წერილში წერია, რომ:
- „გაძლიერდება არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ“;
- „გაიხსნება ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო სამსახურები“;
- „შეიქმნება ოთხი პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც გააერთიანებს 10 დეპარტამენტს და 25 სამმართველოს“;
- „სამინისტროს ცენტრალურ აპარატს შეერწყმება სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები; დამწყები დიპლომატებისთვის ამოქმედდება ორწლიანი გამოსაცდელი ვადა, რაც ასევე მოიცავს საზღვარგარეთ წარმომადგენლობებში მოკლევადიანი სამსახურის გავლას“.
„რეფორმამ შესაძლებლობა უნდა მისცეს პროფესიონალ დიპლომატებს უკეთ მოახმარონ საკუთარი გამოცდილება სახელმწიფოს ინტერესების დაცვას; ახალგაზრდა თაობას კი, უნდა გაუჩინოს უკეთესი შესაძლებლობები საგარეო სამსახურში დაიმკვიდროს თავი, ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე; ამასთან, ყველას მიეცეს კარიერული ზრდის ობიექტური შესაძლებლობები“, - წერია მაკა ბოჭორიშვილის სახელით გაგზავნილ წერილში.
ის თანამშრომლებს უზიარებს სამინისტროს სტრუქტურის პროექტსაც.
„ინტერპრესნიუსი“ სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ არ უქმდება ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი, თუმცა „რეფორმის შედეგად, შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, იგი გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს“.
სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციაზე რადიო თავისუფლება ესაუბრა მაკა ბოჭორიშვილს. მისი თქმით, მიმდინარე პროცესების მიზანი არ არის თანამშრომლების გათავისუფლება.
„თანამშრომლების გაშვება რომ მდომოდა, ისედაც გავუშვებდი. დაელოდეთ, დასრულდება პროცესი და შემდეგ დათვალეთ რამდენი გავუშვი, რამდენი - მოვიყვანე, რამდენი - დავტოვე. ვინ დამიშლიდა, ვინმეს მოყვანა რომ მდომოდა, ცარიელია ნახევარი სამინისტრო ისედაც. ეს არის ჯანსაღი პროცესი, ჩემს თანამშრომლებს ჩავრთავ ყველაფერში“, - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.
სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ მედიისთვის ცნობილი გახდა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრ გრიგოლ გეგელიასგან. მისი ცნობით, მაკა ბოჭორიშვილი სამინისტროში აუქმებდა ევროპული ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს და 250-მდე თანამშრომელს ათავისუფლებდა.
საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციების პარალელურად, რომლის მთავარი მოთხოვნებია ახალი არჩევნების ჩატარება და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება, „ქართულმა ოცნებამ“ გაამარტივა საჯარო დაწესებულებებიდან თანამშრომლების გათავისუფლების წესი და დაიწყო რეორგანიზაცია სხვადასხვა უწყებაში. თანამშრომლების ნაწილი უკვე გაათავისუფლეს თბილისის მერიიდან, სამინისტროებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებიდან.
ფორუმი