„მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის საზღვრის გასწვრივ აუცილებელი უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის შესახებ, ჩვენი შეიარაღებული ძალები ახლა ასრულებენ ამ ამოცანას“.
რუსეთის პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ „აქტიურად მიმდინარეობს მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების ჩახშობა. ამასთან, ისევ მივაპყრობ ყურადღებას, რომ ახლავე, ცხადია, კურსკის, ბელგოროდის, ბრიანსკის ოლქებში არსებული ვითარების გათვალისწინებით, უნდა ვიმუშაოთ, რომ აღვადგინოთ და თავიდან ავაშენოთ ყველაფერი, რაც დანგრეულია“. პუტინის განცხადებით, აქტუალურია „ტერიტორიების განაღმვა, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, ბოევიკების მიერ დატოვებული აუფეთქებელი ჭურვები, ნაღმების, იარაღის საცავების ლიკვიდაცია“.
რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის მხარეს ბრალს სდებს იმაში, რომ „როგორც წესი, მოწინააღმდეგე ირჩევს სამიზნეებს, რომლებსაც, როგორც წესი, არ გააჩნია სამხედრო დანიშნულება: მშვიდობიან ობიექტებს, ადამიანების სახლებს. ...იღუპებიან და იჭრებიან ქალებიც და ბავშვებიც“.
რუსეთის სახელმწიფო მედია წერდა, რომ ვლადიმირ პუტინი 20 მაისს კურსკის ოლქში იმყოფებოდა და რომ იქ პირველად ჩავიდა „უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან რეგიონის სრულად გათავისუფლების“ შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 მაისის ვიდეომიმართვაში განაცხადა:
„ვაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში - ეს არის ჩვენ მიერ აქტიური და ეფექტიანი დაცვა სუმის ოლქის, ხარკოვის ოლქის. აგვისტოში კურსკის ოპერაციის დაწყების შემდეგ რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა - 63 ათასზე მეტი დაღუპული და დაჭრილი მხოლოდ იმ არეალში. ჩვენმა ძალებმა მოახერხეს აგრეთვე მნიშვნელოვნად შეევსოთ გაცვლის ფონდი უკრაინისთვის. რაც მეტი საბრძოლო მოქმედება ხორციელდება მტრის ტერიტორიაზე, ეს მეტად იცავს ჩვენს ხალხს“.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2024 წლის აგვისტოში სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაციის დაწყების მიზნად დაასახელა საზღვრის პირას მდებარე თავისი ტერიტორიების დასაცავად უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის, შექმნა. უკრაინა აგრეთვე ლეგიტიმურ სამიზნეებად თვლის რუსეთის ტერიტორიაზე იმ ობიექტებს, რომლებსაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის იყენებს.
ფორუმი