ვაშინგტონში გამოქვეყნებულ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, საიდან და როგორ მოხდა ბაჩიაშვილის „იძულებით დაბრუნება“.
იურისტების საერთაშორისო ჯგუფი მიიჩნევს, რომ საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ ბაჩიაშვილს წამების საფრთხე ემუქრება და აცხადებს, რომ გამოიყენებს ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას, რათა საქართველოს პასუხისმგებლობა დაეკისროს გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ უკანონო ქმედებებისთვის.
ადვოკატი რობერტ ამსტერდამი კატეგორიულად გმობს საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის მექანიზმების ბოროტად გამოყენებას საქართველოს ძალისხმევისთვის, დააპატიმროს მისი კლიენტი ხელისუფლებისთვის სიმართლის თქმისთვის.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოს დე ფაქტო მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ორგანიზებული პოლიტიკური დევნის ობიექტია, კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისთვის ბაჩიაშვილისთვის საქართველოში წაყენებული ბრალდებები აბსურდულია და ადასტურებს პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად სასამართლო ხელისუფლების სისტემატურ გამოყენებას.
ადვოკატების თანახმად, საქართველოში იძულებით დაბრუნება გიორგი ბაჩიაშვილს უქმნის თვითნებური დაკავების, იძულებითი დაკითხვებისა და სასტიკი მოპყრობის საფრთხეს.
იურისტების საერთაშორისო ჯგუფის შეფასებით, გიორგი ბაჩიაშვილის საწინააღმდეგო სამართალწარმოება თავისთავად წარმოადგენს სამართლებრივი პროცედურების ძირითადი სტანდარტების დარღვევას და ნაწილია გაცილებით ფართო სქემის, როცა პოლიტიკური კავშირების მქონე პროკურორები და მოსამართლეები გამოყენებული არიან რეჟიმის მოწინააღმდეგეთა გასაჩუმებლად და გავლენის დამოუკიდებელი ცენტრების ლიკვიდაციისთვის.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 27 მაისს განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს მას შემდეგ, რაც „26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი".
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა. პროკურატურა ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.
2025 წლის მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. პროკურატურამ ბაჩიაშვილი ძებნილად გამოაცხადა.
2025 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.
ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე დამნაშავედ ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში.
ბაჩიაშვილი და მისი ადვოკატები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ ორი საქმე - საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის და „თანაინვესტირების ფონდის" ხელმძღვანელობის პერიოდში „მტკვარი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის.
ფორუმი