„ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოცემისთანავე“, - წერია პარტიის რეგისტრაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში (იხილეთ მოწმობა).
რამდენიმე თვეში, 2025 წლის ოქტომბერში, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს. ჯერ არ არის ცნობილი, მიიღებს თუ არა ამ არჩევნებში მონაწილეობას რომელიმე ის ოპოზიციური პარტია, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახა.
განაცხადი პარტიის რეგისტრაციაზე რეესტრის ვებსაიტზე 27 თებერვალს გამოჩნდა, თუმცა ამ დრომდე არ კმაყოფილდებოდა. პირველი ხარვეზი რეესტრის თანამშრომელმა 27 მარტს აღმოაჩინა, მეორე კი - 8 აპრილს. მონაცემების განსაახლებლად პარტიას, „კონსერვატორები საქართველოსთვის“, 10-დღიანი ვადა ჰქონდა.
„ვარეგისტრირებთ იმიტომ, რომ არ გვაქვს პარტია და ხალხის მოთხოვნაა და ჩვენი მხარდამჭერების, რომ პარტია იყოს და პარტიული საქმიანობა გავაგრძელოთ“, - უთხრა 28 თებერვალს რადიო თავისუფლებას „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ.
„ალტ-ინფოს“ ჯგუფის ორგანიზებით თბილისში გაიმართა არაერთი აქცია, რომლებიც შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა. მათ შორის 2021 წლის 5 ივლისს, როცა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო, „ალტ-ინფოს“ ლიდერებმა და სასულიერო პირებმა მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდეს. იმ დღეს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. ძალადობის ორგანიზატორებიდან დღემდე არავინ დასჯილა.
„ალტ-ინფოს“ პარტია („კონსერვატიული მოძრაობა“) გასულ წლებშიც ჰქონდა, თუმცა საჯარო რეესტრმა მას რეგისტრაცია 2024 წლის 8 აპრილს გაუუქმა. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნა ამ პარტიის დოკუმენტების შესწავლის შესახებ.
ფორუმი