Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს? - დანიგანი ანაკლიის პორტზე


რობინ დანიგანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
რობინ დანიგანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი ანაკლიის პორტის პროექტზე ჩინურ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმებას გამოეხმაურა და თქვა, რომ კომპანიის თანამფლობელი ჩინეთის კომუნისტური პარტიაა. ამის შესახებ მან სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" ისაუბრა.

"CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ [ანაკლიის პორტის პროექტში] კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა. ჩინეთის კომუნისტური პარტია, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს?" - თქვა ელჩმა "ინტერპრესნიუსის" თარგმანის მიხედვით.

ელჩის განცხადებით, სხვა საკითხია კომპანიის ხარისხი და სტანდარტები. იგი აღნიშნავს, რომ CCCC-ს არ აქვს კარგი რეპუტაცია გლობალურად და საუბრობს მის წარსულ საქმიანობაზე:

"2009 წელს მსოფლიო ბანკმა აუკრძალა ბანკს ამ კომპანიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ცოტა ხნის წინ კომპანიამ ააშენა პორტი შრი-ლანკაში და ამ პორტის ირგვლივ ბევრი კამათია. არ ვიცი, წაგიკითხავთ თუ არა ამის შესახებ, მაგრამ საბოლოოდ, ჩინეთის მთავრობამ შეძლო შრი-ლანკის მიწაზე 99 წლიანი იჯარის უზრუნველყოფა და მისი გემები, სამხედრო გემები, შეძლებენ შესვლას და გასვლას. ასე რომ, არსებობს კამათი იმასთან დაკავშირებით, რომ შრი-ლანკამ დათმო თავის სუვერენიტეტი და ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

შეერთებული შტატების ხაზინამ დაადგინა, რომ ეს კომპანია არის კომპანია, რომელიც შედის კომპანიების სიაში, რომლებსაც აქვთ ღრმა კავშირები კომუნისტური პარტიის სამხედროებთან", - ციტირებს ელჩს სააგენტო "ინტერპრესნიუსი".

რობინ დანიგანი ამბობს, რომ "ბევრი შეშფოთება" არსებობს ანაკლიასთან დაკავშირებით, თუმცა ამატებს, რომ "ეს სუვერენული გადაწყვეტილებაა".

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიული პროექტის 49%-იანი წილი ჩინეთის სახელმწიფო კონსორციუმს გადასცა. შერჩეულ ფირმას, რომელიც აშშ-ს სანქცირებული ჰყავს, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დარღვევებს ედავებიან და „სესხის ხაფანგის“ პოლიტიკის გამტარად მიიჩნევენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG