თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროპარლამენტარები და სხვები, ვინც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ, "არიან ქვეყნის მტრები". ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის პასუხად ისაუბრა.
მედიის წარმომადგენელმა მას ჰკითხა: "საერთაშორისო კონფერენცია იმართება "დიდება უკრაინას", ამას ესწრებიან ევროპარლამენტარები, სტრატეგიული პარტნიორები, ისინი საუბრობენ დეოლიგარქიზაციაზე, დებიძინიზაციაზე, როგორ ფიქრობთ ევროკავშირისკენ სწრაფისთვის რამდენად ხდება ამ საკითხების გათვალისწინება?"
ამაზე კალაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ის ცვლილებები განახორციელოს, რაც ევროკავშირის სტატუსის მისაღებად იყო მოწოდებული.
დეოლიგარქიზაციაზე ევროპარლამენტარების საუბრის შესახებ ჟურნალისტის კითხვის გამეორებისას, კახა კალაძემ უპასუხა: "მაგასთან დაკავშირებითაც არაერთხელ იქნა განცხადება გაკეთებული. ვინც ამას ამბობს, არის ქვეყნის მტერი, ვითომ მეგობრულად შერაცხილები. რაც შეეხება ქვეყნის კურსს, ჩვენ ევროპული კურსიდან არასდროს გადაგვიხვევია. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ასოცირების ხელშეკრულების, უვიზო მიმოსვლის და სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით".
კახა კალაძე ასევე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ბრიფინგს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაზე და თქვა, რომ "ეს არის ძალიან დიდი აბსურდი".
"ქვეყანაში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და ძალიან დიდი სისულელე, არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. პოლიტიკური კრიზისი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას", - განაცხადა კალაძემ.