საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ბაია პატარაიას თქმით, იმის გამო, რომ საქართველოს ჰყავს ანტიქართული მთავრობა, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა თავად იზეიმოს დამოუკიდებლობის დღე რუსთაველის გამზირზე.
„გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი პროგრამები. 15.00 საათიდან ველოდებით ყველას, იქნება ნამდვილი სახალხო ზეიმი. ჩვენი დამოუკიდებლობა ისევ დასაცავი და ისევ გადასარჩენია. ნახავთ მრავალფეროვან ღონისძიებებს. მაგალითად I სკოლის წინ ადგილს დაიკავებენ ბავშვებისთვის განკუთვნილი ღონისძიებები და გამომცემლობები. უშუალოდ გზაზე სტუდენტები წარმოგვიდგენენ გამოფენებსა და დისკუსიებს; ეროვნული გალერეის წინ მოეწყობა გამოფენები, რომლებიც მიეძღვნება პირველ რესპუბლიკას... მოკლედ მთელი ეს ტერიტორია იქნება ათვისებული შინაარსობრივი განხილვებით, რომლებიც მიეძღვნება როგორც უახლოეს წარსულს, ასევე სამომავლო გეგმებს. ბოლოს გამოსვლა ექნება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს“, - განაცხადა ბაია პატარაიამ რუსთაველის გამზირზე გამართული ბრიფინგის დროს.
ჯგუფის კიდევ ერთი წევრის, ტატო ქელბაქიანის თქმით, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ ღონისძიებას შეუერთდება ექვსი მსვლელობა:
„იქნება ტრადიციული მარში საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, იქნება საჯარო მოხელეთა პროფკავშირების მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან, "სოვლაბის" მიერ ორგანიზებული მარში ასევე რესპუბლიკის მოედნიდან, ხელოვანების მარში ფილარმონიიდან, „ძლიერი აქართველოს“ მარში მარჯანიშვილის მოედნიდან და ფედერალისტების მარში რუსთაველის ძეგლიდან. ამიტომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ როგორც ამ მსვლელობებითა და მარშებით შემოუერთდნენ ამ ღონისძიებას, ასევე პირდაპირ მოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, სადაც საინტერესო საინფორმაციო და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება საპროტესტო ელემენტებით. თუმცა ეს იქნება აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია. ველოდებით ბავშვებს, ველოდებით ოჯახებს“.
25 მაისს განცხადება გაავრცელა "წინააღმდეგობის პლატფორმამაც", რომელიც გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ხელისუფლების განცხადებას, თითქოს სამოქალაქო საზოგადობა 26 მაისისათვის ძალადობასა და პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავს.
“ქართული ოცნების” არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც ძალადობისა და არასტაბილურობის მთავარი წყაროა, არ წყვეტს განცხადებებს თითქოს 26 მაისს ვინმე პროვოკაციულ ქმედებებს გეგმავს. მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე მრავალფეროვანი ქართული საზოგადოება იკრიბება ერთადერთი მიზნით - დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად. ერთადერთი ძალა, რომელიც აწყობს პროვოკაციებს საკუთარი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ივანიშვილის რუსული რეჟიმი. 26 მაისს ყველას გეპატიჟებით რუსთაველის გამზირზე. ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე” , - ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ 26 მაისს ძალადობა დააანონსეს. ცალსახად ითქვას, ან დონორები, საელჩოები ემიჯნებიან ძალადობას, ტერორს, ან ეს ყველაფერი იქნება მათ ანგარიშზე, – ამის შესახებ სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია პირდაპირ საუბრობს მსხვერპლსა და რადიკალიზაციაზე.
„არ ვიცი, ვინ ვის ხვდება, თუმცა მართლაც ვაკვირდები, რამდენად ექნებათ დიპლომატებს სამუშაო შეხვედრები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ 26 მაისს ძალადობა დააანონსეს. ჩვენ ვნახეთ, რომ პირდაპირ მსხვერპლზე საუბრობს ოპოზიცია და საუბრობს რადიკალიზაციაზე. ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს, სამწუხაროდ, კარგს არაფერს გვაფიქრებინებს მათზე და ამიტომ, რა თქმა უნდა, აქ საინტერესო არის ცალსახა პოზიცია ზოგიერთი ელჩისა. ჩვენ ვნახეთ, რომ 9 აპრილს მოძალადე ჯგუფებმა, „ენჯეოების“ და პარტიების მოძალადე ჯგუფებმა როგორ სცადეს რადიკალიზაცია. იძალადეს, მათ შორის 9 აპრილის მონაწილეებზე. არ უშვებდნენ მათ მემორიალთან. ამას ყველაფერს უყურებდნენ ამ „ენჯეოების“ დამფინანსებელი ელჩები და ხმა არ ამოუღიათ. 9 აპრილიდან გავიდა თვეზე მეტი და ერთი დაგმობაც არ გვინახავს დონორებისა, როდესაც მათმა დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ 9 აპრილს მემორიალთან ძალადობის აქტი ჩაიდინეს. ასე რომ, ახლაც ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი „ენჯეო“ და პოლიტიკური ჯგუფები პირდაპირ აანონსებენ პროვოკაციებს, აანონსებენ ძალადობას. შესაბამისად, მინდა, ერთი რამე ვთქვა: თუკი რომელიმე „ენჯეო“ გაერევა კიდევ ერთხელ ძალადობაში, პირდაპირ ეს იქნება იმ დონორის ბრალი, რომელიც აქამდე ხმას არ იღებს. ასე რომ, ცალსახად ითქვას, ან დონორები, საელჩოები ემიჯნებიან ძალადობას, ტერორს, სიძულვილს, ან ეს ყველაფერი იქნება მათ ანგარიშზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცემისა, რომლითაც მოხდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს.
ფორუმი