Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ გამოაქვეყნა გარანტიები, რომლებსაც სასარგებლო წიაღისეულზე აშშ-თან შეთანხმებით იღებს


რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შეთანხმებას 30 აპრილს ვაშინგტონში მოაწერეს ხელი აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა და უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ.
რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შეთანხმებას 30 აპრილს ვაშინგტონში მოაწერეს ხელი აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა და უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ.

უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის თაობაზე შეერთებულ შტატებთან გაფორმებული შეთანხმების დეტალები.

დოკუმენტს ხელი 30 აპრილს ვაშინგტონში მოაწერეს უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.

რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი უზრუნველყოფს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სფეროში კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას და ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას, ტექნოლოგიურ განვითარებას და აღდგენას.

ეკონომიკის სამინისტროს განმარტავს გარანტიებს, რომლებსაც უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმებით იღებს. კერძოდ, შეთანხმება შეესაბამება ქვეყნის კონსტიტუციას და ევროკავშირის წევრობისკენ უკრაინის კურსს, ეროვნულ კანონმდებლობას და უკრაინის საერთაშორისო ვალდებულებებს.

ყველა წიაღისეული, ტერიტორიული წყლები და რესურსები რჩება უკრაინის საკუთრებაში და მხოლოდ ის განსაზღვრავს მოპოვების ადგილებს და პირობებს.

უკრაინის საკუთრებად რჩება სახელმწიფო კომპანიებიც და შეთანხმება გავლენას არ ახდენს პრივატიზაციის პროცესზე.

ფონდის ფუნქციონირებისთვის საჭირო იქნება ცვლილებების შეტანა უკრაინის საბიუჯეტო კოდექსში, თავად შეთანხმება კი რატიფიცირებული უნდა იყოს უკრაინის პარლამენტის, ვერხოვნა რადის მიერ.

რაც შეეხება უშუალოდ რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის მუშაობას, ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, შეთანხმება კონცენტრირებულია აშშ-ის მომავალ და არა უკვე გაწეულ სამხედრო დახმარებაზე.

უკრაინა ფონდში მიმართავს კრიტიკული ნედლეულის, ნავთობის და გაზის სფეროში მხოლოდ ახალი იჯარით და ლიცენზიებით მიღებული მომავალი შემოსავლის 50%-ს. უკვე არსებული ან ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტებიდან მიღებული შემოსავალი ფონდში არ გადაირიცხება. ფონდის სახსრები გამოიყენება მხოლოდ უკრაინაში ინვესტირებისთვის.

პირველი 10 წლის განმავლობაში მოგება არ განაწილდება, სრულად მოხდება უკრაინის ეკონომიკაში რეინვესტირება, შემდეგ კი შესაძლებელი იქნება პარტნიორებს შორის განაწილება.

ფონდს პარიტეტულ საწყისებზე მართავენ უკრაინა და აშშ.

აშშ-ის მთავრობა ფონდს მხარს დაუჭერს სააგენტო DFC-ს მეშვეობით, რომელიც იმუშავებს ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვაზე როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ფონდებიდან და კომპანიებიდან. საუბარია უკრაინის ბრძოლის მხარდამჭერ ქვეყნებზე.

რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შემოსავლები არ დაიბეგრება არც აშშ-სა და არც უკრაინაში.

განახლება: 1 მაისს, დღის მეორე ნახევარში უკრაინის მინისტრთა კაბინეტის საიტზე გამოქვეყნდა შეერთებულ შტატებთან ხელმოწერილი დოკუმენტი უკრაინულ და ინგლისურ ენებზე.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველად 2025 წლის თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ სურს, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ მისგან მიიღოს იშვიათ მიწათა ელემენტები.

რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ თავისი ბუნებრივი რესურსების სანაცვლოდ უსაფრთხოების მყარი გარანტიები მოითხოვა.

უკრაინას და აშშ-ს 28 თებერვალს, ვაშინგტონში პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტის დროს უნდა მოეწერათ ხელი ეკონომიკური თანამშრომლობის, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებისთვის.

თეთრ სახლში მოლაპარაკების დაწყების წინ, პრესისთვის საჯარო შეხვედრისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ერთი მხრივ, პრეზიდენტ ზელენსკის და, მეორე მხრივ, პრეზიდენტ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ვენსს შორის. ამ კონფლიქტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.

მარტში უკრაინის და დასავლეთის მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ვაშინგტონმა კიევს შესთავაზა შეთანხმების ახალი ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის რესურსებზე პრაქტიკულად სრულ კონტროლს და არ მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებს. წყაროთა თანახმად, უკრაინამ ეს ვარიანტი უარყო. მას შემდეგ მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG