Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის მუქარის შემდეგ კანადამ შეაჩერა აშშ-ისთვის ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდა


აშშ-ისა და კანადის დროშები ორი ქვეყნის საზღვრის სიახლოვეს. 2 თებერვალი, 2025.
აშშ-ისა და კანადის დროშები ორი ქვეყნის საზღვრის სიახლოვეს. 2 თებერვალი, 2025.

კანადამ გადაწყვიტა, აშშ-ისთვის განკუთვნილ ელექტროენერგიაზე შეაჩეროს 25-პროცენტიანი ტარიფი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარის შემდეგ, რომ კანადას ტარიფებს გაუზრდის. ამის შესახებ X-ში დაწერა კანადის ონტარიოს პროვინციის გუბერნატორმა დაგ ფორდმა.

ფორდმა დასძინა, რომ 13 მარტს შეხვდება აშშ-ის ვაჭრობის მინისტრ ჰოვარდ ლუტნიკს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განსახილველად.

მანამდე დონალდ ტრამპმა გამოაცხადა 50-პროცენტიანი ტარიფები კანადურ ფოლადსა და ალუმინზე, ონტარიოს მიერ შეერთებულ შტატებში მიწოდებულ ელექტროენერგიაზე 25-პროცენტიანი გადასახადის საპასუხოდ. მან ასევე პირობა დადო, რომ 2 აპრილიდან ტარიფებს დააწესებს კანადიდან იმპორტირებულ მანქანებზე.

გუშინ ფორდმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ტარიფების გაზრდის საპასუხოდ 25%-იან ტარიფებს დააწესებს ელექტროენერგიაზე, რომელიც მიეწოდება მინესოტის, მიჩიგანისა და ნიუ-იორკის შტატებს. მისი შეფასებით, ეს ზომა გავლენას მოახდენს 1,5 მილიონ ადამიანზე და 100 დოლარით გაზრდის მათ გადასახადს ელექტროენერგიაზე. ფორდმა თქვა, რომ გაზრდილი ტარიფებიდან მიღებულ შემოსავალს გამოიყენებს აშშ-ის ნაბიჯებით დაზარალებული მუშაკებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად.


ფორუმი

XS
SM
MD
LG