Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა: „ჩვენ ვემხრობით, რომ ოსები და აფხაზები ქართველებთან მშვიდობიანად ცხოვრობდნენ“


ალიაქსანდ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი
ალიაქსანდ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდ ლუკაშენკამ საქართველოში ელჩის, ნიკოლაი როგაშუკის დანიშვნისას განაცხადა, რომ „ჩვენ ვემხრობით, რომ ოსები და აფხაზები ქართველებთან მშვიდობიანად ცხოვრობდნენ“.

როგაშუკი მანამდე პრეზიდენტის საქმეთა მმართველის პოსტს იკავებდა.

„ჩვენი ურთიერთობები უკეთესობისკენ დაიძრა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს მოხდა. ქართველები ძალიან კარგად გვექცევიან, დიდად აფასებენ ჩვენს ხალხს და ქვეყნის ხელმძღვანელობასთანაც მეტ-ნაკლებად ნორმალური ურთიერთობაა. მათ ტვინი გამოურეცხეს, რომ ჩვენ მოწინააღმდეგეები, მეტოქეები და ლამის მტრები ვართ. ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ქართველი ხალხის მოწინააღმდეგე, ჩვენ ვემხრობით, რომ ოსებიც და აფხაზებიც ქართველებთან მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. როგორ იქნება, თავად ჩამოყალიბდებიან - ერთად ერთ სახელმწიფოში, ფედერალურად თუ როგორღაც, ეს მათი საკითხია, ჩვენ არ ვერევით. ისე უნდა გაკეთდეს, როგორც ხალხისთვისაა უკეთესი, ასეთია ჩვენი პოზიცია“, - თქვა ლუკაშენკამ.

„ბუნებრივია, ოდესღაც დგება ელჩების შეცვლის დრო. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ახლა, ამ ეტაპზე საჭიროა ახალი, ძალიან აქტიური ადამიანი. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოში ელჩად თქვენ გაგზავნაზე“, - დაამატა მან.

ბელარუსს ოფიციალურად არ უღიარებია საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, დამოუკიდებლობა, თუმცა ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდ ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა, რის გამოც თბილისმა ის „ოკუპაციის შესახებ კანონის“ დარღვევაში დაადანაშაულა.

2023 წელს მან მინსკში უმასპინძლა აფხაზურ „დელეგაციას“ ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მეთაურობით. ცოტა ხნის წინ კი მოსკოვში ესაუბრა დე ფაქტო რესპუბლიკების ლიდერებს - ალან გაგლოევს და ბადრა გუნბას. ეს შეხვედრა 9 მაისს კრემლში გაიმართა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების ფარგლებში.

მინსკსა და თბილისს შორის ურთიერთობები შედარებით გაუმჯობესდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და „ქართული ოცნების“ პარლამენტის მხარდაჭერით პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევის შემდეგ. გასული წლის ბოლოს ლუკაშენკამ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა, ხოლო ყაველაშვილმა ლუკაშენკას - მიმდინარე წლის თებერვალში ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება. ლუკაშენკამ საქართველოს პრეზიდენტს, რომლის ლეგიტიმურობას არ აღიარებს ოპოზიცია და ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე მიულოცა ფაშიზმზე გამარჯვების დღე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG