Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭიათურაში დაკავებულმა ორმა დემონსტრანტმა შიმშილობა გამოაცხადა


დაკავებულმა მერაბ სარალიძემ და გიორგი ნეფარიძემ შიმშილობა დაიწყეს
დაკავებულმა მერაბ სარალიძემ და გიორგი ნეფარიძემ შიმშილობა დაიწყეს

მას შემდეგ, რაც 29 აპრილს ჭიათურაში ჩატარებული ოპერაციისას პოლიციამ ოთხი მაღაროელი დააკავა, ორმა მათგანმა შიმშილობა გამოაცხადა.

ინფორმაციას „მთის ამბებისა“ და „სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრის“ დამფუძნებელი და ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, ჭიათურაში დაკავებული მაღაროელები ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში „ცენტრის“ ადვოკატმა ვლადიმერ ქუთათელაძემ მოინახულა.

გიორგი ნეფარიძემ და მერაბ სარალიძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს ედავებიან შუქრუთის მაღაროს დირექტორისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენებას.

მთივლიშვილის ცნობით, ნეფარიძე და სარალიძე აცხადებენ, რომ შუქრუთის მაღაროს დირექტორი მათ არ უცემიათ და იმიტომ დააკავეს, რომ პროტესტს ჩამოაცილონ.

მათ ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, თენგიზ გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება).

„არ არის მარტივად საქმე. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც აზროვნებს ჭიათურის გადასარჩენად და გული შესტკივა მათზე, ვინც დღეს ჩვენი საერთო საქმისთვის არის დაკავებული... არავინ არ იცის, რამდენი თვე ან რამდენი წელი მოუნდება კომპანიას, რომ ის ციხეში იჯდეს, დატოვონ თავისი შვილები, ოჯახები და ასე სამაგალითოდ დასაჯონ ეს ადამიანები. ალბათ, ოცნებობდნენ, რომ მათ შორის მეც ვყოფილიყავი, ვინმე ხმის ამომღები არ დარჩენილიყო“, - თქვა სამშაბათ დილას ერთ-ერთმა მაღაროელმა ჭიათურაში გამართულ აქციაზე.

მანგანუმის მოპოვების სამუშაოები ჭიათურაში დასაქმების მთავარი წყაროა. ბოლო კვირებია მაღაროელები აქციებს მართავენ ხელისუფლებისგან ყურადღების მისაქცევად. ექვსი მათგანი შიმშილობს.

ჭიათურაში პროტესტის მეორე კერა უკავშირდება სოფელ შუქრუთს. შუქრუთელები, რომელთაც სახლები დაენგრათ/ენგრევათ, კომპანიისგან, რომელსაც თავიანთ პრობლემებში ადანაშაულებენ, კომპენსაციას ითხოვენ, მთავრობისგან კი - ყურადღებას.


ფორუმი

XS
SM
MD
LG