გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში. ამ ქალაქში რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების საავიაციო ბაზა მდებარეობს. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები ოთხი აფეთქების შესახებ იუწყებოდნენ.
სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ ენგელსზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო, თუმცა საჰაერო თავდაცვის სისტემამ „დროულად და ეფექტიანად იმუშავა“. ბუსარგინის წინასწარი მონაცემებით, მოგერიებული დრონების ნამსხვრევებს ნგრევა არ გამოუწვევია და არავინ დაშავებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, სარატოვის ოლქში „გაანადგურეს“ თვითმფრინავის ტიპის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი. თავდაცვის სამინისტრო ისევ იყენებს ტრადიციულ ფორმულირებას, რომ „აღკვეთილია კიევის რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული შეტევები განეხორციელებინა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“.
ენგელსზე დრონებით შეტევის შესახებ უკრაინას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქი ენგელსი უკრაინის ტერიტორიიდან დაახლოებით 600 კილომეტრითაა დაშორებული. ამ რაიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ადრეც იყო. 2022 წლის დეკემბერში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ენგელსის სამხედრო აეროდრომზე დრონებით შეტევის შედეგად სამი რუსი სამხედრო დაიღუპა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 20 მარტს დილით, კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი „გაანადგურეს“ ბელგოროდის ოლქში. გასულ ღამით, სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყებოდა უკრაინასთან მოსაზღვრე კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტიც. მისი ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ მოგერიებული „უკრაინული რაკეტის“ ნამსხვრევები ჩამოცვივდა ქალაქ კურსკის ცენტრსა და სხვა რაიონებში და რამდენიმე სახლის სახურავი დააზიანა.
რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბელგოროდის ოლქს უკრაინის ტერიტორიიდან უტევენ ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალები. ამას უარყოფენ ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსი“ და „ციმბირის ბატალიონი“, რომელთა თანახმად, საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ამ ჯგუფებმა პირველად 12 მარტს გამოაცხადეს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის საზღვარი ერთობლივად გაარღვიეს ბელგოროდის და კურსკის ოლქებში. შეიარაღებული ფორმირებების წევრები ირწმუნებიან, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი, უკრაინის მხარდამჭერი რუსი მოხალისეები არიან.
განსაკუთრებით რთული ვითარება ბელგოროდის ოლქშია. ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაეწყო. დღეს, 20 მარტს, ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ კვირის ბოლომდე სკოლებში სასწავლო პროცესიც შეწყდა.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრმა, მოსახმობი სახელით „ფორტუნა“, 19 მარტს უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინასთან მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებში მიმდინარეობს შეტევის განვითარება და წინსვლა და საბრძოლო მოქმედებებში ჩართულია რუსი მოხალისეების მთელი რეზერვი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა ანდრი იუსოვმა ტელემარათონის ეთერში თქვა, რომ ეხმარებიან „რუსეთის მოხალისეთა კორპუსს“, ლეგიონ „რუსეთის თავისუფლებას“ და „ციმბირის ბატალიონს“, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ. იუსოვის განცხადებით, ეს ხალხი უკრაინას ეხმარება რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებაში, ამიტომ უკრაინაც უნდა დაეხმაროს იმ რუსებს, რომლებიც იბრძვიან პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ და მისგან რუსეთის გასათავისუფლებლად.
19 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე „დივერსანტების და უცხოელი დაქირავებულების შეღწევის ყველა მცდელობა ჩაიშალა“. პუტინის თანახმად, „მტრული დაჯგუფებები აპირებდნენ ნამდვილ ტერორისტულ რეიდს ბელგოროდის და კურსკის ოლქების ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში“, თუმცა „მისადგომებთან ცეცხლით დახვდნენ“ და მათ „დიდი დანაკარგი განიცადეს".
პუტინმა დასავლეთი დაადანაშაულა „კიევის რეჟიმის" ხელით რუსეთის წინააღმდეგ რადიკალური დაჯგუფებების გამოყენებაში და უშიშროების ფედერალური სამსახურისგან მოითხოვა ანტიტერორისტული მუშაობის გაძლიერება, რადგან „მოწინააღმდეგე ძლიერი და საშიშია“. პუტინმა უშიშროების სამსახურს დაავალა რუსეთის „მოღალატეთა“ სათითაოდ გამოვლენა და დასჯაც.