Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი: გვახსენდება, ჩვენი საკუთარი "ბუჩები" 1990-იან წლებსა და 2008 წელს


უკრაინის რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კიევში შეხვედრის შემდეგ ბრიფინგი გამართეს, სადაც რუსლან სტეფანჩუკმა მადლობა გადაუხადა შალვა პაპუაშვილს სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის. პაპუაშვილმა კი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

"ჩვენ ვეწვიეთ ჩვენს მეგობრებს, რათა გამოგვეხატა ჩვენი ერთიანი და მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით, რადგან ჩვენი ხალხები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან. ჩვენი კულტურა, ისტორია, მეგობრობა კიდევ უფრო ძლიერდება ამ დღეებში, ეს არის ის, რასაც ჩვენი ხალხები უფრთხილდებიან და სწორედ ამიტომ ჩამოვედით ჩვენ კიევში, რათა გამოგვეთქვა სამძიმარი დაღუპულთა ახლობლებისთვის და ვმდგარიყავით უკრაინელი ხალხის გვერდით.

რთულია სიტყვებით აღწერო ის, რაც ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ და რასაც ყველა უყურებს ბუჩაში, ირპენსა და კრამატორსკში. თუმცა არსებობს ბევრი უკრაინული ქალაქი მსგავსი საშინელი ისტორიებით, რომლის შესახებაც ჯერ არავის მოუსმენია.

რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი. პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და უკრაინელების არჩევანს.

ჩვენ, ქართველებს ამ ყველაფრის ყურებისას გვახსენდება ჩვენი საკუთარი "ბუჩები" 1990-იან წლებსა და 2008 წელს, როდესაც ჩვენი ქალაქებიც დაინგრა.

რამდენადაც მტკივნეული უნდა იყოს ამ ყველაფრის ნახვა, ჩვენ ამავე დროს აღფრთოვანებულები ვართ თქვენი სიმამაცით, ერთიანობითა და გმირობით. ეს მსხვერპლი დარჩება სიმამაცის მაგალითად მომავალი თაობებისთვის", - ამბობს პაპუაშვილი.

15 აპრილს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში ერთდღიანი ვიზიტით გაემგზავრა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ განმტკიცებას და იმას, რასაც ჩვენი ხალხი ელოდება. ჩვენ ერთად განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალი და აღდგენის პროცესში შესაძლო დახმარების საკითხები", - წერდა რუსლან სტეფანჩუკი შეხვედრის შემდეგ თავის ფეისბუკგვერდზე.

8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ჩასვლის მიწვევა გაუგზავნა. მიწვევასთან დაკავშირებით მხარეებმა რამდენჯერმე გაცვალეს საჯარო და წერილობითი პოზიცია. "ქართული ოცნება" შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე წინაპირობას აყენებდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ჩავიდოდა.

XS
SM
MD
LG