ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი სი ძინპინი მოსკოვში ჩასვლამდე აქვეყნებს სტატიას "როსიისკაია გაზეტაში" და ცნობილი საბჭოთა სიმღერიდან - "კატიუშა" - ფრაზას იყენებს: „წელიწადის იმ დროს, როცა „ყვაოდა ვაშლისა და მსხლის ხეები“, მე ჩავდივარ რუსეთში სახელმწიფო ვიზიტით და ვმონაწილეობ დიდ სამამულო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში“.
სი ძინპინი განსაკუთრებით უსვამს ხაზს მეორე მსოფლიო ომის დროს რუსეთისა და ჩინეთის სიმამაცეს:
"80 წლის წინ მსოფლიოს სამართლიანობის ძალები, მათ შორის ჩინეთი და სსრკ, გაერთიანდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ მამაცური ბრძოლისთვის, მოვიპოვეთ გამარჯვება სასტიკ ფაშისტებზე. დღეს, 80 წლის შემდეგ, ზღვარს სცდება უნილატერალიზმის, ჰეგემონიის, უწესობისა და ბულინგის ქმედებები - ეს ყველაფერი კვლავ დაპირისპირებისკენ უბიძგებს კაცობრიობას. საით უნდა წავიდეთ, რა გზა ავირჩიოთ: სოლიდარობა თუ გახლეჩა, დიალოგი თუ კონფრონტაცია, საყოველთაო სარგებელი თუ თამაში ნულოვანი შედეგებით?"
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი მეორე მსოფლიო ომის შედეგებზეც წერს თავის სვეტში:
"ისტორია გვასწავლის, რომ სინათლე გაფანტავს სიბნელეს და სამართლიანობა ბოლოს და ბოლოს გაიმარჯვებს ბოროტებაზე. საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა ნიურნბერგში და საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა შორეული აღმოსავლეთისთვის სირცხვილის ისტორიულ ბოძზე სამუდამოდ გააკრეს დამნაშავეები. ეს ორი სამართლიანი განაჩენი, მათი ისტორიული ღირებულება და ეპოქალური მნიშვნელობა არ ექვემდებარება გადახედვას! მეორე მსოფლიო ომის ისტორიული ფაქტების დამახინჯება და მათი შედეგების უარყოფა, ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის ისტორიული გმირობის დისკრედიტაცია განწირულია მარცხისთვის! ისტორიის ბორბლის უკუღმა დატრიალების ნებისმიერი მცდელობა არ გავა არც ჩინეთისა და რუსეთის, არც მსოფლიოს ხალხებთან!“
სი ძინპინის სტატიის ერთი ნაწილი ტაივანის საკითხს ეძღვნება:
„მიმდინარე წელი აღსანიშნავია იაპონიის ოკუპაციისგან ტაივანის გათავისუფლების 80 წლისთავით. ტაივანის დაბრუნება ჩინეთის წიაღში არის მეორე მსოფლიო ომისა და ომისშემდგომი მსოფლიოს მოწყობის შედეგების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო დოკუმენტების მთელი წყებით, უპირატესად კაიროსა და პოტსდამის დეკლარაციებით არაორაზროვნად დადასტურდა ჩინეთის სუვერენიტეტი ტაივანზე. ისტორიული და იურიდიული ფაქტები, როგორც ასეთი, ეჭვს არ ექვემდებარება. გაეროს გენერალური ასამბლეის 2758-ე რეზოლუციის ავტორიტეტი არ საჩივრდება. როგორც არ უნდა იცვლებოდეს ვითარება ტაივანში, გარედან ჩარევის როგორ მცდელობებსაც არ უნდა მიმართავდნენ, ჩინეთის სრული გაერთიანება შეუქცევად ისტორიულ ტენდენციად რჩება".
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი კომუნისტური პარტია ტაივანს (ჩინეთის რესპუბლიკა) ჩინეთის განუყოფელ ნაწილად თვლის. 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანტმა შეჭრამ უკრაინაში გაააქტიურა დისკუსია პეკინის მხრიდან ტაივანის მიმართ სამხედრო აგრესიის შესაძლებლობაზე. ათწლეულებია ტაივანი აშშ-სგან ყიდულობს თავდაცვით იარაღსა და ტექნიკას. ვაშინგტონის მთავარი ინტერესი ტაივანის სრუტეში სტაბილურობის შენარჩუნებაა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 145%-მდე გაზარდა ჩინეთში წარმოებულ პროდუქციაზე ტარიფები, რასაც ჩინეთისგან საპასუხო - 125%-იანი ტარიფები მოჰყვა.
მიმდინარე კვირის ბოლოს შვეიცარიაში აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები გაიმართება.
ფორუმი