Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლე შვანგირაძემ უარი თქვა მოწმის სტატუსით დაიკითხოს თეა წულუკიანი მისსავე კომისიაზე არმისვლის საქმეზე


ფოტოკოლაჟი. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე და პოლიტიკოსი თეა წულუკიანი
ფოტოკოლაჟი. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე და პოლიტიკოსი თეა წულუკიანი

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ უარი თქვა, „ქართული ოცნების“ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და წევრები მოწმის სტატუსით გამოიკითხონ სასამართლო სხდომაზე. გადაწყვეტილება ირაკლი შვანგირაძემ დღეს, 19 მაისს, გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც იმართებოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ამავე კომისიის წევრების მოთხოვნით აღძრულ საქმეზე.

თეა წულუკიანისა და კომისიის სხვა წევრების დაკითხვას მოწმის სტატუსით მოითხოვდნენ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის ადვოკატები. პროკურატურას კომისიის წევრები გამოძიების ფარგლებში გამოკითხული არ ჰყავს. მათ ამის საჭიროება ვერ დაინახეს, რადგან მიაჩნიათ, რომ აქვთ სხვა მტკიცებულებები, რომლებიც საქმისთვის საკმარისია.

ბადრი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით. პოლიტიკოსს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მან დადგენილ ვადაში გადაიხადა.

მისი ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს, რომ საქმეზე გამოძიება უნდა შეწყდეს, რადგან გამოძიების დაწყების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ის ორ მიზეზს ასახელებს:

  • პირველი - მუხლი, რომელსაც წაყენებული ბრალი მოიცავს, კომისიის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. „ასეთ შემთხვევაში ორი ვერსიაა: პირველი - კომისიის კანონიერება და მეორე - გადაწყვეტილების კანონიერება. არცერთი ამ ორიდან კანონიერი არ არის“, - თქვა მან და განმარტა, რომ კომისია უკანონოა, რადგან მის შემადგენლობაში დაცული არ არის ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კანონით დადგენილი კვოტა (50/50-ზე).

„გიორგი გახარიას პარტიის ორმა წარმომადგენელმა უარი თქვა ამ კომისიის წევრობაზე, რადგან პარლამენტის შემადგენლობა არალეგიტიმურად მიიჩნია… არ შეიძლება, რომ საგამოძიებო კომისიას უმრავლესობა აკონტროლებდეს. დარღვეულია ამ კომისიის ფუნქციონირების მთავარი პრინციპი“, - ამბობს ადვოკატი.

ბადრი ჯაფარიძე და მისი ადვოკატები სასამართლო სხდომაზე.
ბადრი ჯაფარიძე და მისი ადვოკატები სასამართლო სხდომაზე.
  • მეორე არგუმენტი ის ოქმია, რომლის საფუძველზეც ბადრი ჯაფარიძე კომისიაში დაიბარეს. „საგამოძიებო კომისიის დებულებაში წერია, რომ კომისიის გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და მდივანი… ბადრი ჯაფარიძის დაბარების ოქმს კი ხელს მხოლოდ თავმჯდომარე თეა წულუკიანი აწერს“, - აღნიშნავს ადვოკატი და ასკვნის, რომ ამის გამო „კომისიის კანონიერი მოთხოვნა“ უკანონოა.

მოსამართლეს მიმართა ბადრი ჯაფარიძემაც და თქვა, რომ „ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ანგარიშსწორებისთვის იყენებს, რაშიც მათ მოსამართლეებიც ეხმარებიან.

„პირდაპირ სახეზეა თანასწორობის დარღვევა და ფეხქვეშ გათელვა კანონის მოთხოვნის… იმპერატიულად განსაზღვრულია, რომ საგამოძიებო კომისია მინიმუმ 50% ოპოზიციის წევრებისგან უნდა შედგებოდეს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სამი წევრი თავისი რიგებიდან დანიშნა „ქართულმა ოცნებამ“, ეს იგივეა, რომ პროკურორმა დანიშნოს მეორე პროკურორი ადვოკატად და თქვას, ის იცავდა ბრალდებულის უფლებებსო...

კანონმა სწორედ იმიტომ დაადგინა 50%-იანი კვოტა, რომ ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ საგამოძიებო კომისია არ გამოიყენოს პოლიტიკური ოპონენტებისადმი ანგარიშსწორებისთვის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

საქმის არსებითი განხილვა 2 ივლისს დაიწყება.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლების წინააღმდეგაც იდენტური საქმეებია აღძრული, აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვთ შეფარდებული. მათ შორის არიან ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ნიკა გვარამია.

გირაო პროტესტის ნიშნად არ გადაიხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. სწორედ ამიტომ 14 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო თარაშვილმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

ხუთშაბათს, 22 მაისს, ზურა ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომაა. ის გირაოს გადახდას არ აპირებს და ოქრუაშვილის მსგავსად, სხდომათა დარბაზში დაკავებას ელოდება. ის საქალაქო სასამართლოშია და კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის დევნის ობიექტ კოლეგა პოლიტიკოსებს სოლიდარობას უცხადებს. დღესვე გაიმართება მამუკა ხაზარაძის წინასასამართლო სხდომა. საქმეს იდენტური მხარეთა შემადგენლობა აქვს.

„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. „ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG