლების სისტემის დანგრევის და ჩამოქცევის შესახებ, შვილების ჯანმრთელობის შესახებ.

გუშინ იყო აქცია, ფილარმონიასთან „დედები შვილებისთვის“, მე მივედი იქ, ვიდექი მარტო, მორჩილად, წამოვედით რუსთაველის გამზირზე, ტროტუარზე ძალიან წესიერად მოვდიოდით. დამუხტული ვიყავი იმითი, რომ რაღაცნაირად ჩემს შვილებს და ჩემი შვილების თაობას, გადავფარებოდი და საერთოდ არ ვაპირებდი მე გუშინ გადაკეტვას, მაგრამ რომ დავინახე ხუთი კინკილა ჩემი შვილის ტოლი ადამიანი გადავიდა და ასე ეულად აღმოჩნდა პოლიციის გარემოცვის ქვეშ, დედამ გაიღვიძა ჩემში, კრუხმა გაიღვიძა ჩემში და ვერ მივეცი ჩემს თავს უფლება რომ არ გადავსულიყავი და მათ გვერდზე არ დავმდგარიყავი, დანარჩენი თქვენ გამოიტანეთ დასკვნა, თუ გნებავთ ერთი თვით ჩამსვით, თქვენი ნებაა“.

მას მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი მისი სიტყვიერი შენიშვნით გათავისუფლებას მოითხოვდა.

ფოტოგრაფმა გურამ წიბახაშვილმა ყველა პროცესზე დასწრება მოასწრო. ის იზიარებს ოჯახის წევრების პროტესტს, ეთანხმება მათ გადაწყვეტილებას, გადაეკეტათ გზა და ცოლს ხვალ იზოლატორთან დაელოდება.

ფორუმი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG