Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობაში მყოფი ზვიად ცეცხლაძის ოჯახი აპირებს შალვა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლოს


ზვიად ცეცხლაძე სასამართლოს სხდომაზე
ზვიად ცეცხლაძე სასამართლოს სხდომაზე

პროევროპულ აქციებზე დაკავებული, მსჯავრდადებული სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძე შვილთან კონსულტაციის საფუძველზე აპირებს სადავო პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, მისი სიტყვებისთვის სასამართლოში უჩივლოს და ბოდიშის მოხდა მოითხოვოს.

როგორც დღეს, 4 ნოემბერს, თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ, შალვა პაპუაშვილმა მის შვილს "ტერორისტი" უწოდა მას შემდეგ, რაც მან ევროკავშირის ელჩისადმი მიწერილ წერილზე ევროკავშირის წარმომადგენლობისგან პასუხი მიიღო.


ზურაბ ცეცხლაძის სიტყვებით, ევროკავშირის ელჩს თავდაპირველად ზვიადმა მისწერა წერილი, "რითაც მოითხოვდა, არ გაეუქმებინათ ვიზალიბერალიზაცია და ევროსაბჭოდან არ გამოვეძევებინეთ".

"ეს პოზიცია თანხვედრაში იყო რეჟიმის პოზიციასთანაც, რეჟიმი თავად ამბობდა, რომ არ უნდოდათ ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა და თითქოს ოპოზიცია მუშაობდა იმისთვის, რომ ჩვენთვის ვიზალიბერალიზაცია წაერთვათ. შემდგომ ევროკავშირის ელჩისგან გამოიგზავნა წერილი ციხეში, სადაც ძალიან კორექტულად, ძალიან დიპლომატიურად, აბსოლუტურად სამართლიანად იყო აღნიშნული, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით წუხდნენ, რომ ქვეყანა ევროპულ გზას აცდენილია და ა.შ."

ზურაბ ცეცხლაძის თქმით, ამ წერილის გავრცელების შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკპოსტში ზვიად ცეცხლაძეს "ტერორისტი უწოდა".

"ვციტირებ: "ევროკავშირის ელჩი იცლის იმისთვის, რომ ციხეში ტერორისტს მისწეროს წერილიო", - თქვა ზურაბ ცეცხლაძემ და დაამატა, რომ ამან ძალიან გააბრაზა.

"რამდენადაც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარე, აბსოლუტურად არანაირი პასუხისმგებლობა არ მოჰყვება მის სიტყვებს. ადამიანი უაპელაციოდ უწოდებს ტერორისტს ჩემს შვილს, მაშინ, როცა ტერორიზმის მუხლით არ იყო გასამართლებული და ის მუხლიც კი, რომელიც ბრალად ჰქონდა წარდგენილი, შეუცვალეს მსუბუქი მუხლით. მე მოვილაპარაკე ზვიადთან, გუშინ შეხვედრა გვქონდა და ვამზადებთ სარჩელს, რათა შევიტანოთ პაპუაშვილის წინააღმდეგ და ბოდიში მოვახდევინოთ იმ ამაზრზენი სიტყვებისთვის, რასაც ის ჩემს შვილს, 20 წლის ბიჭს უწოდებს", - თქვა ზურაბ ცეცხლაძემ.

შალვა პაპუაშვილმა 25 ოქტომბერს გამოაქვეყნა ფეისბუკპოსტი, რომელშიც გაზიარებული იყო ონლაინგამოცემა "ნეტგაზეთის" ცნობა იმის შესახებ, რომ ზვიად ცეცხლაძემ საპატიმროში შიმშილობა დაიწყო მამამისისთვის, ზურაბ ცეცხლაძისთვის, გზის გადაკეტვის საბაბით შეფარდებული პატიმრობის გამო. ამავე პოსტში პაპუაშვილი აფასებდა ევროკავშირის საელჩოსგან ზვიად ცეცხლაძისთვის გაგზავნილ პასუხსაც.

"იტყოდა ადამიანი, რომ კატასტროფაა, როდესაც ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული მედია ტერორისტს "სინდისის პატიმრად" მოიხსენიებს. თუმცა, როდესაც თავად ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა იმავე ტერორისტთან, ხვდები, რომ ეს არა ერთეული წამოცდენა, არამედ ერთი ხელით ორკესტრირებული პროპაგანდისტული ხაზია, რომლის მიზანი ტერორიზმის გამართლება და ძალადობის ნორმალიზებაა."

ზვიად ცეცხლაძეს მოსამართლე თამარ სახელაშვილმა 2025 წლის 2 სექტემბერს 2 წლითა და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. მან ის დამნაშავედ ცნო პროევროპული აქციებისას ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. მასთან ერთად პატიმრობა მიესაჯა კიდევ 7 დაკავებულს.

არცერთი ბრალდებული გამოძიების არცერთ ეტაპზე ბრალს არ აღიარებდა.

განახლება:

მოგვიანებით, 4 ნოემბერს, მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ანალოგი შეიძლება მოიძებნოს სისხლის სამართლის დანაშაულის სახით, მაგრამ "ტერორიზმი", ისევე როგორც თაღლითობა, არის პოლიტიკური ტერმინიც.

"მე ვაკეთებ პოლიტიკურ შეფასებებს და არა სამართლებრივს, ამაზე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს პარლამენტის პრეროგატივა არ არის და პოლიტიკურ შეფასებებს რაც შეეხება, აქ, იმედია, ცენზურის დაწესების სურვილი არავის აქვს სასამართლოს გზით“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG