Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის ჯარების მორიგ შეტევას


რუსული დრონებით შეტევის შედეგად განადგურებული საწარმო ხარკოვის ოლქში. 2025 წლის 28 მაისი
რუსული დრონებით შეტევის შედეგად განადგურებული საწარმო ხარკოვის ოლქში. 2025 წლის 28 მაისი

რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინის რეგიონებზე მიიტანეს მორიგი შეტევა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დღეს, 28 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მასირებული შეტევა იყო ხარკოვის ოლქზე, სადაც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და შვიდი დაიჭრა.

ხარკოვის ოლქში დრონებით ათამდე დარტყმა იყო სახლებსა და სამოქალაქო საწარმოზე, სადაც ხანძრები გაჩნდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამი ადამიანი დაიჭრა კიროვოგრადის ოლქში, სადაც შეტევა იყო ერთ-ერთ საწარმოზე. შენობა ხანძარმა მოიცვა. უკრაინის ამ ოლქში დაზიანებულია 76 კერძო და ერთი 9-სართულიანი სახლი.

დრონებით შეტევა იყო ნიკოლაევის ოლქზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა 7 წლის გოგო. დაზიანებულია სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები.

უკრაინის რკინიგზის ცნობით, ხარკოვის, სუმის და დონეცკის ოლქებში რუსული დრონებით თავდასხმა იყო სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე. დაზიანებულია ლიანდაგები, ელექტრომატარებელი და ერთ-ერთი სადგურის შენობა. თანამშრომლები და მგზავრები არ დაშავებულან.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა გამოიყენეს 5 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“, 1 მართვადი საავიაციო რაკეტა და 88 დამრტყმელი დრონი და სხვადასხვა სახის უპილოტო-იმიტატორები.

სარდლობის თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ რაიონებში გააუვნებელყვეს 71 დამრტყმელი დრონი, სხვა სახეობების კიდევ 34 უპილოტო საფრენი აპარატი კი საცეცხლე საშუალებებით ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის საშუალებები რვა ადგილს მოხვდა. კონკრეტულ რაიონებს სარდლობა არ ასახელებს.




ფორუმი

XS
SM
MD
LG