Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ „26 მაისის კომიტეტს“ ქმნის - სალომე ზურაბიშვილი


სალომე ზურაბიშვილი: „ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა იქ, სადაც ყოველთვის ვზეიმობთ, ანუ რუსთაველზე“.
სალომე ზურაბიშვილი: „ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა იქ, სადაც ყოველთვის ვზეიმობთ, ანუ რუსთაველზე“.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ თანამოაზრეებთან ერთად იწყებს მუშაობას დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისისათვის მზადებას.

„კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ვიწყებთ მუშაობას, არის 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნა, რათა დავგეგმოთ არამხოლოდ ჩვენი პლატფორმის, არამედ ჩვენი საზოგადოების 26 მაისი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 24 აპრილს სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით, „ეს არის ყველა ჩვენგანის ერთობლივი ზეიმი“ იმ პირობებში, როდესაც „დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების გამო“.

„ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა იქ, სადაც ყოველთვის ვზეიმობთ, ანუ რუსთაველზე. ამას დავგეგმავთ ყველანი ერთად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მოგვიანებით მან პლატფორმა X-ზეც დაწერა: „როგორც წინააღმდეგობის პლატფორმა, ჩვენ ვაფუძნებთ 26 მაისის კომიტეტს, რათა გავაერთიანოთ საზოგადოება ჩვენი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად“.

ის წერს, რომ „ეს არ არის მხოლოდ თარიღი - ეს არის თავისუფლების სიმბოლო, რომელიც ერთად უნდა დავიცვათ, განსაკუთრებით ახლა, რადგან ამ თავისუფლებას საფრთხე ემუქრება არალეგიტიმური ხელისუფლებისგან“.

დამოუკიდებლობის დღეს მუნიციპალიტეტებში სადღესასწაულო ღონისძიებები იგეგმება.

წელს პირველად საღონისძიებო სივრცეების ჩამონათვალში არ მოხვდა თბილისის მთავარი (რუსთაველის) გამზირი, სადაც 4 თვეზე მეტია აქციები იმართება, ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით.

26 მაისისთვის მიძღვნილი ღონისძიებების ჩამონათვალი საქართველოს მთავრობის სახელით 15 აპრილს დამტკიცდა, მის ძირითად ნაწილზე პასუხისმგებელ უწყებებად კულტურისა და თავდაცვის სამინისტროები არიან განსაზღვრული.

ღონისძიებები თბილისში გაიმართება:

  • ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე;
  • ორბელიანის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლესთან;
  • თავისუფლების მოედანზე, სადაც წვევამდელები დადებენ ფიცს.


26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ეროვნული დღესასწაულია.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფო.

1921 წლის თებერვალში საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა.

სალომე ზურაბიშვილმა 24 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ „წინააღმდეგობის პლატფორმამ“ გაუგზავნა წერილი „უცხოეთში მყოფ ყველა ჩვენს პარტნიორთან - აღმასრულებელ თუ საპარლამენტო ხელისუფლებაში“.

„მათ წარვუდგინეთ „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მთავარი მოთხოვნები, რაც არის ქართული საზოგადოების მთავარი მოთხოვნები:

  1. „არალეგიტიმური ხელისუფლების არაღიარება,
  2. საზოგადოების მხარდაჭერის გაგრძელება,
  3. ახალი არჩევნების მოთხოვნა, - რაც ერთადერთი საშუალებაა, რაც ქვეყანას ღრმა კრიზისიდან გამოიყვანს.
  4. პატიმრების გათავისუფლება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა

ზურაბიშვილის თქმით, პროევროპული აქციების გამო დაკავებულთა პატიმრობა „უკვე ნამეტანი დიდხანს გრძელდება“.

„მიუღებელია ცივილიზებულ ქვეყანაში - ჩვენ კიდევ ვთვლით თავს ცივილიზებულ ქვეყნად, - ასე უსამართლოდ ისხდნენ ციხეში ახალგაზრდები თუ არაახალგაზრდები“, - განაცხადა მან.

„მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ მზია ამაღლობელის საკითხი ასევე დგას წინა პლანზე, როგორც ჟურნალისტის ძალიან ძნელ პირობებში და არავის არ უნდა დავავიწყოთ მისი სახელი“, - განაცხადა მან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG