Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო მოსკოვისგან განმარტებას ითხოვს აზერბაიჯანელი დეპუტატის ქვეყანაში არშეშვების გამო


დეპუტატი აზერ ბადამოვი
დეპუტატი აზერ ბადამოვი

აზერბაიჯანი განმარტებას მოითხოვს რუსეთისგან, თუ რატომ დააკავეს ქვეყნის მილი მეჯლისის დეპუტატი აზერ ბადამოვი მოსკოვის აეროპორტში.

როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა აიჰან ჰაჯიზადემ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ბადამოვი, რომელიც ასტრახანში მიემგზავრებოდა ტრანზიტით, ვნუკოვოს აეროპორტში დააკავეს და ასტრახანში გაფრენის ნება არ მისცეს. მას შეატყობინეს, რომ რუსეთში შესვლა აეკრძალა. მოგვიანებით ის ბაქოში დააბრუნეს.

ჰაჯიზადეს თქმით, რუსეთმა ეს გადაწყვეტილება მიიღო ყოველგვარი წინასწარი შეტყობინებისა და განმარტების გარეშე. საგარეო უწყების წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ დეპუტატი ასტრახანში მიემგზავრებოდა ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, რათა მონაწილეობა მიეღო აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 102 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ვიზიტი ორგანიზებული იყო ასტრახანის ოლქის გუბერნატორის მოადგილის, დენის აფანასევის მიერ.

ჰაჯიზადეს თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საკითხი გამოძიებული იქნება, თუმცა შესვლის აკრძალვის მიზეზებზე განმარტება არ გაუკეთებია. ბაქოში მოსკოვის ქმედებებს არამეგობრულ ნაბიჯად აფასებენ.

აზერბაიჯანული მედია ვარაუდობს, რომ ბადამოვისთვის რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა შესაძლოა დაკავშირებული იყოს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ ნიკოლაი ვალუევის მიმართ მის განცხადებებთან. ვალუევი, თავის მხრივ, აზერბაიჯანში ე.წ. "შავ სიაში" მოხვდა. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ვალუევმა, გავრცელებული ინფორმაციით, თავის ტელეგრამ-არხში ბაქოში ე.წ. „რუსული სახლის“ დახურვის შესახებ კომენტარში აზერბაიჯანელების მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა. ბადამოვმა ფეისბუკში პოსტით უპასუხა: „თუ სცადოთ ხატოვნად ასახოთ "შობლის" [ბანდის] საშუალოსტატისტიკური წარმომადგენელი, ამისთვის საუკეთესოა ნიკოლაი ვალუევის პორტრეტი. საკმარისია შეხედოთ ამ არსების ანთროპოლოგიურ ტიპს, რათა მიხვდეთ, რომ ის ევოლუციის ჩიხში შემავალი შტოს იშვიათი ექსპონატია“.

2025 წლის თებერვლის დასაწყისში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გამოაცხადა ბაქოში რუსული სახლის, „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის დახურვის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების მკვეთრი გამწვავების ფონზე მიიღეს, რაც მოჰყვა რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიერ აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის დაზიანებას, რის შემდეგაც ის ყაზახეთის ტერიტორიაზე ავარიულად დაეშვა - თვითმფრინავის 38 მგზავრი დაიღუპა, 29 ადამიანი გადარჩა.

რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პარლამენტის საგარეო ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის კომისიის თავმჯდომარემ, რამიდ ნამაზოვმა, მოსკოვთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფი Cozy Bear-ი დაადანაშაულა თებერვალში აზერბაიჯანული მედიასაშუალებების წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმებში.

Cozy Bear-ს, რომლის კავშირებს რუსეთის საგარეო დაზვერვასთან ვარაუდობენ, რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლება სახელმწიფო სტრუქტურებსა და ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმებში ადანაშაულებს, ამას ამტკიცებს საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებებიც. მოსკოვი მსგავს ბრალდებებს, როგორც წესი, უარყოფს ან უპასუხოდ ტოვებს. აზერბაიჯანის მხრიდან გამოთქმული ბრალდებებზე რუსეთს კომენტარი არ გაუკეთებია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG