უკრაინაში ჩასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
„ჩვენ უკრაინაში ჩამოვედით იმისთვის, რომ ქართველი ხალხის, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა მოქალაქის სურვილი ავასრულოთ, რომ მაღალი დონის წარმომადგენლობა იყოს უზრუნველყოფილი უკრაინაში; აჩვენოს კიდევ ერთხელ უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. აჩვენოს კიდევ ერთხელ მებრძოლ ქართველებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. ეს გრძნობა იყო ის, რაც გარკვეულ ხინჯად მქონდა მეც და გარკვეული ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ წამოვსულიყავით და გვეჩვენებინა უკრაინელი ხალხისთვის, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და ეს ერთად დგომა არის უცვლელი და ამას არ ცვლის არაფერი", - უთხრა „მთავარ არხს" გიორგი მარგველაშვილმა.
ყოფილ პრეზიდენტთან ერთად უკრაინაში იმყოფებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და პარლამენტის წევრები ამავე პარტიიდან - კობა ნაყოფია და ეკა ხერხეულიძე. ასევე უკრაინაშია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილი.
დღეს, 15 აპრილს უკრაინაში გაემგზავრა საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სპიკერის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციამ პაპუაშვილთან ერთად დელეგაციაში ყოფნაზე უარი განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში მყოფ ყველა ოპოზიციურ ჯგუფს მის დელეგაციაში შესვლა 14 აპრილს ბიუროს სხდომიდან საჯაროდ შესთავაზა.
მანამდე, გუშინ, 13 აპრილს, ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ უკრაინაში ვიზიტს მიმდინარე კვირის განმავლობაში აპირებდა და მისი დელეგაციის შემადგენლობაში ოპოზიცია არ იქნებოდა.
როგორც მან თქვა, ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. „[მათი] პოზიცია იყო, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან ყოფილიყო თითო წარმომადგენელი, რაც, თავისთავად, ხვდებით, რომ ზრდის დელეგაციის რაოდენობას, მოცულობას. თუკი ეს იქნება თანაბარი რაოდენობა, გამოდიოდა თხუთმეტკაციანი დელეგაცია, სადღაც 15-20 კაციანი. იქ ჩავდივართ პარლამენტის სახელით და არა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების სახელით, ამიტომ სამწუხარო არის, რომ არ არიან”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ უკრაინაში ცალკე ვიზიტის დაგეგმვის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი და უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ონლაინშეხვედრაზე შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში უკრაინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე 13 აპრილს გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც უკრაინაში წასვლის მზაობა გამოხატა.
8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა. მიწვევასთან დაკავშირებით მხარეებმა რამდენჯერმე გაცვალეს საჯარო და წერილობითი პოზიცია. "ქართული ოცნება" შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე წინაპირობას აყენებდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ჩავა.