„ჰრაპარაკის“ თანახმად, პარლამენტში მმართველი ფრაქციის წევრთა „უმრავლესობა“ არ ეთანხმება „ეკლესიის წინააღმდეგ“ გადაგმულ ნაბიჯებს, თუმცა „ვერ ბედავს ამაზე ხმამაღლა საუბარს“.
ამასთან, გამოცემა რამდენიმე დეპუტატთან - რომელთა ვინაობასა და რაოდენობას არ ასახელებს, - საუბრის შემდეგ წერს, რომ ფაშინიანმა თავისი მიდგომების „გამართლების მიზნით“ გუნდის წევრებს განუცხადა, რომ ეკლესიას - ეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანსა და ახლა უკვე ეჯმიაწინს (ეჩმიაძინს) - მთავრობასთან დაპირისპირების დავალება რუსეთისგან აქვთ მიღებული.
გარეგინ მეორე, - ყოველთა სომეხთა 132-ე კათოლიკოსი, რომელიც 1999 წლიდან უდგას ეჩმიაძინში სომხურ სამოციქულო ეკლესიას სათავეში - ნიკოლ ფაშინიანის მთავრობასთან დაპირისპირებულია.
უთანხმოება, რომელიც 2020 წლიდან დაიწყო, დროთა განმავლობაში გაღრმავდა.
- გარეგინ მეორე 2020 წლის დეკემბრის შემდეგ ითხოვს ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას;
- ფაშინიანის მთავრობა, თავის მხრივ, პატრიარქს პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს და ამის გამო საყვედურობს;
- გარეგინ მეორის წინამძღოლობით, სომხეთის სამოციქულო ეკლესია ეწინააღმდეგება ფაშინიანის მთავრობის არაერთ ინიციატივას, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებს, გერბიდან არარატის მთის გაქრობას და ა.შ.
დაპირისპირება ახლახან, 29 მაისს გამწვავდა, როდესაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ეკლესიები უსარგებლო ნივთების საკუჭნაოს შეადარა.
მას შემდეგ ფაშინიანი სასულიერო პირებს სოციალურ ქსელებში ყოველდღე უძღვნის კრიტიკულ პოსტებს; კრიტიკულია მისი მეუღლე ანნა ჰაკობიანიც, რომელმაც სასულიერო პირებს პედოფილები და „მაფიოზები“ უწოდა.
„თუ აღმოჩნდება, რომ გარეგინ II-მ მართლაც დაარღვია უქორწინებლობის აღთქმა და შვილი ჰყავს, ის ვერ იქნება ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი… შეუძლებელია პატრიარქ-კათოლიკოსს ჰქონდეს ასეთი პირადი ცხოვრება“, - აცხადებს ფაშინიანი.
ფორუმი