Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი უკრაინასთან ბუნებრივ რესურსებზე შეთანხმებით 350 მილიარდ დოლარზე მეტის მიღებას ელოდება


აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ვატიკანში, 2025 წლის 26 აპრილი
აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ვატიკანში, 2025 წლის 26 აპრილი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმედი აქვს, რომ სასარგებლო წიაღისეულის შესახებ უკრაინასთან გაფორმებული შეთანხმებით, აშშ „თეორიულად მიიღებს“ 350 მილიარდ დოლარზე გაცილებით მეტს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საკაბელო მაუწყებელ NewsNation-ს განუცხადა მას შემდეგ, რაც 30 აპრილს ვაშინგტონმა და კიევმა შეთანხმება გააფორმეს.

დონალდ ტრამპის მიერ დასახელებული 350 მილიარდი დოლარი ის თანხაა, რომლითაც მისი ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დაეხმარა რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას.

ამასთან, მაგალითად, 2025 წლის იანვარში, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების გაწევის შემდეგ იუწყებოდა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში გაუწია 66,5 მილიარდ დოლარზე მეტის დახმარება, მათ შორის დაახლოებით 65,9 მილიარდის - რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას უწევდა ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებასაც. ტელეკომპანია CNN-ის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ აშშ უკრაინას დაეხმარა, საერთო ჯამში, დაახლოებით 123 მილიარდი დოლარით.

30 აპრილს უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ვაშინგტონში მოაწერეს ხელი შეთანხმებას რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ.

უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, ყველა წიაღისეული, ტერიტორიული წყლები და რესურსები რჩება უკრაინის საკუთრებაში და მხოლოდ ის განსაზღვრავს მოპოვების ადგილებს და პირობებს.

უკრაინის საკუთრებად რჩება სახელმწიფო კომპანიებიც და შეთანხმება გავლენას არ ახდენს პრივატიზაციის პროცესზე.

რაც შეეხება უშუალოდ რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის მუშაობას, უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, შეთანხმება კონცენტრირებულია აშშ-ის მომავალ და არა უკვე გაწეულ სამხედრო დახმარებაზე.

უკრაინა ფონდში მიმართავს კრიტიკული ნედლეულის, ნავთობის და გაზის სფეროში მხოლოდ ახალი იჯარით და ლიცენზიებით მიღებული მომავალი შემოსავლის 50%-ს. უკვე არსებული ან ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტებიდან მიღებული შემოსავალი ფონდში არ გადაირიცხება. ფონდის სახსრები გამოიყენება მხოლოდ უკრაინაში ინვესტირებისთვის.

პირველი 10 წლის განმავლობაში მოგება არ განაწილდება, სრულად მოხდება უკრაინის ეკონომიკაში რეინვესტირება, შემდეგ კი შესაძლებელი იქნება პარტნიორებს შორის განაწილება.

ფონდს პარიტეტულ საწყისებზე მართავენ უკრაინა და აშშ.





ფორუმი

XS
SM
MD
LG