Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტრო "ვარკეთილის" გასარემონტებლად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა


მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციისა და რემონტისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა - 7-მლნ იან ტენდერში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა. სწორედ ეს გახდა ტენდერის ჩაშლის მიზეზი.

რადიო თავისუფლებას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, რომ ბაზრის შესწავლის შემდეგ კვლავ იგეგმება ახალი ტენდერის გამოცხადება.

ახალგარემონტებულ მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერი თითქმის ოთხი წლის წინ ჩამოვარდა, მაშინ რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევამდე დაახლოებით წელიწად-ნახევრით ადრე, მაშინდელმა მერმა, დავით ნარმანიამ თქვა, რომ "მეტროსადგურის რეაბილიტაციის შემდეგ მგზავრთა გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდა".

ამ მეტროსადგურის გარემონტება თბილისის მერის, კახა კალაძის ერთ-ერთი დაპირებაა. ტენდერი 2022 წლის იანვარში გამოცხადდა, თუმცა გეგმა შშმ პირებისთვის სადგურის სრულ ადაპტირებას არ ითვალისწინებდა.

"დაგეგმილია სადგურის ნაწილობრივ ადაპტირება შშმ პირთათვის, მაგალითად ტაქტილური ბილიკების მოწყობა როგორც ზედა, ასევე ქვედა სადგურებში. ამ განახლების პროექტის ფარგლებში არ არის გათვალისწინებული სპეციალური ლიფტის მოწყობა, ვინაიდან ამის ტექნიკურ საშუალებას არ იძლევა სადგურის საინჟინრო გეგმარება", - უთხრეს რადიო თავისუფლებას სატრანსპორტო კომპანიაში ტენდერის გამოცხადების დროს.

XS
SM
MD
LG