ევროკავშირმა ვეღარ შეძლო ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების დაცვის გაკონტროლების შესახებ. ამას გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ARD და გამოცემა Süddeutsche Zeitung-ი იუწყებიან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფიდენციალურ ანგარიშზე დაყრდნობით.
ანგარიში ეხება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომას, რომელიც 20 მაისს ბრიუსელში გაიმართა.
გერმანული მედიასაშუალებების მიერ დღეს, 27 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანი და სადაზვერვო ცენტრის ხელმძღვანელი დანიელ მარკიჩი. ო’სალივანმა განაცხადა, რომ ამერიკულ მხარესთან შეწყდა სანქციებისთვის თავის არიდებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ყველა არხი.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშში, რომელსაც მედიასაშუალებები გაეცნენ, ნათქვამია, რომ ევროკავშირს აღარ უნდა ჰქონდეს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებისთვის გვერდის ავლასთან ბრძოლაში ვაშინგტონის დახმარების იმედი და ამ საკითხში ევროკავშირის და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობა აღარ მიმდინარეობს.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთისთვის სანქციების დაწესება ჯერ კიდევ 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის გამო დაიწყეს და მნიშვნელოვნად გააძლიერეს 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
სანქციები ემუქრებათ იმ ქვეყნების იურიდიულ და ფიზიკურ პირებსაც, რომლებიც რუსეთს შეზღუდვებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.
ფორუმი