Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მედიის სოლიდარობის მარში“ პარლამენტის წინ მივიდა - დაგეგმილია ღამისთევა


დემონსტრაციის 132-ე დღე - რუსთაველის გამზირზე მოძრაობა კვლავ გადაიკეტა.
დემონსტრაციის 132-ე დღე - რუსთაველის გამზირზე მოძრაობა კვლავ გადაიკეტა.

დღეს, 2025 წლის 8 აპრილს, „ქართული ოცნების“ მთავრობის საწინააღმდეგო უწყვეტი საპროტესტო დემონსტრაციების 132-ე დღეს თბილისში გაიმართა „მედიის სოლიდარობის მარში“.

დემონსტრანტებმა - ჟურნალისტებმა, მედიის წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მათმა სხვა მხარდამჭერებმა - ფილარმონიიდან მოაწყვეს მსვლელობა და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მივიდნენ.

მანამდე ფილარმონიასთან შეკრებილებს შეუერთდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართული აქციის მონაწილეები. საზოგადოების ნაწილი თავდაპირველად სწორედ იქ იკრიბება 132-ე დღეა და მსვლელობით მიდის პარლამენტთან.

მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ შეწყვეტენ სიმართლის თქმას, „უკანონობის მხილებას და კრიტიკას“.

დემონსტრანტები სოლიდარობის უცხადებენ მზია ამაღლობელს - „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელს, მედიამენეჯერს, რომელსაც პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება და რომლის გათავისუფლებასაც ევროკავშირი და დასავლური ქვეყნები ითხოვენ.

„იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“, - წერია მზია ამაღლობელის სიტყვები დემონსტრანტების ერთ-ერთ ბანერზე.

საავტომობილო გზა გადაკეტილია.

დღესვე დაგეგმილია 9 აპრილის მემორიალთან ღამისთევა.

ღამისთევის ერთ-ერთი ორგანიზატორია პროევროპული აქციებისას დაკავებულების მშობლებისა და ოჯახის წევრების მიერ შექმნილი ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის“.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ვერ ამბობს, მივლენ თუ არა მისი თანაგუნდელები 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მიერ თბილისში მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაღუპულთა მემორიალთან.

დღეს, 8 აპრილს, სწორედ ამ ადგილზე იკრიბებიან 2024 წელს დაწყებულ პროევროპულ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა ოჯახის წევრები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG