მამა-შვილი მიქაიები პოლიციელებმა დააკავეს თბილისში, საცხოვრებელი სახლიდან გამოსვლისას, დაახლოებით 16:20 საათზე.
როგორც მათი ოჯახის წევრი ნუცა კასრაძე ამბობს ფეისბუკზე პირდაპირ ჩართვაში, ავტომობილი კახა მიქაიას მთელი დღის განმავლობაში დარაჯობდა სახლთან, სახლიდან გასვლის შემდეგ კი გადმოვიდნენ და გააჩერეს.
იმ ეკიპაჟის წევრებს, რომლებმაც მიქაია გააჩერეს, სამოქალაქო ტანისამოსი აცვიათ და პოლიციის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ უკეთიათ.
ვიდეოში ჩანს, რომ რამდენიმე წუთში მოდის საპატრულო პოლიციის ავტომობილი, რომელშიც მიქაია პოლიციელების მოთხოვნით ჯდება - მას, სავარაუდოდ, სასამართლოში გადაიყვანენ.
მცირე ხნით ადრე დააკავეს მისი ვაჟი, კონსტანტინე (კოკო) მიქაია, რის შემდეგაც კახა მიქაიამ თქვა:
„ჩვენ უკვე ოჯახით ვიბრძვით რუსული დიქტატურის წინააღმდეგ, ბიძინა რუსის წინააღმდეგ და ეს ბრძოლა გაგრძელდება. ამით ბიძინა ვერც მე შემაშინებს, ვერც, პირველ რიგში, კოკოს, ვერც ჩემ შვილებს და ვერც ქართულ საზოგადოებას“.
კახა მიქაია დაკავებულია, სავარაუდოდ, აქციაზე გზის გადაკეტვის ან სახის დაფარვის საფუძვლით, - რაც რამდენიმე დღეა, აკრძალულია. მისი ვაჟი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი მორიგი პაკეტის მიღების შედეგ გამკაცრებული კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო.
მას შემდეგ ყოველდღე აკავებენ მოქალაქეებს გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის გამო.
დაკავებულთა ნაწილს უკვე შეუფარდეს რამდენიმედღიანი პატიმრობა.
მათ შორის არიან ტელეკომპანია „ფორმულის“ ტელეწამყვანი ვახო სანაია და ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი.
დღეს, 21 ოქტომბერს, დააკავეს ასევე მოქალაქეები ბექა ქურხული და ბორის კუცია, ასევე - ცირა ჟვანია.
- კახა მიქაია 2011 წლიდან იყო „ქართული ოცნების“ წევრი, იყო პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრიც.
- ის ასევე იყო მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი; მოძრაობა ენმ-თან იყო დაპირისპირებული;
- მოგვიანებით, 2019 წელს, როდესაც „დაიცავი საქართველო“ გამოვიდა როგორც ენმ-ის, ისე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, კახა მიქაია კვლავ იყო მოძრაობის წევრი;
- ამის შემდეგ მოძრაობის ნაწილმა გააგრძელა ოპოზიციური საქმიანობა (ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე), ნაწილი კი კვლავ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად დარჩა („უცნობი“ გიორგი გაჩეჩილაძე, ვატო შაქარიშვილი).
ფორუმი