„ვიმედოვნებთ, მომავალში ქვეყანაში მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, კვლავ შევძლებთ ქართველი მონაწილეების მიღებას“, - წერია განცხადებაში.
ნიდერლანდმა MATRA-ს პროგრამა 1993 წელს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიზაციის მხარდასაჭერად შექმნა. პროგრამის თავდაპირველი მიზანი იყო პოსტკომუნისტური ქვეყნების სოციალურ ტრანსფორმაცია, მოგვიანებით კი მან ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ხელშემწყობი ფუნქცია შეითავსა. პროგრამა ორიენტირებულია ქვეყნებში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული სფეროების მხარდაჭერაზე.
საელჩოს ცნობით, წლების განმავლობაში, რაც MATRA-ს პროგრამა საქართველოში ხორციელდება, 200-მდე ქართველმა ოფიციალურმა პირმა და საჯარო მოხელემ „მიიღო მონაწილეობა სასწავლო პროცესში, რამაც საქართველოს საჯარო ინსტიტუციის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა“.
ერთ წელზე მეტია, რაც საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ იღებს კანონებს, რომლებიც ართულებს სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. პარტიის თავმჯდომარემ, რომელიც ამავდროულად იკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, გასული წლის 28 ნოემბერს თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამან ათიათასობით ადამიანი გამოიყვანა დედაქალაქის ქუჩებში - დემონსტრაცია პოლიციამ ძალადობრივად დაშალა. ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებზე ძალადობისთვის არავინ დასჯილა.
ფორუმი