Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის მერმა 25 აპრილი გლოვის დღედ გამოაცხადა


კიევის მერი ვიტალი კლიჩკო რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაზარალებულ სვიატოშინსკის რაიონში. 2025 წლის 24 აპრილი
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაზარალებულ სვიატოშინსკის რაიონში. 2025 წლის 24 აპრილი

კიევზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის მსხვერპლთა პატივსაცემად 25 აპრილი უკრაინის დედაქალაში გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაცია სოციალური ქსელებით გამოაქვეყნა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე რაკეტებით და დრონებით შეტევა 24 აპრილს, შუაღამის შემდეგ მიიტანეს.

დღის სამი საათის მონაცემებით, კიევში დაიღუპა 8 და დაშავდა 77 ადამიანი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპიკერმა პავლო პეტროვმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას" უთხრა, რომ ნაპოვნია 8 იდენტიფიცირებული ცხედარი და სხეულის ნაწილები. პეტროვის თანახმად, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, ეს ნაწილები მეცხრე დაღუპულისაა, თუ უკვე ამოცნობილების.

კიევში ყველაზე მეტად დაზარალდა სვიატოშინსკის რაიონი, სადაც სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეულია მრავალბინიანი სახლი და დაზიანებულია ახლომდებარე შენობები.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს სხვადასხვა ტიპის 215 რაკეტითა და უპილოტო საფრენი აპარატით. მთავარი სამიზნე კიევი იყო.

მასირებული შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ უკრაინის ათამდე რეგიონშიც.

დანგრეული ან დაზიანებულია სახლები, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობები, საწარმოები და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.




ფორუმი

XS
SM
MD
LG