“კანონპროექტში არის მოწოდება იმ პირთა მიმართ სანქციების დაწესებისკენ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას“, - ამის შესახებ ვაშინგტონიდან იუწყება ჟურნალისტი ალექს რაუფოგლუ.
კანონპროექტი თავდაპირველად კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში იყო ინიციირებული რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ: პირველად - 2024 წელს, ხოლო შემდეგ 2025 წლის იანვარში - როდესაც 119-ე მოწვევის კონგრესი შეუდგა მუშაობას.
“MEGOBARI აქტს“ მიმდინარე წლის 27 მარტს მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა. მეორე დღეს, 28 მარტს ინიციატივის მხარდამჭერმა რესპუბლიკელმა და დემოკრატმა სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნული იყო: „როგორც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და მაღალი რანგის წევრი, ჩვენ მოწადინებულნი ვართ, ერთად ვიმუშაოთ, რათა ჩვენი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში წინ წავწიოთ ეს კანონპროექტები“. იმავე განცხადებაში ეწერა, რომ კანონპროექტი „უფრო ფართოდ შეუწყობს ხელს სტაბილურობას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში“.
„ჩვენ მივიღეთ „მეგობარი აქტი“, რათა ძლიერი გზავნილი გაგვეგზავნა ქართველი ხალხისთვის იმის შესახებ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მცდელობას, მათმა დემოკრატიამ პოზიტიური მიმართულებით გააგრძელოს სვლა“, - განაცხადა 27 მარტს კომიტეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ სენატორმა ჯინ შაჰინმა. - „მხარს ვუჭერთ მცდელობებს, მთავრობას ჩამოსცილდნენ ის მაღალჩინოსნები, რომლებიც პატივს არ სცემენ ქართულ ტრადიციებსა და საქართველოს კონსტიტუციას“.
ორპარტიული MEGOBARI Act-ი [S.868 ] მოიცავს: აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრულ გადახედვას, დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით; ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას კონსტიტუციით განმტკიცებული ვალდებულების - ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ; [აშშ-ის] პრეზიდენტისთვის მოთხოვნას, დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებსა და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩასაშლელად, [რომლებიც] ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართული არიან სხვა კორუფციულ ქმედებებში, საქართველოში სტაბილურობის საზიანოდ; მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა, რომელიც იცავდა ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ბოროტად გამოყენებისგან.
ფორუმი